Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარუდგინა პარლამენტს


მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს არის საკონსტიტუციო პროექტი ”ეკონომიკური თავისუფლების შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ”, რომლის მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს - ”თავისუფლება, შესაძლებლობები და ღირსება.”

”თავისუფლება გამოხატულია მთავრობის მცირე ზომაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფოს ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისგან მეწარმისა და მოქალაქის მაქსიმალურ თავისუფლებაში. შესაძლებლობები: ყველასთვის ხელშეწყობილი თავისუფალი ეკონომიკა და გამჭვირვალე მმართველობა; ამასთან, გაზრდილი სოციალური მობილურობის საშუალებით, ხელმისაწვდომი განათლება, გულმოდგინე შრომა და წესებით თამაში... ღირსება: სახელმწიფო დახმარების სამართლიანად გავრცელება მათზე, ვისაც არ შეუძლია მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენება. თავის რჩენის უნარმოკლებულ მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ საშუალება, იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ იქნება 30 პროცენტზე მეტი და ეს პირობა კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს. ასევე კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს, რომ ”ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება არაუმეტეს 3 პროცენტისა. ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არაუმეტეს - 60 პროცენტისა.”

”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” მიხედვით გათვალისწინებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რათა დაუშვებელი გახდეს შეზღუდვის დაწესება ვალუტის კონვერტაციაზე. პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებით, ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი”, რომელიც სხვა არაერთ ცვლილებასაც გულისხმობს, ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფლად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნას. ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს, მთავრობა, პრეზიდენტის დავალებით, რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. სექტემბრის ბოლოს პროექტი უკვე მზად იყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდებოდა. პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივის განხილვა საქართველოს პარლამენტში მასშემდეგ დაიწყება, რაც ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” პროექტი ოფიციალურად შევა საკანონმდებლო ორგანოში.
XS
SM
MD
LG