Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა მაღალდაძე - აბიტურიენტი


10 მაისი, კვირა
გაზაფხულის სასიამოვნო დღე იყო. როგორც იქნა, დათბა. დილით ფანჯრიდან გახედვა მაინც გაგიხარდება ადამიანს. ვისაუზმე თუ არა, სამეცადინოდ გავემერთე. "ღმერთო, რას ჰგავს ჩემი საწერი მაგიდა, ასე როგორ დავტოვე?!" - გავიფიქრე ოთახში შესვლისას. თუმცა, მალევე გამახსენდა, რომ გუშინ გვიანობამდე ვწერდი. დასაძინებლად რომ წავედი, ასოებს ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან და რა მიკვირს?!
თავისუფლების დღიურები - ეკა მაღალთაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:08 0:00
ცოტა მივალაგე და დავჯექი. რით დავიწყო? ქართული... მათემატიკა... ინგლისური... მათემატიკით დავიწყე, მერე ინგლისური ვისწავლე, ტკბილი ლუკმა კი ბოლოსთვის მოვიტოვე, გამსახურდიას რომანის კითხვა ა2-ბ2-ს ნამდვილად მირჩევნია. მთელი დღე ისე გავიდა, ვერც კი გავიგე. საღამოს ტელევიზორი ჩავრთე, კვირაა ბოლოს და ბოლოს! მართალია, ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩემთვის დასვენების დღეებმა ფუნქცია დაკარგა, მაგრამ მაინც...

- აღარ იძინებ, ბებო? - სიბრალულით მკითხა ბებიამ. ჩემგან ჩვეული პასუხი რომ მოისმინა, გავიდა. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი. როცა მივხვდი, რომ მეცადინეობას აზრი აღარ ჰქონდა, დასაძინებლად წავედი. მაღვიძარა ავიღე, რა დროზე დავაყენო?! ხვალ ორშაბათია - კიიიდევ სკოლა, რით ვეღარ მორჩა? გადაწყდა - 7:30.

11 მაისი, ორშაბათი
საშინლად დავიღალე, თუმცა, ეს "არ ახალია, ძველია". სკოლაშიც ვიყავი, მათემატიკაზეც. საღამოს უნარებშიც ვიმეცადინე.

სკოლაში დღეს გაახსენდათ, რომ ბოლო ზარი კარზეა მომდგარი და ყველაფერი გასაკეთებელია. ცოტანი ვიყავით, ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, როგორ დავემშვიდობოთ სკოლას და სად წავიდეთ ექსკურსიაზე. საღამოს კლასელებს დავურეკე. დიდი ენთუზიაზმით არ უპასუხიათ. თუმცა არც მე მაქვს სადღესასწაულო განწყობა. მირჩევნია, ისევ ჩემი წიგნები ვფურცლო. მეშინია, გამოცდებზე სასურველ შედეგს რომ ვერ მივაღწიო, ალბათ, საკუთარი თავის რწმენას სამუდამოდ დავკარგავ. თუმცა, ეს ხომ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ბოლო დღე სკოლაში მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. წიგნები ცოტას მოიცდის. ვნახოთ, ხვალ რა გადაწყდება.

12 მაისი, სამშაბათი
როგორც იქნა, ეს დღეც დამთავრდა. სკოლაში ჩვეულებრივზე მეტი ხმაური იყო. ბევრნი მოვიდნენ. ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ რატომღაც ყველა ყვიროდა, თავი მისკდება. არ მესმის, ნუთუ ხალხს ყვირილი სიამოვნებას ანიჭებს?! ასე იმიტომ იქცევიან, რომ სხვისი ხმა გადაფარონ თუ ეს უკვე ჩვევაა? არ ვიცი. მოკლედ, ვერაფერი გადავწყვიტეთ: ზოგს წინანდალში უნდა წასვლა, ზოგს შიომღვიმეში, ბევრს კი საერთოდ არ აინტერესებს, სად წავალთ.

ბოლო ზარს რაც შეეხება, სცენარისტის მოწვევა გვიანია, თვითონ უნდა მოვახერხოთ რამე. რამდენიმე გოგომ მონახაზი გავაკეთეთ. ბიჭები, როგორც ყოველთვის, თავისთვის ისხდნენ, არაფერში ჩარეულან. მერე ზოგს გაუკვირდება, რატომ ამბობენ ქალების საუკუნე დადგაო. მოკლედ, ხვალ სცენარს შევკრავთ და ეგ იქნება. ნეტავ რა მანერვიულებდა? ყველაფერი გამოვა. ჯობია, იმაზე ვიფიქრო, ტრიგონომეტრიულ ამოცანებს რა მოვუხერხო. სივრცეში შვიდკუთხა არაწესიერი პირამიდის წარმოდგენა ჩემს ძალებს აღემატება. იქნებ დედას ვთხოვო დახმარება, მაგრამ არა მგონია, Skype-ით ახსნა ადვილი იყოს. ხვალ მეტ ხანს დავრჩები მასწავლებელთან, იქნებ, რამე მეშველოს.

13 მაისი, ოთხშაბათი
"არაფერია ისე ადვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს" - ვიცოდი, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

რეპეტიცია პირველი: გოგონები ტექსტს ინაწილებდნენ, დამრიგებელი წამყვანებს არჩევდა - მათ, ვინც სცენაზე უკეთ წაიკითხავდა და არც დაიბნეოდა. არ მეგონა, ეს ასეთი პრობლემა თუ გახდებოდა. ორი-სამი ბავშვი სხვებით შეცვალეს. მათ კი ისე ეწყინათ, რომ სხვა სცენებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. თუ წამყვანები არ იქნებიან, სხვაგვარად როგორ შეიძლება?! მოკლედ, ისეთი ცუდი სიტუაცია იყო, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის გვრცხვენოდა. ერთი ალეწილი იყო და გაბრაზებული იყურებოდა, მეორეს თვალები აუცრემლიანდა, მესამემ ჩანთა აიღო და კარი გაიჯახუნა. "ორ დღეში სკოლას ვამთავრებთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება წამყვანი?!" - მინდოდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. არ მესმის, რატომ უნდა დაიმძიმო გული ასეთი ფიქრებით, ნუთუ არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი?!

წინანდალში მივდივართ ორშაბათს, ეს მაინც აღარაა სადარდებელი. სკოლიდან მათემატიკაზე გავიქეცი, რა კარგია, მასწავლებელი ახლოს რომ ცხოვრობს. ისევ ეს წყეული ტრიგონომეტრია, 3 საათი 3 თვედ მეჩვენება. შინ დაბრუნებისთანავე ბებია სადილის გაცხელებას იწყებს. არადა, სადაცაა ვახშმობის დრო მოვა. რა უცნაურია: ყველაზე თავისუფალი და ამჟამად ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები სადილის ლოდინში გადის. უი, მართლა, ჭამაზე გამახსენდა, "კაცია-ადამიანი?!" მაქვს გასამეორებელი, რამ დამავიწყა?! თუმცა არა. ჯერ დედას უნდა ველაპარაკო, ალბათ, მთელი დღეა, ჩემს ზარს ელოდება.

- არ წვები? - მესმის ბებიას მზრუნველი ხმა.

- რაღაცის წაკითხვა დამავიწყდა, გადავხედავ და დავწვები. შენ დაიძინე, ნუ დამელოდები, - ვეუბნები მე, თუმცა ვიცი, სანამ საბანს არ გამისწორებს და არ დარწმუნდება, რომ მშვიდად მძინავს, არ დაწვება.

14 მაისი, ხუთშაბათი
გრძელი დღე იყო, გრძელი კი არა, არც კი ვიცი, რა დავარქვა. ამდენ ხანს მგონი არასდროს ვყოფილვარ სკოლაში. აი, თურმე რას ნიშნავს ბოლო დღეები! დილიდან ვვარჯიშობთ და მაინც ვერ ვთანხმდებით. ზოგს ორ რიგად უნდა სკამების დადგმა, ზოგს კი - მრგვალად. ბოლოს - "ინგა მააას!" - მიდიან "მომრიგებელი მოსამართლისკენ". მას კი სახეზე ეტყობა, რომ წამმზომი ჩართულია და სადაცაა, იფეთქებს. ზოგს ერთ მასწავლებელზე ხუმრობის რცხვენია, ზოგს მეორის ერიდება, ზოგი კი ღიმილით ამბობს: ატესტატები ჯერ არ აგვიღია და თავი შევიკავოთ, რა იცით, რა ხდებაო. "ფორმატზე" ჩვენი დევიზია დასაწერი: "ჩვენ არ ვართ ბავშვები, რომლებიც მიდიან, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მ ო დ ი ს"...

საინტერესოა, ამის მოსმენა უფროსებს გაუხარდებათ თუ, პირიქით, სევდიანად იტყვიან, ვის ხელშია ქვეყნის მომავალიო? ალბათ, ერთნიც იქნებიან და მეორენიც. ასეთები როცა მესმის, აღარ ვბრაზდები, მივეჩვიე. უბრალოდ, მინდება ხოლმე, დრო დაჩქარდეს და ყველას დავუმტკიცოთ, რომ არც ისეთი ცუდები და უნიჭოები ვართ, როგორ მათ ჰგონიათ.

რეპეტიციები მშობლებმა შეგვაწყვეტინეს. გაირკვა, რომ ერთის აზრით, თურმე ორშაბათი თარსი დღეა, მეორეს კი არ სცალია და შვილს მარტო არ გამოუშვებს. მოკლედ, დიდი აყალ-მაყალის შემდეგ კომპრომისული ვარიანტი შეირჩა: პარასკევს, ბოლო ზარის შემდეგ, ანანურში მივდივართ. მერე აღმოჩნდა, რომ ერთს მართლა სერიოზული მიზეზით არ შეეძლო პარასკევს წამოსვლა, თუმცა არაფერი უთქვამს. ჩუმად წავიდა, ისე, რომ არავის შეუმჩნევია...

საღამოს ისევ შევიკრიბეთ, მანამდე ინგლისურზეც ვიყავი. სულ რამდენიმე საათიღა დაგვრჩენოდა მეორე დღემდე, ასე რომ, ოღონდ რამე გაგვეკეთებინა და ყველაფერზე თანახმა ვიყავით. საბოლოო სცენარი შევკარით და გენერალური რეპეტიციის გარეშე ისე გავიქეცით სახლებში, თითქოს გვეშინოდა, კიდევ რამე საქმე არ გამოჩნდესო. ხვალ მთელი დღე გამიცდება, შაბათს, დილით, ქართული მაქვს, თემა უნდა დავწერო. ვფიქრობ გიორგი I-ზე, როგორც მეფესა და პიროვნებაზე, და მახსენდება მესამე კლასში, ზეიმზე, ლექსი რომ ვთქვი. მეცხრე კლასის გამოცდები და ფერადი მოგონებები ნელ-ნელა ენაცვლება ერთმანეთს. ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს ერთად გროვდება, მერე კი უცებ იშლება და ერთ შემაცბუნებელ ფრაზად გაისმის გონებაში: "ხვალ ეს ყველაფერი მთვარდება"... ცხოვრების დღიურის ეს ფურცლებიც გადაიშლება და დავიწყებას მიეცემა. 18 წლის ახლახან გავხდი, სკოლას ვამთავრებ, ბავშვობაც ოფიციალურად მთავრდება... ა რ მ ი ნ დ ა...

15 მაისი, პარასკევი
თითქმის არ მძინებია. დილითაც ძალიან ადრე ავდექი. უაზროდ დავდიოდი ოთახში. თეთრი პერანგი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ჩვეულებრივ გავედი სახლიდან. თუმცა რაღა ჩვეულებრივ? ბოლოჯერ მივდივარ სკოლაში, როგორც მოსწავლე. არ მეშინია არც საკონტროლოსი და არც არაფრის, რაც დღეს მოხდება. ხვალინდელის მეშინია...

სკოლის ეზოში ჩვეული ჟივილ-ხივილი და უჩვეულო სითეთრეა. არავინ გამომრჩეს, ყველას წავაწერო მაისურზე, მერე სცენაზე აღმოვჩნდი. დადგმამ ნორმალურად ჩაიარა. იმპროვიზაციებმაც გაამართლა. დამშვიდობება, საფინალო სიმღერა და ცრემლები ერთმანეთში აირია. ვგრძნობ, რომ ყველა ძალიან მიყვარს და არ მინდა სკოლიდან გასვლა. რამდენჯერ მინატრია, ნეტავ მალე დავამთავრო-მეთქი, ახლა კი არ მიხარია, არა...

მილოცავენ, წარმატებებს მისურვებენ. მე კი არ მიხარია, არა... პირველკლასელებმა გზა დაგვილოცეს და გაგვაცილეს. ავტობუსში რატომღაც ჩუმად ვისხედით, არც გვემღერებოდა, არც ლაპარაკი გვინდოდა. მერე ნელ-ნელა გავხალისდით, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. ჭიანჭველებივით შევესიეთ არაგვის ხეობას. გაფართოებული თვალები, ფოტოები... ღიმილი... მერე ტყეში სადილი, თამაში, სიცილიც და სევდიანი დუმილიც. უცნაურია, ყველაზე სასიამოვნო და განსაკუთრებული დღეები ყველაზე სწრაფად გადის ხოლმე და ეს დღეც მალე დამთავრდა. უფრო სევდიანები დავბრუნდით, სკოლასთან დავემშიდობეთ ერთმანეთს. არც მახსოვს რამდენჯერ ჩავეხუტე ყველას. რა ძვირფასი ყოფილა თითოეული მათგანი ჩემთვის. თვალცრემლიანები დავშორდით. სხვადასხვა გზით წავედით, ვინ იცის, ვინ საით... გზა მშვიდობისა...

მე კი ვწვები დაღლილი, მაგრამ ვიცი, არ დამეძინება...

16 მაისი, შაბათი
ერთ-ერთი ყველაზე უშინაარსო დღე ჩემს ცხოვრებაში. ემოციებისგან დაცლილმა გავიღვიზე. "სკოლაში წასასვლელი არ ვარ", ნაღვლიანად გავიფიქრე. "სამეცადინო მაქვს", ამომიტივტივდა უცებ თავში, მაგრამ რა დროს ესაა, მინდა გუშინდელი დღე დავიბრუნო. თითქმის მთელი საათი ფოტოებს ვათვალიერებდი. შეჩერებულ წამებში წუთების, საათების გაცოცხლებას და მეხსიერებაში მათ სამუდამოდ ჩაბეჭდვას ვცდილობდი.

სკოლაც ისე დავამთავრე, რომ დედა ჩემთან არ ყოფილა. მინდა, თავი ვინუგეშო: "არა უშავს, სხვა დროს იქნება, თუმცა ვიცი, ეს დღე აღარ დაბრუნდება"...

ორ მასწავლებელთან ვიყავი, თუმცა მგონი სულ ტყუილად. არც კი მახსოვს, რას ვაკეთებდი და რა დავწერე. საღამოს მივხვდი, რომ ახლა, პირიქით, მეტი უნდა ვაკეთო, სკოლის კედლები აღარც გალავნად მაკრავს და აღარც ფარივით მიცავს. რაღაც მაკლია, თუმცა ვგრძნობ, რომ მის ადგილს მომავალზე ფიქრი იკავებს. იმედი და მოლოდინი...

მეყოფა ამდენი ფიქრი, უნდა ვიმეცადინო, რომ სამი თვის შემდეგ სტუდენტის დღიურებიც დავწერო.
XS
SM
MD
LG