Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი წყვეტს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობას


დმიტრი როგოზინი, რუსეთის ელჩი ნატოში
დმიტრი როგოზინი, რუსეთის ელჩი ნატოში

რუსეთი ნატოსთან სამხედრო დონეზე ურთიერთობების გაწყვეტას აპირებს, თუკი ალიანსი არ გააუქმებს საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას.

ამის შესახებ რუსეთის ტელეარხ "ვესტი 24"-ს უთხრა ნატოში რუსეთის ელჩმა დმიტრი როგორზინმა. მისი სიტყვებით, აღარ შედგება რუსეთისა და ნატოს გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, გაიმართება 29 აპრილისთვის დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა ელჩების დონეზე.

როგოზინმა აღნიშნა, რომ "როგორც რუსეთის, ისე საქართველოსა და საერთოდ მშვიდობის საქმის თვალსაზრისით, ასეთი სამხედრო თამაშები აშკარად პროვოკაციული ხასიათისაა." მისი თქმით, აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ომსაც ნატოს სწავლებები უძღოდა წინ. "ვითარება ახლაც ასი პროცენტით მეორდებაო", დასძინა როგოზინმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სწავლების გამართვა საფრთხეს წარმოადგენს და ხელს არ შეუწყობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების განვითარებას.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამმა ქვეყანამ - ყაზახეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ - გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს ვაზიანის სამხედრო სწავლებაში. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დავით სიხარულიძემ უთხრა ჩვენს რადიოს, ესტონეთი და ლატვია არც სწავლების მონაწილეთა თავდაპირველ სიაში ყოფილან.

სამხედრო სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისიდან 1-ლ ივნისამდე გაიმართება.
XS
SM
MD
LG