Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ფიქრობს, როგორ უპასუხოს ირანის მიერ გაეროს გეგმის უარყოფას


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას თანახმად, ვაშინგტონმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება თავის პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ რა სასჯელი დაუწესდეს ირანს გაეროს მიერ შეთავაზებული გეგმის უარყოფის გამო. ამ გეგმით, უნდა შესუსტებულიყო დასავლეთის ეჭვი, რომ ირანი ატომურ იარაღზე მუშაობს. ოთხშაბათს ირანმა განაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი მცირედ გამდიდრებული ურანი გადასამუშავებლად რუსეთში გაგზავნოს, რაც გაეროს გეგმის მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ უკვე დაიწყო მოლაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებთან ირანისთვის სანქციების გასამკაცრებლად იმის გამო, რომ მან უარი თქვა თავისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ შემუშავებულ კომპრომისულ შეთანხმებაზე.

ობამას თანახმად, თეირანმა უარი თქვა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებულ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა იმ შეშფოთების შესუსტებას, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

სამხრეთ კორეაში ვიზიტით ყოფნისას ობამამ თქვა, რომ სადამსჯელო ზომების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, შემუშავებული იქნება, რათა თეირანმა დაინახოს, რომ ურანის გამდიდრების შეჩერების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნების შეუსრულებლობას შედეგი მოაქვს:

„ჩვენი მოლოდინით, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ პოტენციურ ზომებზე ვიმუშავებთ, რომელთა გატარებაც შეგვეძლება ირანისთვის ჩვენი სერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირების მიზნით“, - თქვა ობამამ.

ობამამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ დიპლომატიის გზა ამოწურული არ არის.

გაეროს გეგმის მიხედვით, ირანს 1,200 კილოგრამი მცირედ გამდიდრებული ურანი რუსეთში უნდა გაეგზავნა, რათა იქ ის ბირთვულ საწვავად გადაემუშავებინათ. ამის შემდეგ საწვავს საფრანგეთში გაგზავნიდნენ, კონტეინერებში დასახარისხებლად. ბოლოს საწვავი ირანს დაუბრუნდებოდა, სამედიცინო კვლევით რეაქტორში მოხმარების მიზნით.

მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის განცხადებით, გაეროს წინადადებაში გათვალისწინებული ურანის რაოდენობა მიუღებელია. მისი თქმით, ირანი მზად არის ამ საკითხზე მოლაპარაკება გააგრძელოს და შესაძლოა განიხილოს მცირედ გამდიდრებული ურანის პირდაპირ ბირთვულ საწვავში გაცვლის შესაძლებლობა:

„ეს საპირისპირო წინადადება არ არის - ჩვენ არ შეგვითავაზებია 3.5 პროცენტით გამდიდრებული ურანის 20 პროცენტიან ურანის საწვავში გაცვლა. ასეთი წინადადება მათ წამოაყენეს, ჩვენ კი განვიხილეთ გზა, რომლითაც მისი განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი“, - განაცხადა მოთაქიმ.

მოთაქიმ, რომელიც ამ განცხადებით მანილაში გამოვიდა, სანქციების გამკაცრების შესახებ დასავლეთის მუქარაც გააკრიტიკა:

„ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ. სანქციები 1960-იანი და 70-იანი წლების ტერმინოლოგია იყო. ამას ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიც იყენებენ. ვფიქრობ, ეყოფათ გონიერება, რათა ჩადენილი შეცდომები არ გაიმეორონ. თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული“, - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სანქციების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილება ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმაც გააკრიტიკა. მან განაცხადა, ირანი თავის მიზნებს თვითონ მიაღწევს, რადგან „არაკეთილმოსურნეებს“ და „მტრებს“ არ სურთ ეს ქვეყანა განვითარდეს და კეთილდღეობას მიაღწიოსო.

გაეროს სანქციების ახალი რაუნდის დაწესებას უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის თანხმობა დასჭირდება - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის. ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ხუთშაბათს სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს წევრები, გერმანიასთან ერთად, პარასკევს გამართავენ შეხვედრას ირანის საკითხის თაობაზე.
XS
SM
MD
LG