Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის უარყოფით გავლენაზე საუბრობს


გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 9 სექტემბერს მიღებულმა რეზოლუციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესზე, - ამ შინაარსის განცხადება 10 სექტემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ. მისი თქმით, რუსეთს წინასწარ არ გადასცეს რეზოლუციის პროექტი და მას არც დოკუმენტში ცვლილებების შეტანის საშუალება მიეცა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 9 სექტემბერს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, უნდა განისაზღვროს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების კონკრეტული ვადები და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ასამბლეის მომდევნო პლენარულ სხდომაზე, უნდა წარადგინოს ყოვლისმომცველი მოხსენება ამ რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით. რეზოლუცია გმობს სეპარატისტულ რეგიონებში ჰუმანიტაული ტვირთის მიწოდების შეზღუდვებს. 9 სექტემბერს გამართულ კენჭისყრამდე რუსეთი შეეცადა საკითხის მოხსნას დღის წესრიგიდან, თუმცა მისმა ამ მცდელობამ მხარა ვერ მოიპოვა. გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესრულება არ არის სავალდებულო ხასიათის და ის უფრო რეკომენდაციის სახეს ატარებს. თუმცა როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ, ”ძალიან დიდია რეზოლუციის პოლიტიკური მნიშვნელობა და მისი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე.”
XS
SM
MD
LG