ირანის უდიდესმა რეფორმატორულმა პარტიამ დღეს საჩვენებელი პროცესი უწოდა სასამართლოს წინაშე ასამდე ადამიანის გამოსვლას. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ირანელმა რეფორმატორებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს სასამართლოს. მაგრამ "ისლამური ირანის მონაწილეობის ფრონტმა" - "მოშარექათმა" - განაცხადა, რომ ეს აღიარებები ზეწოლის შედეგია და სასამართლოს წინაშე გამოსულთა წინააღმდეგ ბრალდებები სასაცილოა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ირანის ერთ-ერთმა ცნობილმა რეფორმატორმა, მოჰამად ალი აბტაჰიმ, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბებულა.