Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი რუსეთს ურჩევს მიბაძოს თურქეთს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა ქართლში გორის რაიონის სოფელ საქაშეთში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის მთავრობის დახმარებით დევნილი მოსახლეობისთვის 100 საცხოვრებელი სახლი აშენდა. სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თურქეთს მიბაძოს და აღნიშნა, რომ თურქეთი, ისევე, როგორც რუსეთი საქართველოსთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში მეგობარი სახელმწიფო არ იყო, თუმცა დღეს საქართველოს კეთილმოსურნეა.
“იმედი მაქვს, რუსეთი გადაიღებს თურქეთის მაგალითს, თუ მას სურს იყოს ისეთივე თანამედროვე და წარმატებული, როგორიც დღეს თურქეთია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორის რაიონის სოფელ საქაშეთში თურქეთის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლების რუსეთის აგრესიისას დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემისას. საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის რაიონში ყოფნისას სოფელ ტირძნისიდან ოთხი ქართველი მოზარდის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. “დიდი რუსეთის იმპერიამ არარსებული საზღვრის დარღვევისთვის ტირძნისელი მოზარდები დააკავა. თუ მათი სიდიადე მოზარდების დაპატიმრებით განისაზღვრება, მათი ეს სიდიადე შესაშური არ არის”, - განაცხადა სააკაშვილმა. გატაცებული ოთხი მოზარდის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG