Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში იმყოფება აშშ-ის უმაღლესი რანგის 2 წარმომადგენელი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ისრაელშია ჩასული ირანის ბირთვულ პროგრაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გააქტიურებაზე მოსალაპარაკებლად. გეიტსის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ირანი შემოდგომამდე გამოეხმაურება შეერთებული შტატების წინადადებას ბირთვული პროგრამის საკითხში მხარეების დაახლოებაზე. ამ თემას გეიტსი ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკთან შეხვედრის შემდეგ შეეხო. ბარაკის თქმით, ისრაელი ემხრობა კოორდინირებულ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ბარაკის თქმით, “ისრაელი რჩება თავის ძირითად პოზიციაზე, რომ არ უნდა გამოირიცხოს არც ერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე პრიორიტეტი მაინც დიპლომატიასა და შესაძლო სანქციებს უნდა მიენიჭოს”. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა არ ემსახურება ბირთვული იარაღის შექმნას. ისრაელში რობერტ გეიტსის ვიზიტის ფონია რეგიონში შეერთებული შტატების წარგზავნილის, ჯორჯ მიჩელის ტურნე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების გააქტიურების მიზნით. დღეს მიჩელი ქაიროში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გამგზავრებამდე. იქ მიჩელი პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასს ხვდება.
XS
SM
MD
LG