Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ვერტმფრენმზიდის შეძენა ჯერ არ გადაუწყვეტია


რუსეთს ფრანგული წარმოების ვერტმფრენმზიდის ”მისტრალის” შეძენის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია - ამის შესახებ დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ფომინმა განუცხადა. რუსეთის განზრახვამ უნივერსალური სამხედრო ხომალდის შეძენის თაობაზე, შეშფოთება გამოიწვია საქართველოში, რომელმაც საფრანგეთისგან განმარტება მოითხოვა. ამ კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარიზის ოფიციალური განმარტებით, რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სადესანტო ხომალდ ”მისტრალის” შესაძლო მიყიდვის გამო ხელისუფლებას აქტიური დიპლომატიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ. 26 ნოემბერბს დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა გაიხსენა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის, ვისოცკის განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიარაღებაში "მისტრალის" კლასის ხომალდების არსებობის შემთხვევაში საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტისას შავი ზღვის ფლოტი ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არა 26 საათის განმავლობაში. "გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ შავი ზღვის შედარებით მცირე აკვატორიაში რუსეთმა უკვე განათავსა შვიდი დიდი სადესანტო ხომალდი და ფრანგული ვერტმფრენმზიდის შესაძენად ემზადება, ნათელია, რომ რუსული მხარე შეტევით ოპერაციას გეგმავს და საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო დესანტის გადმოსხმისთვის ემზადება” - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთისთვის ფრანგული უნივერსალური ხომალდის მიყიდვა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, რაც ქვეყნის ხელისუფლებისა და პარტნიორი სახელმწიფოებისთვის განგაშის საფუძვლად უნდა იქცეს.
XS
SM
MD
LG