Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ გამორიცხავს საქართველოსთვის თავდაცვითი სისტემებით დახმარებას


ვაშინგტონი არ გამორიცხავს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის სისტემების მიწოდებას - რუსეთის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გუშინ, სენატში გამართულ მოსმენაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ალექსანდერ ვერშბოუმ. მოსმენა სახელწოდებით "საქართველო - ერთი წელი აგვისტოს ომიდან" - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტში მოეწყო. ვერშბოუს თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის კონცენტრირებული იყო წვრთნასა და საქართველოს ჯარის მოდერნიზებაზე. ვერშბოუმ დასძინა, რომ დღეს "დახმარების სხვა ფორმებიც" განიხილება. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ აშშ ასრულებს "საკვანძო როლს საქართველოს სამხედრო მანქანის ხელახლა შეიარაღებაში" და აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება არ უპასუხებს საქართველოს დემოკრატიის ინტერესებს. სენატის საგარეო ურთიერობათა კომიტეტში გამოსვლისას 4 აგვისტოს ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა: ”ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და გავაღრმავებთ მხარდაჭერას ამ ქვეყნისა და მისი ხალხისადმი. ეს მხარდაჭერა ბრმად არ ხორციელდება და ჩვენ მას მოვარგებთ საქართველოს ხალხის საჭიროებას, რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას”. ვერშბოუს თქმით, ”რუსეთის საზღვრებთან სტაბილური დემოკრატიების არსებობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის უსაფრთხოებასაც წაადგება. ამ სულისკვეთებით, ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მისწრაფებების და განვაგრძობთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორული შესაძლებლობების შენებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ძლიერი პროგრამების მხარდაჭერას. ეს პროცესი არ დაზარალდება რუსეთთან ურთიერთობის ”გადატვირთვის” გამო. რუსეთთან კარგი ურთიერთობები და მის მეზობლებთან თანამშრომლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს”. სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლა ალექსანდერ ვერშბოუმ გამოიყენა აშშ-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განმარტებისთვის, რაც იყო ერთგვარი პასუხი რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებებზე: ”აშშ-ს არ ”გადაუიარაღებია” საქართველო, როგორც ზოგიერთი აცხადებს. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი საქართველოსთვის. აშშ ერთ მილიარდიანი დახმარების პაკეტის არც ერთი ნაწილი არ ყოფილა მიმართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსკენ” - აცხადებს ვერშბოუ. მისი განმარტებით, აგვისტოს ომის შემდეგ აშშ თავდაცვის დეპარტამენტი მეთოდურად, ამავე დროს მოთმინებით და სტრატეგიულად უდგება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას. ”კონფლიქტის შემდეგ აშშ-ს ევროპის სარდლობა მრავალი თვის მანძილზე სწავლობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, რამაც შექმნა საფუძველი საქართველოს საჭიროებების დასადგენად. დავადგინეთ, რომ რუსეთის შეჭრამ დააზარალა საქართველოს შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. კონფლიქტმა წარმოაჩინა ბევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მანამდე გაუცნობიერებელი ან უგულებელყოფილი ნაკლოვანება. პრაქტიკულად, ყველა სფეროში, საქართვერლოს თავდაცვის სამინისტროს უწყებებში, სტრატეგიებში, დოქტრინასა და პროფესიული სამხედრო სწავლების სფეროებში სერიოზული ნაკლოვანებები გამოვლინდა. ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობაზე, თავდაცვის სექტორის რეფორმაზე და სტრატეგიული და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს აუცილებელ სწავლებას, განათლებას და სამხედრო ძალების სტრუქტურის რაციონალურ დაგეგმვასა და აღჭურვას. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული, ნატოსთან ერთად მოქმედების, ტერიტორიის დაცვისა და კოალიციის მოქმედებაში წვლილის შეტანის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების შექმნისკნე სვლაში”.
XS
SM
MD
LG