Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიაში სამხედრო სწავლება დაიწყო


რუსეთის ათ სამხრეთ ფედერალურ სუბიექტში დაიწყო ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლება „კავკასია 2009,“ რომელსაც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი ხელმძღვანელობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნაში, რომელიც ექვს ივლისამდე გასტანს, ორასამდე ტანკი, 450 ჯავშანმანქანა, 250 საარტილერიო დანადგარი და 8 ათას 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათ შორისაა რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული ბაზების პირადი შემდგენლობაც. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა ანდრეი ბობრუნმა სააგენტო რია-ნოვოსტის აცნობა, რომ წვრთნის შედეგად, რუსეთის სამხრეთით დისლოცირებული სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა შემოწმდება. ბობრუნის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შემადგენლობა შარშან, აგვისტოში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით იმოქმედებს. „რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება ხელს შეუწყობს ქვეყნის სამხრეთით არსებული ვითარების სტაბილიზაციას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს შესაძლო სამხედრო ავანტიურას აღკვეთს“ - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ განუცხადა რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს.


რუსული არმიის სამხედრო წვრთნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა სახიფათო პროვოკაციად, რომელიც რეგიონში ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ საქართველო ყურადღებით დააკვირდება სამხედრო სწავლებას და ყველა დეტალის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას მოახდენს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოვლენათა ცუდი სცენარით განვითარების თავიდან აცილების იმედი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG