Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი დეპუტატებისგან გაკრიტიკებული ჰამარბერგი საქართველოში ჩამოდის


ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი დღეს საქართველოს ეწვევა. ჰამარბერგის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლებაა. გასულ კვირაში ქართველმა პარლამენტარებმა ევროსაბჭოს კომისარი უმოქმედობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ”რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც ის არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული ოთხი მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს?” - განაცხადა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა. სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. საქართველო მოზარდების გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს დახმარებას. თომას ჰამარბერგი საქართველოში ვიზიტს 4 დეკემბერს დაასრულებს.
XS
SM
MD
LG