Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას კრიზისული პროგრამის ერთ-ერთი ასპექტი უკმაყოფილებას იწვევს


შეერთებული შტატების საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ამერიკის მსხვილმა სადაზღვევო კომპანიამ,

რომელიც საზოგადოებრივი თანხებით იქნა გადარჩენილი, ამ თანხებიდან თავის ხელმძღვანელებს მილიონობით დოლარის ოდენობის პრემიები გადაუხადა. "ამერიკენ იმტერნეიშნელ გრუპმა", შემოკლებით "ეი-აი-ჯი"-მ 170 მილიარდი დოლარი მიიღო ფედერალური დახმარების სახით. ახლა კი კომპანია აცხადებს, რომ ის კანონის ძალით ვალდებული იყო, 165 მილიონი დოლარის პრემიები გადაეხადა თავისი მმართველებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ კომპანიაში, როცა ის კოლაფსის პირას აღმოჩნდა.

ამ სკანდალისა და ობამას ეკონომიკური გაახლების პაკეტზე მისი გავლენის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

პრეზიდენტმა ობამამ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პრემიების გადახდის ფაქტს "აღმაშფოთებელი" უწოდა და თქვა, რომ AIG საკუთარი მიზეზის გამო აღმოჩნდა ფინანსურ გასაჭირში.

მისი თქმით, საქმე ეხება არა იმდენად ფულს, რამდენადაც ფუნდამენტურ ღირებულებებს - როგორ შეიძლება ამერიკელ გადასახადების გადამხდელს ეთხოვოს, დაეხმაროს კომპანიას, რომელის ასე იქცევა?

[ობამას ხმა] "ეს კომპანია ფინანსურ გასაჭირში აღმოჩნდა უპასუხისმგებლობისა და სიბრიყვის გამო. ამ პირობებში გაუგებარია, როგორ აძლევდნენ AIG-ში დერივატებით მოვაჭრეებს პრემიების გარანტიას., კიდევ უფრო გაუგებარია თანხა - 165 მილიონი დოლარი. როგორ გაიმართლებენ ისინი თავს გადასახადების გადამხდელთა წინაშე, რომლებიც კომპანიას ჩაძირვისგან იხსნიან?"

ობამას თქვა, რომ ის ესაუბრა ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გეითნერს და განკარგულება გასცა, შეისწავლოს, არსებოს თუ არა რაიმე საშუალება, უკან იქნეს დაბრუნებული უკვე გადახდილი პრემიები.

[ობამას ხმა] "უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე AIG-მ სერიოზული თანხები მიიღო შერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსგან. მე ვთხოვე მინისტრ გეითნერს, გამოიყენოს ეს ბერკეტი და ყველა იურიდიულ საშუალებას მიმართოს ამ პრემიების ბლოკირებისთვის."

ობამამ აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ინსტრუმენტების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ გადასახადების გადამხდელი კვლავ არ ჩავარდეს ასეთ ვითარებაში. პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მარეგულირებელი სტრუქტურები ერთობ სუსტია და მათ გასაძლიერებლად კონგრესთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

როგორც ობამას მაღალი რანგის მრჩეველმა დევიდ აქსელროდმა განუცხადა ასოშიეიტედ პრესს, ეჭვგარეშეა, რომ პრემიების თაობაზე საზოგადოების განრისხებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ადმინისტრაციის მცდელობას, რეცესიიდან გამოიყვანოს ეკონომიკა.

აქსელროდის თქმით, რიგითი მოქალაქეების განრისხება გასაგებია. ისინი კორპორაციების უპასუხისმგებლობის უამრავი მაგალითის მომსწრე გამხდარან, როცა ხალხი ფულით დატენილი ჯიბეებით აღწევს თავს პასუხისმგებლობას.

კომპანიების გადარჩენის ფედერალური პროგრამა არ არის პოპულარული ამერიკელ ამომრჩეველთა შორის, ვინაიდან მთავრობამ უკვე ასობით მილიარდი დოლარი დაახარჯა გასაჭირში ჩავარდნილ ბანკებსა და დიდ კორპორაციებს. მაშინ, როცა რიგით ამერიკელს ბინისთვის აღებული სესხის გადახდა უჭირს ანდა უმუშევარადაა დარჩენილი. რაც შეეხება AIG-ს, მან უკვე გადაყლაპა მთავრობისგან მიღებული 170 მილიარდი დოლარი და გადასარჩენად კიდევ მეტი სჭირდება.

AIG-ს ახალდანიშნული გენერალური დირექტორი, ედვარდ ლიდი ამბობს, რომ კომპანიას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მას უნდა გადაეხადა 2008 წლის კონტრაქტებით გათვალისწინებული პრემიები, ვინაიდან ეს კანონით იყო სავალდებულო. მაგრამ, გეითნერისთვის გაგზავნილ წერილში, ლიდი წერს, რომ 2009 წელს ეს პრაქტიკა აღარ განმეორდება.
მიუხედავად ამისა, აქსელროდი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა განგრძობს AIG-ზე ზეწოლას, რათა ნებაყოფლობით დააბრუნებინოს მის ხელმძღვანელობას აღებული პრემიები. მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

ერთ-ერთმა სენატორმა, ჩარლზ გრასლიმ AIG-ს მოუწოდა მისდიოს იაპონიის მაგალითს, სადაც მაღალი რანგის მენეჯერებმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიში და თანამდებობები დატოვეს. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა იაპონელმა ბიზნესმენმა თავიც კი მოიკლა.

როგორც სენატორის წარმომადგენელმა თქვა, გრასლი ამერიკელ მენეჯერებს თვითმკვლელობისკენ არ მოუწოდებს, მაგრამ მათ უნდა აღიარონ, რომ ვინც ასეთ ვითარებაში ხაზინიდან იღებს ფულს და მას მოგზაურობაზე ხარჯავს, უპასუხისმგებლოდ იქცევა.
XS
SM
MD
LG