Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტის თქმით, ევროკავშირმა თავის უშუალო სიახლოვეს სტაბილურობა უნდა დაამყაროს


კარლ ბილდტის გამოსვლა ევროპის პარლამენტში
კარლ ბილდტის გამოსვლა ევროპის პარლამენტში
შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა სამშაბათს ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა მისი ქვეყნის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პრიორიტეტებზე. მან მთელი რიგი პრობლემები ჩამოთვალა, რომლებთან გამკლავება შვეციას დეკემბრის ბოლომდე მოუწევს. მათ შორისაა დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაცია ევროკავშირში, რუსეთის მძიმე ურთიერთობები მეზობლებთან და არეულობა ირანში.

ბილდტის თქმით, ამჟამინდელი გლობალური კრიზისი დარტყმის ქვეშ აქცევს სუსტ ეკონომიკებს და სახელმწიფოებს ევროპის კავშირის უშუალო სიახლოვეს. ბილდტის სიტყვებით, ევროკავშირის ამბიციები, წამყვანი მოთამაშე იყოს მსოფლიო არენაზე, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ის სტაბილურობის ხელშეწყობას მის უშუალო მეზობლობაში.

“ევროპის კავშირის როლში ასევე შედის იმის ცდა, რომ სტაბილურობა დაამკვიდროს არასტაბილურ ქვეყნებში და არასტაბილურ ეკონომიკებში ჩვენს უშუალო სიახლოვეს. ამას თუ ვერ ვერ გავართმევთ თავს, თავს ვერ გავართმევთ ვერც სხვა ამოცანებს,” თქვა ბილტმა.

ის შეეხო ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის პროცესს და თქვა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება, დააჩქაროს კანდიდატი ქვეყნების - ხორვატიისა და მაკედონიის - გაწევრიანების პროცესი და ხელი შეუწყოს კავშირთან სხვების დაახლოებასაც.

შვეციის მთავარმა დიპლომატმა, რომელსაც რეგიონში შუამავლობის ხანგრძლივი სტაჟი აქვს, შეაქო სერბია და მის მთავრობას “ისტორიაში ყველაზე უფრო რეფორმატორული და ევროკავშირის მიმართ მეგობრულად განწყობილი” უწოდა. მან აღნიშნა, რომ კოსოვო დამოუკიდებელია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჯერაც რჩება გარკვეული პრობლემები თავად ევროკავშირის შიგნით. ბილდტმა იგულისხმა ის გარემოება, რომ ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანას ჯერაც არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა.

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის უდიდეს კანდიდატ ქვეყანაზე, თურქეთზე. მან აღიარა, რომ ამ თემაზე ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანია და საფრანგეთი ანკარისთვის “პრივილეგირებული პარტნიორის” სტატუსის მინიჭების მომხრე არიან წევრობის ნაცვლად.

“თურქეთის საკითხი ზოგჯერ წინააღმდეგობრივია”, აღნიშნა შვეციის მინისტრმა. “ვფიქრობ, ეს საკმაოდ ბუნებრივია. ეს დიდი საკითხია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მორიგე თავმჯდომარის ამოცანაა, მიუკერძოებლად და ობიექტურად გაატაროს პოლიტიკა, რომელიც შემუშავებულ იქნა კავშირის მიერ და რომელსაც ამ კონკრეტული პარლამენტის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მომავალი თვეების განმავლობაში გაწევრიანების ეს საკითხიც უნდა წამოვწიოთ წინ.”

ვინაიდან თურქეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მთავარი დაბრკოლება კვიპროსია, ბილდტის აზრით, ამ მომენტისთვის ევროკავშირის ალბათ უდიდესი გამოწვევაა თავად კვიპროსზე ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შერიგება. ბერძნები და თურქები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბილდტმა დასძინა, რომ ამ სამშვიდობო პროცესზე თავად ევროკავშირს გავლენა არა აქვს, ვინაიდან ის გაეროს ეგიდით მიმდინარეობს.

ბილდტმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალი ექვსი თვის მანძილზე აღმოსავლეთის მიმართულებით აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა მოუწევს. იგულისხმება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მოიცავს უკრაინას, ბელორუიას, მოლდავეთსა და სამხრეთ კავკასიას. ევროკავშირის ამოცანა იქნება ამ პროგამის განვითარება ისე, რომ უგულებელყოფილი არ იყოს მოსკოვი.

უნდა განვავითაროთ ევროპის პარტნიორობა... ამავე დროს აუცილებელია კავშირი ვიქონიოთ რუსეთთან.
“ევროპის პარტნიორობა უნდა განვავითაროთ რაღაც ისეთად, რაც რეალურად და რელევანტურად აღიქმებოდა ყველა ქვეყნის მიერ; რაც განავითარებდა ჩვენს მიერ წარსულში გამოვლენილ ტრანსფორმაციულ ძალებს; და რაც მათ მომავლის იმედს მოუტანდა. ამავე დროს აუცილებელია კავშირი ვიქონიოთ რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელთან ურთიერთობაც უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე გაუარესდა საქართველოში კონფლიქტის გამო და იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ამ ომის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმებების სრულად განხორციელება,” თქვა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბილდტმა თავის გამოსვლაში საკმაოდ მუქ ფერებში დახატა ვითარება ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მდებარე 12 ქვეყანაში, სადაც დემოკრატია მნიშვნელოვანწილად შეფერხდა და ავტორიტარიზმის აღზევება ხდება. მისი თქმით, ევროკავშირმა გააფართოვოს თავისი ტრანსფორმაციული ძალა, რომლითაც განხორციელდა კავშირის გაფართოების უკანასკნელი ტალღები, და ამ ქვეყნებს მომავლის მეტი იმედი ჩაუსახოს. ბილდტი გამოვიდა მოწოდებით, მოგზაურობის მეტი თავისუფლება მიენიჭოთ უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. მაგრამ აღიარა, რომ ამ თემაზე ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არსებული ეჭვების გაფანტვა იოლი არ იქნება.

შედარებით დადებითი პერსპექტივები დასახა ბილდტმა ისლანდიისთვის, რომელმაც ევროკავშირში წევრობის ინტერესი გამოთქვა. რაც შეეხება სამხრეთელ მეზობლებს, მან კავშირის ამ მიმართულებით გაფართოება გამორიცხა.

ბილდტმა ისაუბრა ირანზეც, რომელიც უკანასკნელ ხანებში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების გამო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიუსელს სურს ირანელი ხალხის დახმარება, მაგრამ, ამავე დროს, არ აპირებს კავშირების გაწყვეტას ირანის ხელისუფლებასთან.

დამსწრეთა შორის მცირე ინტერესის გამო ბილდტმა გვერდი აუარა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში უკანასკნელ მოგზაურობის თემას. შვეციის მინისტრს კითხვა არ დაუსვეს არც მოლდავეთზე, სადაც ევროკავშირის დიპლომატები რამდენიმე თვის მანძილზე აწარმოებდნენ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების გამო.
XS
SM
MD
LG