Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ნიჟარაძე - მომღერალი


6 სექტემბერი, კვირა
დღემ ნამდვილად გამორჩეულად საინტერესოდ ჩაიარა. დილიდან “სანოს” სტუდიაში ვიყავი და ახალი სიმღერის გაორკესტრებაში ვმონაწილეობდი. სიმღერა, რომელზეც ძალიან მალე კლიპს გადავიღებთ (შეიძლება ამ კვირის ბოლოსაც), ყველასთვის კარგად ნაცნობია და ქართველ მსმენელს ის დიდი ხანია ძალზე ხიბლავს. ლაპარაკია სიმღერაზე “ბათუმს ქათქათას”.
ბათუმი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, რაც უფრო ხშირად მიწევს იქ ჩასვლა, მით უფრო მეტად ვიხიბლები მისი სილამაზით, ბევრი სასიამოვნო სიახლით. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ქალაქზე მემღერა. ჩემს ახლო მეგობართან, ნიკა მემანიშვილთან ერთად, თანამედროვე ინტერპრეტაცია გავუკეთეთ სიმღერას და მალე ის განსხვავებული სახით წარდგება მსმენელის წინაშე.
თავისუფლების დღიურები - სოფო ნიჟარაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:32 0:00
სტუდიაში დილიდან შეიკრიბა ნიკას ორკესტრი და დავიწყეთ ჩაწერა. ჯერ ჩავწერეთ დასარტყამი ინსტრუმენტები, ბას-გიტარა და ვიოლინოები, დანარჩენი მეორე დღისთვის გადავდეთ და მე, ნიკა და დედაჩემი ჩინურ რესტორანში გავემგზავრეთ. ბევრი ვილაპარაკეთ, მათ შორის საქართველოში მიუზიკლის დადგმის პერსპექტივაზე, ასევე ბევრ ყოველდღიურ, ყოფით საკითხზე.
საღამო ასევე ჩემს მეგობრებთან გავატარე. დოიმ, როგორც ყოველთვის, ყველა ძალიან გაგვახალისა.

7 სექტემბერი, ორშაბათი
ორშაბათი, საერთოდ, რთული დღეა და ყოველთვის ასე იყო ჩემთვის, მაშინაც, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი.
დილით ადრე ავდექი, უამრავი საქმე მქონდა და, რაც ყველაზე მთავარია, სიმღერის ჩასაწერად უნდა მოვმზადებულიყავი.
გასამღერებლად წავედი ჩემს უსაყვარლეს პედაგოგთან, დოდო დიასამიძესთან. ვთვლი, რომ ის საუკეთესო პედაგოგთა შორისაა და ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ეს ნამდვილად ასეა. დოდო იმდენად სწორად მუშაობს, რომ ვოკალისტისთვის მასთან მეცადინეობა ნამდვილი სიამოვნებაა. გამამღერა. რა თქმა უნდა არც ამჯერად გაუშვა შანსი ხელიდან, ეჩხუბა ჩემთან იმის გამო, თუ რატომ არ დავუჯერე და არ გავყევი ოპერას.
საერთოდ, რაც მოსკოვიდან ჩამოვედი, ვოკალში მეცადინეობას შევუდექი, რომ ფორმაში ვიყო, რადგან აქ, მოსკოვთან შედარებით, ნაკლები დატვირთვა მაქვს და 10 გაკვეთილიდან ცხრაზე დოდო მახსენებს იმ დროს, როდესაც კონსერვატორიაში ჩაბარებას ვაპირებდი, უფრო აქტიურად ვმეცადინეობდი და უკვე საოპერო არიებსაც ვმღეროდი. დოდო სინანულით იხსენებს იმ დროს, როდესაც ოპერას ესტრადა ვამჯობინე, ხოლო კონსერვატორიას - გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემია. მოკლედ, ამ მწარე წარსულის გახსენებასთან ერთად, კარგად ვიმეცადინეთ და ამის შემდეგ წავედი სტუდიაში. იქ დამხვდა ნიკა. ძალიან სასაცილო იყო რამდენიმე მომენტი შუა ჩაწერის დროს. ერთხელ სიმღერამ მეტისმეტად გამიტაცა და ერთ ადგილას ისეთი საოპერო ვოკალით ვიმღერე, რომ ნიკა კინაღამ გაგიჟდა: მიყვიროდა, დოდო დიასამიძე ცოტა ხნით დაივიწყეო. ბევრი ვიცინეთ!
ჩაწერის დროს ბევრი ახალი და საინტერესო იდეა მოგვივიდა და გადავწყვიტეთ, ინსტრუმენტებისთვის აკუსტიკური გიტარა დაგვემატებინა. სტუდიის ხმის რეჟისორმა, ერიკმა, რეკომენდაცია გაუწია ერთ გიტარისტს, დაურეკა, გამოიძახა და რას ვხედავთ: მოვიდა პატრული! აღმოჩნდა ნიჭიერი გიტარისტი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ცოტა მოგვიანებით სტუდიაში მოვიდა სიმღერის კლიპის რეჟისორი კახა ბუხრაშვილი და თავისი იდეები გაგვიზიარა. მოვილაპარაკეთ, რომ საცდელ კადრებს გადავიღებთ.
სტუდიის შემდეგ სახლში დავბრუნდი.

8 სექტემბერი, სამშაბათი
დღე ასევე ადრე დაიწყო.
საცდელმა გადაღებამ კარგად ჩაიარა, ბევრი ვიხალისე და ვიცინე! რომელიღაც კადრის კიდევ უფრო გასალამაზებლად რეჟისორს უცნაური ექსპერიმენტის ჩატარება მოუწია: ფონოგრამა ააჩქარა და ამ აჩქარებულზე ჩემს ნამღერს იღებდა. ძლივს ვასწრებდი ტუჩების აყოლებას, მეცინებოდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, მე ხომ მსახიობი ვარ? შემდეგ ეს კადრი ისევ რეალურ სიჩქარემდე დაიყვანეს, ძალიან საინტერესო გამოვიდა.
საღამოს ჩემს მეგობარს სტუმარი ჰყავდა გერმანიიდან და მათთან ერთად სასეირნოდ წავედი. გერმანელი სრულიად მოხიბლული დარჩა თბილისით, ამბობდა, ამ ყველაფერმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბაო, საცხოვრებლად გადმოვიდოდი დიდი სიამოვნებითო. რა თქმა უნდა, მესიამოვნა, ჩემს ქალაქზე ასეთი შთაბეჭდილებები რომ დარჩა ჩვენს უცხოელ მეგობარს და შემდეგ ჩამოსვლაზე ბათუმში წაყვანას დავპირდი.
ამის შემდეგ კაფეში წავედი ჩემს ფეხბურთელ ბიძაშვილთან ერთად, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. ის დიდი ხნის წინ, ჩემთან ერთად წავიდა საქართველოდან მოსკოვში და ძალიან ცნობილ გუნდში “სპარტაკში” თამაშობდა. შემდეგ მეგობრები შემოგვიერთდნენ და გვიანობამდე ვსაუბრობდით.
სახლში რომ დავბრუნდი, საშინელებათა ფილმს ვუყურე. არ უნდა მენახა, გული გამისკდა! შიშით ძლივს დავიძინე...

9 სექტემბერი, ოთხშაბათი
არაჩვეულებრივი დღეა, რადგან ის საყიდლებით დაიწყო. ვიყიდე ახალი კაბა. საერთოდ, თბილისში იშვიათად მიწევდა მაღაზიებში სიარული, რადგან სულ საზღვარგარეთ ვყიდულობდი საჭირო ნივთებს; ან, მოსკოვში ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, მოსკოვში. თბილისის მაღაზიებში დიდად ვერ ვერკვევი და მეგობარი წამომყვა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი!
შემდეგ კლიპის ავტორი მოვიდა ჩემთან და ერთად ვარჩევდით გარდერობს. ის ძალზე მოიხიბლა ჩემი ფერადი ნივთებით და აღნიშნა, არ მოველოდი, თუ ქართველ გოგოს ამდენი ფერადი ტანსაცმელი ექნებოდაო.
მერე ტელე-ჩართვა მქონდა რუსეთის არხ “სტს”-თან, სადაც ჩემი ახლო მეგობარი და პარტნიორი მიუზიკლ “რომეო და ჯულიეტადან” ანდრეი, რომელიც რომეოს როლს ასრულებდა, ამჟამად პოპულარულ მუსიკალურ რეალიტი-შოუში მონაწილეობს. იგი მე უნდა დამეხასიათებინა და მისთვის წარმატებები მესურვა. ასეც მოვიქეცი, ის მართლა უაღრესად ნიჭიერი მსახიობი და მომღერალია, რაც კიდევ უფრო ნათლად ვთქვი “სტს”-ის ეთერში და, რა თქმა უნდა, გამარჯვება ვუსურვე.
საღამოს “სანოს” სტუდიაში გავიარე და ნახევრად დაბალანსებული “ბათუმს ქათქათას” მოვისმინე, გადავწერე და მეგობარსაც მოვასმენინე. მას ძალიან მოეწონა, მე კი არასდროს არ ვარ ჩემი ნამღერით კმაყოფილი. სულ მგონია, რომ უკეთესად შეიძლებოდა. მოკლედ, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ.

10 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს ბათუმში უნდა წავსულიყავით გადაღებებზე, მაგრამ ამინდი გაფუჭდა და ვეღარ წავედით. ველოდებით მზეს, რომელიც, ამინდის პროგნოზის თანახმად, შემდეგი კვირიდან არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენც, იმედია, ორშაბათიდან შევუდგებით გადაღებებს.
ბათუმში ვერ წავედი, მაგრამ დღეს მე და ჩემი ძმა სიღნაღში ვიყავით. ვგიჟდები, ისე მომწონს იქაურობა. მახსოვს, შარშან ჩემს დასთან ერთად სიღნაღში კონცერტი რომ გვქონდა, აღფრთოვანდნენ მისი სილამაზით. მას შემდეგ რამდენი უცხოელი სტუმარიც ჩამოვა, ვცდილობ, წავიყვანო და ვაჩვენო, როგორი ლამაზი ადგილებია ჩვენს ქვეყანაში.
საღამოს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღე იყო და იქ წავედი. იყვნენ მხოლოდ ძალიან ახლობლები, არ აპირებდა გადახდას, მაგრამ საინტერესო საღამო მოვიწყვეთ.
სახლში რომ ვბრუნდებოდი, საჭესთან ტელეფონზე საუბრის გამო პატრულმა გამაჩერა და რომ გადმოვიდა, აღმოჩნდა ჩემი ძველი თაყვანისმცემელი. გამიხარდა მისი ნახვა. იმიტომ კი არა, რომ არ დამაჯარიმებდა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. მასაც გაეხარდა ჩემი ნახვა. რა თქმა უნდა, არ დამაჯარიმა. მე კი მას ჩემი კომპაქტდისკი გადავეცი საჩუქრად.

11 სექტემბერი, პარასკევი
ძალიან ხალისიანი დღე იყო.
საერთოდ, ეს კვირა უცხოელი სტუმრებით გამოირჩეოდა. ამჯერად ჩემი მოსკოველი მეგობარი იყო ჩამოსული კონფერენციაზე. ექიმია, პლასტიკური ქირურგი. საერთოდ არ ვიცოდი, რომ თბილისში ჩამოსვლას აპირებდა, არც კი გავუფრთხილებივარ. ჩამოვიდა და მესიჯი მომწერა ქართულ ენაზე. მე იმ წუთშივე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და ასევე ქართულადვე ვუპასუხე. შემდეგ მან ისევ ჩემსავე ენაზე დამპატიჟა “ქალაქურში”, თურმე უკვე მთელი დღის განმავლობაში თბილისის ადგილები უსწავლია და კაფეებისა და რესტორნების სახელებიც კი დაუმახსოვრებია. მოკლედ, მოიხიბლა “ქალაქურიდან” გაშლილი ულამაზესი ხედით. შემდეგ, რომ მივუხვდი, რომ მისი სუსტი წერტილი ხედები ყოფილა, ნარიყალაზე ავიყვანე. მისი თვალების გამომეტყველებასა და ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ძალიან კმაყოფილი დარჩა!
საღამოს კი გიორგი უშიკიშვილსა და გიორგი ჭოლაძეს შევხვდი. უშიკა, როგორც ყოველთვის, თავის რეპერტუარში იყო, იმდენი მაცინა, რომ მთელი შარდენი ჩვენ გვიყურებდა. იშვიათია ასეთი იუმორის მქონე ადამიანი, სასწაულ ისტორიებს იგონებს ხოლმე, ხალხზე დაკვირვებას აწარმოებს და შემდეგ თხზავს ამბებს. ხალხზე დაკვირვებას ჩვენ, პირველ კურსზე მოსკოვში, თეატრალურ აკადემიაში გვთხოვდნენ. ასე რომ, უშიკა აკადემიის სტუდენტის მსგავსად თითქოს დავალებას ასრულებდა. ბევრი ვიცინეთ.

12 სექტემბერი, შაბათი
ძალიან მიყვარს დილით ძილი და როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ამ შანსს ხელიდან არ ვუშვებ. და თუ არ გამაღვიძეს, შემიძლია გვიანობამდე ვიძინო.
არ უნდა დაგვეჯერებინა ამინდის პროგნოზისათვის, ბათუმში გადასარევი ამინდებია, მზე და წყნარი ზღვა, ჩემი მეგობრები იქ იმყოფებიან, დამირეკეს და შემატყობინეს.
დღეს მეტი არაფერი მომხდარა.
XS
SM
MD
LG