Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცეულის სამიტი შეთანხმებით დასრულდა


ლონდონში ეკონომიკურად განვითარებული 20 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანონ - იმ კრიზისიდან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყველაზე მძიმე უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად სამიტის დაწყებამდე არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, 20 ქვეყნის ლიდერმა მაინც შეძლო საერთო ენის გამონახვა. მინდა გიამბოთ, რაზე შეთანხმდნენ ოცეულის სამიტზე და რაზე ვერა.

ლონდონის ოცეულის სამიტი და 1944 წელს ბრეიტონ-ვუდსის კონფერენცია ძალიან წააგავს ერთმანეთს. მაშინდელი გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედო თანამედროვე ფინანსურ სისტემას - საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიოს ბანკს.

ახლაც ოცეულის ლიდერები შეეცადნენ ძალისხმევის კონსოლიდირებას ეკონომიკური ვარდნის შესაკავებლად. ლონდონის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 1,1 ტრილიონ აშშ დოლარს გამოყოფენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსების გასაზრდელად. თავის მხრივ, ეს თანხა განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში დაეხმარება, შედეგად კი, მსოფლიოს ეკონომიკა გამოცოცხლდება.

დიდი ოცეულის ლიდერებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს იმ საკვანძო უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კრიზისის დაძლევის გზებთან დაკავშირებით აშშ-სა და გერმანია-საფრანგეთს შორის არსებობს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამიტის მსვლელობისას განაცხადა:

“მიზანია აგრეთვე საერთაშორისო ინსტიტუტების - განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური სტაბილურობის ფორუმის - გაძლიერება, მათთვის მეტი მხარდაჭერის გაწევა. და, რასაკვირველია, ამ კონფერენციაზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვევით ვთქვათ, - და ეს პრაქტიკულად განვახორციელოთ კიდეც, - რომ პროტექციონიზმი დაუშვებელია, რადგან ეს იქნებოდა ყველაზე მცდარი რეაქცია ამ ვითარებაზე.”

სამიტის დაწყებამდე ისე ჩანდა, რომ გერმანიის და განსაკუთრებით საფრანგეთის დაჟინებულ მოთხოვნას, არ იქნეს დაშვებული პროტექციონიზმი და გამკაცრდეს საფინანსო ოპერაციების კონტროლი, აშშ არ გაიზიარებდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამიტის დემონსტრაციულად დატოვებითაც კი იმუქრებოდა. თუმცა კი შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ ოცეულის ლიდერებმა ძირითად საკითხებში შეთანხმებას მიაღწიეს. მათ შორისაა შეთანხმება სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად დასახარჯი თანხების მოცულობის თაობაზე, რომელიც 1 წლის მანძილზე 5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს; ასევე შეთანხმება, რომ დიდი ფინანსური ფონდების რეგულირება უფრო მკაცრად განხორციელდეს, საბანკო ოპერაციები უფრო გამჭვირვალე გახდეს.

სამიტის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეაფასა:

”ეს არის საშუალება ახალი მსოფლიოს აშენებისა. ჩვენ ვიმყოფებით 21-ე საუკუნეში და ახლა დროა საფუძვლები ჩავუყაროთ რეგულირებას 21-ე საუკუნისთვის.”

ამ პოზიციის გამო ოცეულის სამიტის კომუნიკეს პროექტის ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ტექსტში კი სხვა შეთანხმებებთან ერთად ჩაიწერა, რომ მკაცრ ზომებს გაატარებენ ეგრეთ წოდებული საგადასახადო ოაზისების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ ინფორმაციის გაცვლაზე.

სამიტის მასპინძელმა გორდონ ბრაუნმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ ბანკების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდება და რომ დღეიდან ახალი საფინანსო ერა დაიწყო:

”ვფიქრობ, ახალი მსოფლიო წესრიგი ფუძნდება საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ პროგრესულ ერაში. გადავწყვიტეთ, დღეიდან ერთობლივად ვმართოთ გლობალიზაციის პროცესი, რათა ყველას ჰქონდეს პასუხისმგებლობა. და მოვილაპარაკეთ, რომ ავაშენებთ უფრო მდგრად და უფრო ღია და უფრო სამართლიან მსოფლიო თანამეგობრობას.”

ლონდონის გადაწყვეტილებებს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ლონდონში შეკრებილმა ანტიგლობალისტებმა პოლიციასთან შეტაკებებით გააპროტესტეს ოცეულის მონაწილეთა შეთანხმებები.

საფინანსო ბირჟები კი პოზიტიურად გამოეხმაურნენ ლონდონის გადაწყვეტილებებს. გაიზარდა დოუჯონსის ინდექსი და ლონდონის ბირჟაზეც 4 პროცენტიანი ზრდა აღინიშნა.
XS
SM
MD
LG