Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეკვის უნარი და ბიოლოგიური ევოლუცია


ცეკვა და ევოლუცია

ახალი ამბავი არ არის, რომ კარგი მოცეკვავე მამაკაცები უფრო იზიდავენ ქალებს, ვიდრე მოუხეშავი და ცუდად კოორდინირებული პარტნიორები. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ევოლუციის თვალსაზისითაც გამართლებული ყოფილა.

გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ნადინ ჰაგილმა და ბერნჰარდ ფინკმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცები, რომელთა ცეკვის მანერას ქალები მიმზიდველად და თავდაჯერებულად მიიჩნევენ, ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც სუსტი მოცეკვავის შთაბეჭდილებას ტოვებს. და რადგანაც რეპროდუქციაში ფიზიკური სიძლიერე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, შესაბამისად, კარგ მოცეკვავეებს ქალთა გულების მონადირების უკეთესი შანსები აქვთ.

"აქამდე ვიცოდით, რომ მამაკაცების შეფასებისას ქალები იყენებენ სახისა და სხეულის სტატიკურ მახასიათებლებს," ამბობს ფინკი. "ჩვენი გამოკვლევა კი აჩვენებს, რომ დინამიკური მახასიათებლები, მაგალითად, ცეკვის უნარი, აგრეთვე შეიძლება იქნეს გამოყენებული მამაკაცის ისეთი თვისებების დასადგენად, როგორიცაა ძალა და დომინირება - ანუ ნიშნები, რომლებიც საბოლოოდ მის სტატუსზე მიუთითებს."

მეცნიერებმა ჩაიწერეს 40 ჰეტეროსექსუალი სტუდენტი მამაკაცის ცეკვის ამსახველი ვიდეოკლიპები. ცდის მონაწილეებს ეცვათ თეთრი ტანსაცმელი, სპეციალური ფილტრების წყალობით მოხდა მათი ჩაცმულობის, სახისა და სხეულის ზომის შესახებ ინფორმაციის შენიღბვა. ამავე დროს სპეციალური დინამომეტრების მეშვეობით გაზომეს ცდის მონაწილეთა ხელის ძალა.

ვიდეოკლიპები აჩვენეს ოცდახუთ სტუდენტ ქალს, რომელთაც მოცეკვავეთა მიმზიდველობა უნდა განესაზღვრათ. ასევე ოცდახუთი ქალისგან შემდგარ მეორე ჯგუფს კი უნდა განესაზღვრა მოცეკვავე მამაკაცების თავდაჯერებულობის ხარისხი. აღმოჩნდა, რომ დიდი თანხვედრა იყო, ერთი მხრივ, მოცეკვავეთა ძალის ხარისხსა და, მეორე მხრივ, მათ მიმზიდველობასა და თავდაჯერებულობას შორის.

ასევე აღმოჩნდა, რომ უფრო მიმზიდველი, უფრო დომინანტური და უფრო მამაკაცური შთაბეჭდილება მოახდინეს ცდის მონაწილე ქალებზე იმ მამაკაცებმა, რომლებიც დაბადებამდე, საშვილოსნოში, უფრო დიდი რაოდენობის ტესტოსტერონის ზემოქმედებას განიცდიდნენ, რაზეც მათი მეორე და მეოთხე თითების სიგრძე მიუთითებდა.

პრინსტონის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის სპეციალისტის, გეილ ბრუერის თქმით, ვიზუალური კრიტერიუმებით მამაკაცის შეფასება ქალს ევოლუციის პროცესში საშუალებას აძლევდა უფრო ძლიერი, ასე ვთქვათ, “უფრო მაღალი ხარისხის” მამაკაცი შეერჩია და, ამგვარად, უზრუნველეყო საკუთარი შთამომავლობის წარმატება.

თუმცა, ბრუერი ამბობს, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც ცეკვა არ ეხერხებათ. მისი რეცეპტი ასე ჟღერს: “თუკი კონკურენტუნარიანი არ ხართ, შეცვალეთ წესები. მოშორდით საცეკვაო სცენას და ქალს თავი სხვაგვარად მოაწონეთ. მაგალითად, სასმელზე დაპატიჟეთ ანდა აჩვენეთ, რა ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ.”


მოხუცებულობა და მარტოობის განცდა

ვინაიდან ქალები საშუალოდ უფრო ხნიერ ასაკს აღწევენ, ვიდრე მამაკაცები, მოხუცებულობისას ისინი ხშირად რჩებიან ხოლმე მარტო. მაგრამ, როგორც შვეციაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, მამაკაცები ქალებზე უფრო განმარტოებულად გრძნობენ თავს.

ბო მალმბერგმა და გერდტ სუნდსტრიომმა იონკიოპინგის უნივერსიტეტიდან შეისწავლეს 80-სა და 90-ს გადაცილებულ ხანდაზმულთა ჯგუფები და მათ მიერ აღქმული მარტოობის ხარისხი შეადარეს მათ ოჯახურ მდგომარეობას.

აღმოჩნდა, რომ მარტოხელა მამაკაცები იმავე ასაკის ქალებზე უფრო ხშირად უჩივიან მარტოობას. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოკვეთილია 90-ს გადაცილებულებში. გამოკვლევამ აჩვენა ასევე, რომ ის მამაკაცები, რომლებმაც თავიანთ ცოლებზე უფრო მაღალ ასაკს მიაღწიეს, როგორც წესი, მუშათა წრიდან არიან და ხშირად ავადმყოფობენ. ამის საპირისპიროდ, მარტოდ დარჩენილი ქალები სოციალურადაც და ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისითაც ძალიან არაერთგვაროვან ჯგუფს წარმოადგენენ.

მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, მარტოობის განცდაში ცოლქმრობისა და პარტნიორობის მიმართ სქესთა განსხვავებული დამოკიდებულებაც თამაშობს როლს. დაქვრივებული მამაკაცების ერთადერთი ახლობელი ადამიანი ხშირად მათი მეუღლე იყო ხოლმე. დაქვრივებულ ქალებს კი ცოლქმრული ურთიერთობის პერიოდშიც უფრო ფართო სოციალური ქსელი ჰქონდათ. ამ ქალების ნაწილი ხანდაზმულობის პერიოდში ქვრივობას გარკვეულ შვებადაც კი აღიქვამდა.
XS
SM
MD
LG