რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ უკრაინაში 10-დღიანი ვიზიტი დაიწყო. კიევის გარდა ის ეწვევა ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებს, ჩაატარებს რამდენიმე ღვთისმსახურებას. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია გაყოფილია მოსკოვისა და კიევის საპატრიარქოებს შორის. მოსკოვის საპატრიარქოს, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი ექვემდებარება, კირილე ხელმძღვანელობს, უფრო მომცრო, კიევის საპატრიარქოს კი მოსკოვისაგან დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული. კირილე დღესვე მართავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან, რომელიც კიევის საპატრიარქოს დამოუკიდებლობას ემხრობა.