Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში აფეთქება ტერაქტად შეფასდა


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, რუმინელი და მოლდაველი მუსიკოსების კონცერტზე ყუმბარა აფეთქდა, რასაც 40 ადამიანის დაშავება მოჰყვა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მუქარის შემცველი ორი სატელეფონო ზარი განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის თქმით, მის ოფისში შესრულ ზარებში ”ფიზიკური შურისძიებით” იმუქრებოდნენ. პროკურორ ვალერიუ ზუბკოს ინფორმაციით, ზარები საზღვარგარეთიდან განხორციელდა. ყუმბარა ოთხშაბათს საღამოს, მაშინ აფეთქდა როცა კონცერტზე რუმინელი მომღერალი სტეფან ბანიცა გამოდიოდა. კიშინიოვის დაარსებისადმი მიძღვნილ კონცერტს დაახლოებით 40,000 ადამიანი ესწრებოდა. პროკურორ ვალერიუ ზუბკოს თქმით, აფეთქება პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტული აქტი იყო. პოლიცია თვლის, რომ სატელეფონო ზარებსა და აფეთქებას შორის კავშირი არის - მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ფილატი კონცერტზე მისვლას არ გეგმავდა. შინაგან საქმეთა მინისტრ ვიქტორ კატანის თქმით, აფეთქებასთან კავშირის გამო 25 წლის მამაკაცი იძებნება. უკანასკნელ პერიოდში მოლდავეთში პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი ეთნიკური რუმინელია.
XS
SM
MD
LG