Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 774-ე გამოშვება.


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ ერეკლე მეორის საზოგადოების ერთ ინიციატივაზე; შემოგთავაზებთ სიუჟეტს საქართველოში ოჯახური ძალადობის პრობლემებზე; მოგითხრობთ ერთ დისკუსიაზე, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, არის თუ არა რეფერენდუმის სტრატეგია პოლიტიკური ალტერნატივა.
ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი “მეათე სტუდიის” დღევანდელ გამოშვებაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


შესაძლებელია თუ არა „ერეკლეს გზის“ ხელახლა გავლა?

ბიძინა რამიშვილი:
გასული წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი თვის თავზე თბილისში დაფუძნდა ერეკლე მეორის საზოგადოება, რომლის გაცხადებული მიზანი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაა. საზოგადოებამ სულ ახლახან გამოსცა და უფასოდ გაავრცელა ორენოვანი გაზეთი „ერეკლეს გზა“. გაზეთის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ დასახელება სიმბოლურია და ასახავს საზოგადოების მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებას ჩრდილოთის მიმართულებით. უფრო მეტს ერეკლეს გზისა და მისი ხელახლა გავლის შესაძლებლობის შესახებ ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხ. აუდიოვერსია.



ოჯახური ძალადობა კვლავ პრობლემად რჩება

ბიძინა რამიშვილი:
კანონი ძალადობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ მიიღო, თუმცა მასში არსებულ ხარვეზებზე საკანონმდებლო ორგანო დღემდე მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლთა 80% საქართველოში ქალია, ხოლო, საპატრულო პოლიციის მონაცემებით, ყოველი მესამე, მეოთხე სატელეფონო ზარი სწორედ ოჯახური ძალადობის შემთხვევასთანაა დაკავშირებული. ეკა ქევანიშვილი მოგითხრობთ.


ეკა ქევანიშვილი:
გაზაფხულის პირველი კვირა საქართველოში ქალებს ეკუთვნით: ჯერ 3 მარტს - დედის დღეს - აღნიშნავენ, შემდეგ 8 მარტს - ზოგადად ქალთა დღეს. ყვავილების გამყიდველებმა იციან, რომ სარფიანი კვირა იქნება. ამ დღეებში ქალებს ყვავილებს აჩუქებენ, მაგრამ რა იქნება შემდეგ, როდესაც დღესასწაული დასრულდება? ეს კითხვა ახლა იმიტომ დავსვით, რომ საქართველო არ ჩამორჩება მსოფლიოს ქვეყნებს ოჯახური, კერძოდ კი, ქალებზე ძალადობის აქტუალობით. ის მხოლოდ იმ ღონისძიებების ნაკლებობითა და სტრუქტურების არარსებობით შეიძლება იყოს ბოლო ადგილზე, რამაც, წესით, ადამიანი ოჯახური ძალადობისგან უნდა დაიცვას - ეს აზრი ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელს რუსუდან ფხაკაძეს ეკუთვნის. ის გვეუბნება, რომ მარტო კანონის ქმედითობა ამ პრობლემას საქართველოში ვერ მოაგვარებს.ბარიერი, რომლის დასანგრევად უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი, ქართული მენტალიტეტია:

[რუსუდან ფხაკაძე] ”მხოლოდ კანონი არაფერს აკეთებს, როდესაც არ არის დამცავი სტრუქტურები. არც თავშესაფარია ყველაზე აუცილებელი სტრუქტურა. მთავარი არის ჩვენი მენტალიტეტი. სწორედ მენტალიტეტის გამოა, რომ მოძალადეებიც თავისუფლად იქცევიან და ძალადობის მსხვერპლნიც საშუალებას აძლევენ მათ, რომ ასე მოიქცნენ.”(სტილი დაცულია)


ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ ”საფარის” ხელმძღვანელის, ნატო ზაზაშვილის, შეფასებაც ცალსახაა:

[ნატო ზაზაშვილი] ”საქართველოს საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულია ძალადობის მიმართ.”

ტოლერანტობაში კი იგულისხმება მიდგომა: რა მოხდა, დამნაშავე, ალბათ, მაინც ქალი იქნება. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში ქალებს უყვართ კიდეც მოძალადე ქმრები და ხშირად ძალადობას - არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ ფსიქოლოგიურსაც - წლები ითმენენ.

[რუსუდან ფხაკაძე] ”ცოლი ითმენს, ითმენს, ჰგონია, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან ასე უთხრა დედამ, ბებიამ და ა.შ. ქმარი კიდევ ამყარებს წესრიგს და დისციპლინას სახლში, ბავშვებზეც, მათ შორის, და ფსიქოლოგიურად ეს არის ძალიან მძიმე ფსიქოტრავმები, რის შედეგადაც მომავალი თაობა ფსიქიკურად ზიანდება და საკმაოდ მძიმე ფორმის ადამიანებს ვიღებთ მომავალში.” (სტილი დაცულია)


რა გამხდარი ხარ, რა! როგორ გასუქდი! სარკეში ჩაიხედე, დედაშენის შვილი აბა რა იქნები! - ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების უმრავლესობისათვის ეს ფრაზები ძალიან ნაცნობია.

თუმცა ამბები, რომლებიც ხშირად საზოგადოებაში მიღებულ, ე.წ. თითით საჩვენებელ ოჯახებში ხდება, გაცილებით მძიმე მოსასმენია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე განსაკუთრებული გულისტკივილით იხსენებს ერთ შემთხვევას. ოჯახმა, რომელსაც საკუთარი ქალიშვილის შველა შეეძლო, რეპუტაციის შელახვას ამჯობინა შვილი მოძალადე ქმართან დაებრუნებინა. არის თუ არა ეს ძალადობა, თავად განსაჯეთ. ნატო შავლაყაძე მოგვითხრობს, როგორ ექცეოდა ქმარი ამ ქალბატონს:


[ნატო შავლაყაძე] ”კაცი ფულს აძლევდა ან აცმევდა ცოლს მაშინ, როდესაც მიდიოდნენ ან ქორწილში, ან დაკრძალვაზე. თუ სამსახურიდან ოდნავ მაინც შეაგვიანდებოდა, საკუთარ ვაჟებს აჩვენებდა, როგორ უნდა მოექცნენ ისინი საკუთარ ურჩ ცოლებს. მათ თვალწინ სცემდა, ახევდა ტანსაცმელს.
ჩვენთან ეს ქალბატონი იყო ოთხჯერ მოსული, მაგრამ არც ერთი წინა მოსვლა მას არ ახსოვდა, რადგან ეს კაცი თავში გამეტებით ურტყამდა ხოლმე. აიძულებდა ყველაფრის კეთებას. ანუ ეს ქალბატონი იყო ყველა სახის ძალადობის მსხვერპლი - ფიზიკურის, სექსუალურის, ეკონომიურის..” (სტილი დაცულია)


ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ქალმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა და ისევ ოჯახში დაბრუნდა.

”საფარის” ხელმძღვანელი ნატო ზაზაშვილი გვეუბნება, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო ხშირი და, რაც მთავარია, ტაბუირებულია რეგიონებში, სოფლებში. ის, რომ ქალს სოფელში ხშირად საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია, აიძულებს მას მთელი ცხოვრება ძალადობის ქვეშ იცხოვროს და შვილებიც ამ გარემოში გაზარდოს.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ნატო ზაზაშვილი იხსენებს, ეხება მრავალშვილიან დედას, რომელიც ქმარს სოფლიდან გამოექცა.

[ნატო ზაზაშვილი] ”ჩვენ გვყავს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, მრავალშვილიანი დედა. რეგიონიდან იყო ჩამოსული. ის, ფაქტობრივად, გაექცა თავის მოძალადე ქმარს, იმიტომ რომ ის ძალადობდა არა მხოლოდ ქალზე, არამედ ბავშვებზეც. მაგალითად, ერთხელ ერთი თვის ბავშვი მოისროლა და კედელს მიანარცხა. მართალია, ბავშვი გადარჩა, მაგრამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.” (სტილი დაცულია)

ნატო ზაზაშვილი გვიხსნის, რომ როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედას ზამთარში ბოსელში აბამენ ან შეშით უსწორდებიან, მას უყალიბდება წარმოდგენა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ასე ხდება მთელ დედამიწაზე. სად ხვდებიან ასეთი ბავშვები?

[ნატო შავლაყაძე] ”რომ მიაკითხოთ ბავშვთა კოლონიას, ნახავთ, რომ უმეტესობა, 90%, სწორედ ასეთი ოჯახების შვილები არიან.”

საბოლოო სურათი ასეთია: ბავშვები, რომელთაც ძალადობის ყურება ყოველდღე არ სურთ, ქუჩაში გადიან. არც მოძალადეები არიან უკეთეს დღეში - აგრესიის გამოვლენის მერეც კი. ქალების უმრავლესობა კი დაუსრულებლად ითმენს. სახლის ან ”საფარის” მსგავს ცენტრებს ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე, როდესაც მოთმენა შეუძლებელი ხდება, ძალადობა კი - დაუსრულებელი.

[რუსუდან ფხაკაძე] ”ქალები მოდიან ძალიან შეწუხებულები, მაგრამ ხანდახან მათ არც კი იციან, რითი არიან შეწუხებულები. ამბობენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მოძალადე ქმარი მაინც არ გამოსწორდა. ჩვენთან ხდება ის, რომ ვარქმევთ მოვლენებს სახელებს.” (სტილი დაცულია)

სახელის დარქმევა კი იმას ნიშნავს, გვეუბნება რუსუდან ფხაკაძე, რომ ქალმა იცოდეს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და რომ მოთმენა, ოთახში ჩაკეტვა და ტირილი გამოსავალი არ არის.


პარლამენტის წევრი რუსუდან კერვალიშვილი გვეუბნება, რომ კანონზე ძალადობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო:

[რუსუდან კერვალიშვილი] ”საკანონმდებლო ბაზა დახვეწილი ნამდვილად არ არის. მე მიხარია, რომ საერთოდ არის კანონი ძალადობის შესახებ მიღებული, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ მასში ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ფსიქოლოგებს კერვალიშვილიც ეთანხმება და ამბობს, რომ დაფასებული და აღმატებული ქალის ხატი საქართველოში მხოლოდ კულტურას შემორჩა, რეალური სურათი კი მძიმეა და რაც შეიძლება მალე შესაცვლელი. ამას, პირველ რიგში, თავად ქალები უნდა მიხვდნენ.



არის თუ არა რეფერენდუმის სტრატეგია პოლიტიკური ალტერნატივა?

ბიძინა რამიშვილი:
არის თუ არა რეფერენდუმის სტრატეგია პოლიტიკური ალტერნატივა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდათ 4 მარტს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილეებს, პირველ რიგში მომხსენებლებს - პოლიტოლოგ გია ნოდიასა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. გიორგი გვახარიას მოუსმინეთ.

გიორგი გვახარია:
ამ კვირაში ამოიწურა ვადა ულტიმატუმისა, რომელიც რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას წაუყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის”. სწორედ მისი ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ცდილობდა აეხსნა ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოებისათვის, რამ განაპირობა რეფერენდუმის მოთხოვნა და რატომ გააღიზიანა საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნამ...უსუფაშვილის აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებას დღეს ქუჩის აქციებზე მეტად რეფერენდუმის ეშინია

[დავით უსუფაშვილის ხმა]29.00.23 რეფერენდუმი ის გზაა, როცა ხალხს ეძლევა სიტყვა.ამ ნაწილში ხელისუფლებს უჭირს, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ ქვეყანაში შიდა ვითარება ის არ არის, რაც იყო თუნდაც ერთი წლის წინ... 2.30 საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობაც სხვანაირია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველას თავი ჰქონდა ჩარგული და ასე ფიქრობდა, ვაიმე, სააკაშვილმა თუ წააგო, რა იქნება ამ ქვეყანაში

დავით უსუფაშვილის მტკიცებით დღეს დასავლეთი უკვე განსხვავებულად აფასებს სააკაშვილის ხელისუფლებას... თუმცა დასავლეთი რადიკალიზმს არც დღეს უჭერს მხარს. პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, სწორედ ამის გამოა იძულებული ”ალიანსი საქართველოსთვის” გაითვალისწინოს ორი მრევლის, ორი ბატონის მოთხოვნები ერთროულად

[გია ნოდიას ხმა]26.3.45 ”ამ ოპოზიციას ჰყავს ორი მრევლი, ორი ბატონი - ესაა დასავლეთი და ქართული საზოგადოება. ირაკლი ალასანია არის ახალი მოთამაშე და მის პოლიტიკურ გუნდში რამდენიმე დიპლომატია, რომლებმაც ბოლო წლები დასავლეთში გაატარეს...”

გია ნოდიას თქმით, ეს დიპლომატები თვლიან, რომ 2007 წლის ნოემბრისა და შარშანდელი ომის შემდეგ დასავლეთში დაეცა სააკაშვილის რეპუტაცია და დასავლეთს სურს ახალი ლიდერი...მაგრამ მათ იციან ისიც, თუ რაოდენ დაბალია დასავლელი ექსპერტების წარმოდგენა ქართულ ოპოზიციაზე, იციან, რომ ასეთ ოპოზიციას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს...გია ნოდიას თქმით, დასავლეთში არსებობს მოთხოვნილება უფრო რესპექტაბელურ ოპოზიციაზე. მაგრამ ეს ოპოზიცია ხომ საქართველოშიც უნდა აღიარონ ოპოზიციად... ეს ორი ქმედების წესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან ჩვენში ისევ რადიკალიზმის კულტურაა დამკვიდრებული

[გია ნოდიას ხმა]26..12.20 ”2003 წლის ნოემბერში ძველ რეჟიმს აღარ ჰქონდა მხარდაჭერა, ხალხი ბათუმიდან ჩამოიყვანეს...რევოლუციას ხალხის გათიშვა არ გამოუწვევია. დღეს არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას ვერ იტანს, მაგრამ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აძაგძაგებს ოპოზიციაზეც”

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების გადაყენება სამოქალაქო ომის საშიშროებას ქმნის.
ამიტომ რეფერენდუმი კონსტიტუციონალიზმის ლოგიკას ეწინააღმდეგება

[გია ნოდიას ხმა]26.16.00 ”პრეზიდენტი ბუში არაპოპულარული იყო ბოლოს, მიზეზი მისი არაპოპულარობისა იყო ომი, რომელსაც ცუდად აწარმოებდა, იქაც იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, მრცხვენია, რომ ბუშია ჩემიო პრეზიდენტიო, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად, რომ რეფერენდუმცავატაროთ, რათა ბუში გადავაუენოთ”

გია ნოდია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება 2006 წელს ის რადიკალურად მოქმედებდა და ნაკლებად აინტერესებდა რა მოსწონდა ხალხს და რა არა...ახლა ხელისუფლება მეორე უკიდურესობაშია და ეშინია არაპოპულარული ქმედებების...თუმცა დავით უსუფაშვილის თქმით, პოპულიზმი და სოციალურ საკითხებზე აქცენტის გადატანა სააკაშვილის ხელისუფლებას დღეს ვეღარ უშველის. რესპუბლიკელების ლიდერი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციური მექანიზმია და თავმოყვარე ხელისუფლება რეფერენდუმის მოთხოვნამდე საქმეს არ მიიყვანდა - უბრალოდ, გადადგებოდა.


[დავით უსუფაშვილის ხმა]30.2.05 ”ჩვენ დრო არ გვაქვს - სააკაშვილს ვურჩევთ, ვთავაზობთ თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება...ამ შემთხვევაში ინიციატივაც არ გაუშვას ხელიდან, რადგან მე არ ვარ მოწადინებული ამ ქვეყანაში ვხედავდე 4 და 6 პროცენტიან პრეზიდენტებს, დაძაბუნებულებს..ორი მიზეზის გამო -ასეთ დროს ქვეყანა ვეღარ იმართება და მეორე მიზეზი ისაა, რომ ასეთ დროს კუთხეში მიყვანილი ხელისუფლება ძალიან სახიფათოა”.



როგორ აისახება სტალინისადმი დამოკიდებულება რუსეთის კულტურაში

ბიძინა რამიშვილი:
ჩვენს ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ბრიტანელი ისტორიკოსის ნაშრომზე, რომელიც სტალინურ რეპრესიებს ასახავს და რომლის გამოქვეყნებაზეც რუსეთში უარი თქვეს (არადა, რუსული ტექსტი გამოსაცემად უკვე მზად იყო). რუსეთის კინოეკრანებზე არ აჩვენებენ გახმაურებულ პოლონურ ფილმ “კატინს” (ისიც სტალინის ეპოქის მრავალრიცხოვან მსხვერპლზე მოგვითხრობს). რაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს ფაქტები? ეკონომიკური კრიზისის გამო ისტორიული მოვლენებისადმი ინტერესის განელებაზე თუ რუსეთის ხელისუფალთა მცდელობაზე, ხელი შეუშალონ სტალინური რეპრესიების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას? მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

იხ. აუდიოვერსია.


ჩეჩნეთის პრეზიდენტს YouTube-ში ადანაშაულებენ საზღვარგარეთ მკვლელობების დაკვეთაში

ბიძინა რამიშვილი:
ვიდეოფაილების გამოსაქვეყნებულ ყველაზე ცნობილ ვებსაიტზე, YouTube-ზე ამ კვირაში დადეს ჩანაწერი, რომელშიც ახალგაზრდა კაცი, ჩეჩენი რუსლან ხალიდოვი ყვება, როგორ დაავალეს ერთ-ერთი თანამემამულის, ნორვეგიაში ემიგრირებული მაგომედ ოჩერჰაჯის მოკვლა. ეს დავალება მას თვით ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვისაგან მიუღია. მართალია, ხალიდოვის ბრალდება სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ - ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, მაგრამ მის სიტყვებს დამაჯერებლობას ჰმატებს ბოლოდროინდელი მკვლელობები, რომლებმაც თურქეთსა და ავსტრიაში შეიწირა ჩეჩენი ემიგრანტების სიცოცხლე. YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის მოკლე ნაწყვეტის შემდეგ, თხრობას მარიამ ჭიაურელი განაგრძობს.
[ხალიდოვის მონათხრობის ნაწყვეტი]


მარიამ ჭიაურელი:
ვიდეოჩანაწერში რუსლან ხალიდოვი ყვება, რა დავალება მიიღო (ნორვეგიაში ჩეჩენი ემიგრანტების ლიდერის, მაგომედ ოჩერჰაჯის მოკვლა) და როგორ:
[ხალიდოვის ხმა] “მაწამეს, სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. გააკეთეს ისეთი რაღაცეებიც, რასაც სირცხვილით ვერ მოვყვები.”

ხალიდოვი, მისივე თქმით, მაინც ვერ დაიყოლიეს ოჩერჰაჯის მკვლელობაზე, წამებისა და შანტაჟის მიუხედავად: [ხალიდოვის ხმა] “მაშანტაჟებდნენ ვიდეოჩანაწერით, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. მეუბნებოდნენ, რომ თუ დავალებას არ შევასრულებდი, ინტერნეტში გამოაქვეყნებდნენ ამ ვიდეოს”.

2,5 წუთიანი ვიდეოფაილი, რომელიც რუსლან ხალიდოვის ჩვენებას ასახავს, YouTube-ზე გამოქვეყნდა რადიკალი ჩეჩნების ვებსაიტის მიერ - kavkazcenter.com. მასზე გაეცნობით ინფორმაციასაც, რომ ჩაწერილია ხალიდოვის უფრო ვრცელი აღიარება - სად და როდის, ნათქვამი არ არის.

ასეა თუ ისე, ინფორმაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თავდასხმების გამო, რომლებიც თურქეთსა და ავსტრიაში მოეწყო ჩეჩენ იმიგრანტებზე. თურქეთში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სამი ჩეჩენი მოკლეს, ყოფილი მეამბოხეები, ვენაში კი ორი თვის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს უმარ ისრაილოვი, ჩეჩენი ემიგრანტი, რომელსაც პრეზიდენტ კადიროვის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდა შეტანილი საერთაშორისო სასამართლოში -ის ჩეჩენ ლიდერს წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებდა. კადიროვი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მაგრამ რუსლან ხალიდოვს დავუბრუნდეთ. YouTube-ზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში ის აცხადებს, რომ შაა ტურლაევის დისშვილია - ლაპარაკია კაცზე, რომელიც ადრე სეპარატისტების ყოფილი ლიდერის, 2005 წელს მოკლული ასლან მასხადოვის მცველი იყო, მაგრამ მოგვიანებით პრო-მოსკოვურ ბანაკს შეუერთდა. ახლა ტურლაევს, როგორც ხალიდოვი ირწმუნება, შინა აქვს ციხე, რომელშიც ადამიანებს აწამებენ.

[ხალიდოვის ხმა] “შაა ტურლაევი - ბიძაჩემია დედის მხრიდან. სახლში აქვს კერძო ციხე, რომელშიც ბრძოლებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილებს აწამებენ. ამ მებრძოლების მამები, დედები, დები და ძმებიც იქ ჰყავთ, იმათაც აწამებენ”.

ხალიდოვი ირწმუნება აგრეთვე, რომ ტურლაევი ხელმძღვანელობს პროფესიონალი მკვლელების ჯგუფს, რომელიც კადიროვმა ჩამოაყალიბა უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით. ტურლაევის გუნდის ამოცანაა ემიგრირებული ჩეჩნების ლიკვიდაცია.

შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ყველაფერი, რასაც რუსლან ხალიდოვი ამბობს, ცნობილი არ არის, მაგრამ ინფორმაციის ნაწილი მაინც სწორი ჩანს. როგორც ჩვენმა რადიომ მაგომედ ოჩერჰაჯისაგან - ნორვეგიაში ჩეჩნების სათვისტომოს ხელმძღვანელისაგან შეიტყო, ის პირადად ხალიდოვს გაუფრთხილებია, რომ მოკვლას უპირებენ:

[ოჩერჰაჯის ხმა] “ მე მივედი ხალიდოვთან დასალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც მომაწოდა ცნობა, რომ კადიროვს ჩემი მოკვლა უნდა. რასაკვირველია, გაოგნებული დავრჩი. მითხრა, რომ კადიროვი და მისი ხალხი სახიფათოდ მიმიჩნევენ. მითხრა, რომ ჩემს გამო - ნორვეგიაში ჩასვლის ეშინიათ”, უთხრა ოჩერჰაჯიმ ჩვენი რადიოს ჩრდილო-კავკასიურ სამსახურს.

ოჩერჰაჯის მოკვლის გარდა, ხალიდოვს, მისივე თქმით, ევალებოდა ნორვეგიის ხელისუფლებთან კონტაქტის დამყარება და მისთვის დეზინფორმაციის მიწოდება ნორვეგიაში მყოფ ჩეჩნებზე.

რამდენად რეალურია საფრთხე, ჩეჩენ ემიგრანტებს რომ ემუქრება, ჩანს პუბლიკაციითაც, რომელიც ამასწინათ გამოაქვეყნა გერმანიის ყოველკვირეულმა გამოცემა “ფოკუსმა”. მასში როგორც ვკითხულობთ, გერმანიის ხელისუფლებაში განიხილავენ ინფორმაციას, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ ჩეჩნებზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შესაძლო თავდასხმებზე მიუთითებს.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა.
XS
SM
MD
LG