Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძის აგარაკს მყიდველი არ ჰყავს


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკს ისევ არ გამოუჩნდა მყიდველი. დღევანდელ აუქიონზე მისი საწყისი ფასი 5 მილიონ 700 ათასი ლარი იყო. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილ მოკავშირეს, ნინო ბურჯანაძეს ის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.
ჩაშლილი აუქციონის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ორ დღეში გადაწყვეტს - ეკონომიკის სამინისტრო აიყვანს ბალანსზე ქონებას თუ ჩატარდება განმეორებითი აუქციონი.
სახელმწიფომ ეს აგარაკი 11 109 997 ლარად შეაფასა. სწორედ ამ ფასიდან გამომდინარე დაეკისრა მის მეპატრონეს გადასახადი და ჯარიმა 1 251 487 ლარი. ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს მიმართა ჯარიმის მოხსნის მიზნით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და აგარაკი აუქციონზე გაიტანეს. არც პირველ და არც მეორე აუქციონზე განაცხადი არ შევიდა.
ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის, რომან კუსიანის განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს აგარაკის დაცლის არანაირი ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია და ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა გუშინ საკუთარი ინიციატივით გამოიტანეს სახლიდან პირადი ნივთები. შესაბამისად, არც გასაღები გადაუციათ ვინმესთვის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კუსიანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სახელმწიფომ არ იცის როგორ მოახდინოს ამ აგარაკის მიღება-ჩაბარების ოფიციალური დოკუმენტის გაფორმება. მისი თანაპარტიელი თემურ მურღული კი ფიქრობს, რომ შეგნებულად არ ხდება აგარაკის აღწერა და ჩაბარება, რომ შემდეგ აგარაკის ქონება სპეკულაციის საგანი გახდეს.
XS
SM
MD
LG