Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ შავიშვილი - პოლიტიკოსი


1 ნოემბერი, კვირა
არასდროს დამიწერია დღიურები, მაშინაც კი, როცა ეს მოდაში იყო. ისიც კი არ ვიცი, დღიურები უნდა წერო თუ უნდა აწარმოო (მე თუ მკითხავენ, “წერა” მირჩევნია). იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ეს, ასე ვთქვათ, შესავალი და კვირა დღის აღწერა ორშაბათის ღამეს იწერება, რადგან კვირას ამის თავი არ მქონდა...
* * *
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. წუხელ მეგობარმა დამირეკა. ნიჩბოსნობის მესვეურებს გაუგიათ, რომ ნუგზარ ფილიევი ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან და მე და ნუგზარს მცხეთაში, ნიჩბოსანთა შეჯიბრზე გვეპატიჟებოდნენ. ვუთხარი, რომ გენადი პატარაიას და ვაჟა თათარაშვილსაც დავურეკავდი. გაუხარდათ, დამპირდნენ, თუ მოვინდომებდით, ნავშიც შევძლებდით ჩასხდომას. ჰოდა, მთელი ღამე მელანდებოდა, ნავში როგორ ჩავსხდებოდით და ვუჩვენებდით ბებრები ახალგაზრდებს, რა არის ნამდვილი აკადემიური ნიჩბოსნობა (ტექნიკას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)!
თავისუფლების დღიურები - რევაზ შავიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:58 0:00
საოცარი კაცია ნუგზარი – ნამდვილი ოსი და ნამდვილი ქართველი. ბრწყინვალედ ფლობს ორივე ენას. სიგიჟემდე უყვარს საქართველო. დიდი პატრიოტია. აქ რომ უმუშევარი დარჩა, 1994 წელს ვლადიკავკაზში წავიდა, შემდეგ ოჯახიც წაიყვანა. თავისი საქმე წამოიწყო – სამშენებლო ბრიგადა ჩამოაყალიბა და სამუშაოც ბევრი აქვს. მოკლედ, ჩარჩა იქ. სულ უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.
19 წლის იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ მიიწვიეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, უძლიერეს ეკიპაჟებში იჯდა. მაგრამ მისი ხასიათის გამო – სიმართლეს პირში ახლის ყველას, რანგისა და ავტორიტეტის მიუხედავად – პერიოდულად გამოაბრძანებდნენ ხოლმე იქიდან. ჩამოვიდოდა საქართველოში, ჩვენი ნაკრებიდან აიყვანდა მეწყვილედ რომელიმე ახალგაზრდას და შემდეგ წელიწადს “ცხვირ-პირს უნაყავდა” ყველა ავტორიტეტს. ისევ მიიწვევდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში და მერე ისევ გამოუშვებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ მეც გავხდი მისი მეწყვილე და დღემდე ვამაყობ ამით. თუკი ვინმემ რამე მასწავლა სპორტის ამ სახეობაში, ლომის წილი ნუგზარზე მოდის. ამასვე იტყვის ბარე ათი კაცი.
ასეთი ნებისყოფის ადამიანი ბევრი არ მინახავს. რამდენიმე წლის წინ დეიდა გარდაეცვალა და ჩამოსული იყო. კოჭლობდა. ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი. სირბილის დროს ფეხები დავიზიანე და ჭრილობები არა და არ მიხორცდებაო. აღმოჩნდა, რომ ერთი თვით ადრე ოთხდღიანი, 220-კილომეტრიანი სუპერმარათონი ურბენია! აღვშფოთდი – მაგ მარათონს ექიმები არ ჰყავდა, 52 წლის კაცი როგორ დაგიშვეს-მეთქი?! ექიმმა ხელწერილი დამადებინა – რამე რომ მომსვლოდა, პასუხისმგებლობას იხსნიდაო. მოიგებდი-მეთქი – გავეხუმრე. კი, მოვიგეო, სერიოზულად მიპასუხა და უცებ წარმოვიდგინე ორმოცდაათს გადაცილებული 110-კილოგრამიანი ჭაღარათმიანი ნუგზარი და მის გვერდზე 20-30 წლის ორმოცდაათამდე ჩიტისწონიანი მორბენალი, მათ შორის რუსეთის ნაკრების წევრები, ჩემპიონები და პრიზიორები. რა ნებისყოფა გინდა კაცს, ეს რომ გააკეთო! ასეთი კაცია – გულუბრყვილო, ჯიუტი, მიზანდასახული, ნებისყოფიანი და მხიარული.
ნუგზარს და გენადის გავუარეთ და თორმეტზე მცხეთაში ვიყავით. ვაჟა იქ დაგვხვდა. სხვა ვეტერანებიც ვნახეთ – ავთანდილ და კაკო კაპანაძეები, დიმა ლოლუა, ოთარ ბერელიძე, ირაკლი მოდრეკილაძე, მერაბ ჩიქობავა, ნიჩბოსნობის სხვა სახეობების წარმომადგენლები. ძალიან თბილი შეხვედრა იყო.
წინა დღეებში გადაუღებლად წვიმდა და ძალიან ციოდა. ტალახში ამოვისვარეთ. მაინც კარგი იყო. ერთიანებში და უმესაჭეო ორიანებში იყო შეჯიბრი ერთწუთიანი ჰანდიკაპით. ძირითადად 15-17 წლის ბიჭები გამოდიოდნენ. გეოგრაფია - ტრადიციული: თბილისი, ფოთი, ქუთაისი, მცხეთა. ნავები აშკარად არ ჰყოფნით და ერთი რომ ამთავრებს დისტანციას, მეორე ჯდება და სტარტზე მიდის. ბიჭებმა იციან, ვინც ვართ და ცდილობენ ჩვენს წინ ლამაზად ჩაიარონ, კლასი გვიჩვენონ. კლასი კი, რბილად რომ ვთქვა, მაღალი არ არის. ორი-სამი ენთუზიასტის ამარაა დარჩენილი აკადემიური ნიჩბოსნობა. ნავების გარდა, არ ჰყოფნით ნიჩბები, შეკრებები, შეჯიბრებები, ერთი სიტყვით – ფული და, ასე თუ გაგრძელდა, ნიჩბოსნობა აღარ იარსებებს. არადა, ტრადიციები გვქონდა. რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ვნახეთ, შესაბამის პირობებში კარგი შედეგები ექნებათ.
მაინც დიდი სიამოვნება მივიღეთ. ოთხი საათი ფეხზე ვიდექით ამ სიცივეში და დაღლა არ გვიგრძვნია. ნავში ჩაჯდომა ვერ მოვახერხეთ – ციოდა, ტალახი იყო და ისე დავისვრებოდით, რომ მანქანაში არავინ ჩაგვსვამდა. გული დამწყდა, თუმცა ბიჭები დამპირდნენ, ოღონდ თქვენ მოინდომეთ და კარგ ამინდში გვესტუმრეთ, ამ საქმეს ადვილად მოგიხერხებთო.
შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო მეგობრული სუფრა ნატახტარში. თერთმეტი კაცი ვიყავით, სულ ძველები. ადვილი არ არის ამ გოლიათებში თამადობა – ისინი დღესაც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამჯერად ღვინის სმაში. ამ პირობებში მეც, ვფიქრობ, მოვალეობას კარგად გავართვი თავი. ბევრი დავლიეთ, ბევრი გავიხსენეთ, ბევრი ვიცინეთ, ცოტა ვიტირეთ, ერთმანეთი არ გვეთმობოდა და სრულიად ბედნიერები დავიშალეთ ღამის სამ საათზე.

2 ნოემბერი, ორშაბათი
გვიან გავიღვიძე. წუხანდელის შემდეგ სიმძიმეს ვგრძნობდი. მაინც კარგ გუნებაზე ვიყავი – ამინდის მიუხედავად, ძალიან თბილი და ნათელი დღე მქონდა გუშინ.
თორმეტი საათისთვის პარტიის ოფისში ვიყავი. ადიგენში ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მელოდებოდა. ადგილობრივი პოლიცია პრობლემებს უქმნის – ხუთი წლის წინ ჩატარებული შემოწმების მასალები ამოიღეს, ციფრები გადააკეთეს და საქმეც აღძრეს. ადვილი არ არის ვანო მერაბიშვილის სამშობლოში ოპოზიციონერობა. ჩემს მოადგილესთან, თამაზ ხუციშვილთან, ერთად ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ყველა ერთად ჩავალთ ადიგენში, რაიონულ ორგანიზაციასაც დავაფუძნებთ (ამისთვის ყველაფერი მომზადებულია) და პარტიის ლიდერები და იქაური წევრები ერთად მივაკითხავთ რაიონის გამგებელს და პოლიციის უფროსს. ვნახოთ, რას გვეტყვიან.
თბილისის ორგანიზაციის დებულების ახალი ვარიანტი დამახვედრეს (წინა კვირაში პირველი ვარიანტი დავიწუნე). უმუშავიათ. შენიშვნა ცოტა მქონდა. ერთი სიტყვით, მისაღებია.
პოლიტსაბჭო შეიკრიბა. 7 ნოემბრის თაობაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ტელევიზიასთან აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმეა და ჩვენ იქ არ მივალთ. ჩვენი წევრები და მხარდამჭერები ქაშუეთთან შევიკრიბებით შარშანდელივით.
დღეს კახა შარტავას დაბადების დღეა და პოლიტსაბჭოს შემდეგ “ვიწრო წრეში მეგობრული ვახშმის” იდეა შევთავაზე. კატეგორიული უარი მითხრა.
წინა კვირაში ია ანთაძემ დამირეკა და დღეისთვის რადიო “თავისუფლებაში” თავისი გადაცემის სტუმრად დამპატიჟა. შვიდის ნახევარზე იასთან ვიყავი. თორმეტწუთიანი პირდაპირი ეთერი გვქონდა. იამ ბლოგის კომენტატორების გამოგზავნილი სამი თუ ოთხი შეკითხვა დამისვა. ჩემი პასუხებით აღფრთოვანებული არ ვარ – დრო ცოტა იყო და ვჩქარობდი, თუმცა, ვფიქრობ, არც არაფერი გამიფუჭებია.
ხვალ, 9 საათიდან, კომენტატორები კითხვებს დამისვამენ ინტერნეტში და მე უნდა ვუპასუხო. საინტერესოა, რა გამოვა.
ეთერის შემდეგ სახლში დავბრუნდი – ვახშამი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პარალელურად - ტელევიზორი. ერთი თვეა, კორტასარის ერთ რომანს ვაცოდვილებ. წაკითხული არ მქონდა – 2000 წლამდე რუსულად ნათარგმნი არ იყო. ინტერნეტში წავაწყდი და გადმოვიწერე. გულს ვერ ვუდებ, რამდენჯერმე ვუბრუნდები წაკითხულს, ბოლოს თავს ვანებებ – იქნებ ხვალ მოვახერხო წაკითხვა.

3 ნოემბერი, სამშაბათი
დილას ოფისში არ წავედი. ვახტანგ ბურდულს მამა გარდაეცვალა და საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიაში, სამძიმარზე უნდა მივსულიყავი 1 საათისათვის. დრო მქონდა და გიოს მათემატიკის რვეულს ჩავხედე. ოცამდე მაგალითი ჰქონდა გაკეთებული. ძალიან უყურადღებოა და რამდენიმე ელემენტარული შეცდომა აქვს დაშვებული. მთლიანობაში არა უშავს.
ჩემთვის მოულოდნელად, სულ ცოტა ხნის წინ, 17 წლის ასაკში, მათემატიკას გემო გაუგო და საკმაოდ რთულ ამოცანებს ხსნის. ალბათ გენეტიკამ გაიღვიძა – დედა მათემატიკოსი ჰყავს, მამა – ფიზიკოსი. თვითონაც უკვირს და ძალიან უხარია. ამოხსნის ამოცანას და მორბის, მაჩვენებს და, ხომ მაგარი ვარო, მეუბნება. გაზაფხულზე სკოლას ამთავრებს და არქიტექტორობა უნდა. საკმაოდ კარგად ხატავს – ხელოვნების სკოლა აქვს დამთავრებული.
ოფისში სოსლან გარსევანიშვილი დამხვდა, საგარეჯოს ჯგუფის ხელმძღვანელი. რაიონული ორგანიზაციაა დასაფუძნებელი. ადრე პრობლემები ჰქონდათ, ახლა ყველაფერი წესრიგშია, დადგენილი ნორმებიც შესრულებული აქვს. შევთანხმდით, რომ 7-ის შემდეგ თარიღს დავთქვამთ და საგარეჯოში ჩავალთ.
საღამოსკენ ჩემი დისშვილი, ლევანი, მოვიდა და ირაკლი მირზიაშვილი მოიყვანა – პარტიის ვებსაიტი ნახეს და აზრი მითხრეს. საიტი პრაქტიკულად მზად არის, მაგრამ მე არ მომწონს, უფრო სოლიდური და დახვეწილი მინდა. სოლიდურს და დახვეწილს ფული უნდა, ფული კი არ არის. მოკლედ, პრობლემაა.
მაგდა პოპიაშვილმა, ჩვენმა პრესმდივანმა, მთხოვა “მაესტროზე”, თამუნა ჩიქოვანის გადაცემაში მონაწილეობა. უარი ვუთხარი – მაგ დროს ია ანთაძის ინტერნეტ-კონფერენცია მაქვს-მეთქი. ირაკლი მელაშვილი წავიდა “მაესტროზე”.
9 საათზე მე და ლევანი კომპიუტერთან ვიყავით. მე ვკარნახობდი, ის ბეჭდავდა. მთლიანობაში კარგი შეკითხვები იყო და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი. სამსაათნახევარი ვპასუხობდი ბლოგის კომენტატორების შეკითხვებს. იას დავურეკე, კარგი იყოო, მითხრა. დამთავრების შემდეგ რამდენიმე კითხვა კიდევ გაჩნდა. პასუხები ადვილია, მაგრამ ტექნიკურად როგორ უნდა შევასრულო, არ ვიცი. არა უშავს, კვირის ბოლომდე ვუპასუხებ.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი
დღეს ჩვეულებრივზე ადრე მივედი ოფისში. 7 რიცხვი ახლოვდება და უამრავი წვრილმანი საკითხი მქონდა გადასაწყვეტი.
დღისით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვესტუმრნენ. 7 ნოემბრის თაობაზე რჩევები გვკითხეს. მე, კახა და გუბაზი ვესაუბრეთ ორი საათის განმავლობაში.
თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებია ჩასატარებელი. შესავსებია კრწანისის და მთაწმინდის ორგანიზაციების ბიუროები, ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის ორგანიზაციები კი გასაყოფია. გუბაზმა მთხოვა, დავსწრებოდი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს. ამ საქმემ მთელი საღამო დაიკავა.
დღეს სხვა რამ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ღამით - ისევ ინტერნეტი და, პარალელურად, ტელევიზორი.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილით ოფისში მივედი. ისევ უამრავი წვრილმანი საკითხი მქონდა გადასაწყვეტი. თამაზ ხუციშვილი რომ არ მყავდეს, თავსა და ბოლოს ვერ გავუგებდი – ყველაფერი აღრიცხული აქვს, ყველაფერი დალაგებული, ყველა საქმის მოგვარება შეუძლია. მოკლედ, მოადგილეც ასეთი უნდა!
3 საათისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მეომრების დედები გვესტუმრნენ. კახამ მთხოვა, ერთად შევხვდეთო. მოგვიანებით გუბაზიც შემოგვიერთდა. უმძიმესი მოსასმენია ამ ადამიანების ამბავი. ამ ქვეყანას მათ ყველაზე ძვირფასი – შვილების სიცოცხლე მისცეს, სახელმწიფომ კი ბედის ანაბარა დატოვა – არავითარი სახსარი, დახმარება, უბრალო მოკითხვაც კი. არადა, რა ღირსეული ქალბატონები არიან – არაფერს გთხოვენ, უბრალოდ იბრძვიან დაღუპულებისა და მათი დანატოვარისათვის. ღირსება სურთ რომ შეინარჩუნონ და ვიცი, თავისას აუცილებლად მიაღწევენ.
უსმენ ამ ქალბატონების ამბებს და სანუგეშებელ სიტყვასაც ვერ პოულობ. თავს დამნაშავედ გრძნობ და არ იცი, როგორ დაეხმარო. წასვლისას აქეთ გვამშვიდებენ და მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ მოვუსმინეთ.
მთელი დღე გულდამძიმებული ვიყავი. საღამოს “კავკასიის” ეთერში იმდენად უხალისოდ ვლაპარაკობდი, რომ რეკლამის დროს აქუბარდიამ მკითხა, რა გჭირსო. მეორე ნახევარში, უსახლკარო ქალბატონმა რომ დარეკა და თავისი გასაჭირი გვითხრა, ძალიან გავცხარდი და, მე რომ არ მიყვარს, ისე ვილაპარაკე – ხმამაღლა და უსისტემოდ. ერთი სიტყვით, ცუდი ეთერი მქონდა. სტუდიიდან რომ გამოვედი, ნუგზარს დავურეკე, თუ დრო გაქვს, სადმე დავსხდეთ-მეთქი. უცბად მოვიდა თავისუფლების მოედანზე. ვუთხარი, წამო, ოსები უნდა გაგაცნო-მეთქი და მეიდანში რომ “ალანია”, იქ ჩავედით. აღმოჩნდა, რომ “ალანში” ოსები არ მუშაობენ. კარგად დაგვხვდნენ. ხაბიზგინი, მწვადი, ლუდი და ცოტა არაყი და ხასიათიც ნაწილობრივ გამოვისწორე. როცა თავს ცუდად გრძნობ, მეგობართან ურთიერთობა საუკეთესო წამალია.

6 ნოემბერი, პარასკევი
დილას ოფისში, მაგიდაზე, ნიკო ორველაშვილის “საგადასახადო სისტემის კონცეფცია” დამხვდა. ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია და 3 საათზე განხილვა იყო დანიშნული.
ყურადღებით წავიკითხე, ბევრი შეკითხვა გამიჩნდა. ირაკლისაც ჰქონდა შენიშვნები. თუმცა, ნიკოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმეტესობაზე დამაჯერებელი პასუხები გაგვცა. რამდენიმე შენიშვნაზე თქვა, აუცილებლად გავითვალისწინებო. მთლიანობაში საქმიანი განხილვა გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ – კარგი დოკუმენტი გვექნება.
საღამოს ისევ საორგანიზაციო საკითხებს განვიხილავდით – 7 ნოემბრის აქციისა და თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებისას.
ჩემი ოფისის კომპუტერმა ისევ აურია – ჩავრთავ, დავიწყებ მუშაობას, მოულოდნელად გამოირთვება. თუ მოვახერხე და ისევ ჩავრთე, ცოტა ხანში ისევ გამოირთვება და ასე, დაუსრულებლად. ერთი სიტყვით, გადასაგდებია, მაგრამ ფული ისევ არ გვაქვს.
ღამით ამ ჩანაწერებს გადავხედე. ხვალ “თავისუფლებაში” 6 საათისთვის ჩაწერაა და ჩასასწორებლად დრო არ მექნება – 4 საათზე ქაშუეთთან ვიკრიბებით.

7 ნოემბერი, შაბათი
დილიდან ამ ტექსტის აკრეფას შევუდექი. სამი საათი მაინც დამჭირდა. კომპიუტერის კლავიატურასთან ორთითიანი ვარ. შემდეგ - ოფისი. იქ პრაქტიკულად არაფერი გვიკეთებია. ყველა დღევანდელი აქციის მოლოდინში იყო. მე და კახა ოთხის ნახევარზე დავიძარით რუსთაველისკენ. ფორუმელები იქ უნდა შეკრებილიყვნენ. ამდენ ხალხს ჩვენც არ ველოდებოდით. ფაქტიურად ქუჩა “ფორუმელებით” გადაიკეტა. შემდეგ ტელევიზიიდან მსვლელობით არასამთავრობოები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ. ფორუმმა თბილი შეხვედრა მოუწყო მოსულებს. 2 საათს გაგრძელდა ეს საპროტესტო აქცია. ვფიქრობ, რომ ეს დღე მომავალში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის დღედ უნდა გამოცხადდეს.
კვირა დასრულდა. ცხოვრება გრძელდება.
* * *
არ მომეწონა დღიურების წერა და ცოცხალი თავით ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ.
სხვისი არ ვიცი და საკუთარი განცდის საჯაროდ გამოტანა მეუხერხულა. ჩემი საკუთრებაა, თან ისეთი, არავისთვის რომ არ მემეტება გასაზიარებლად. ამიტომ, ზემოთ ნაწერი გულწრფელი არ არის და, შესაბამისად, არც ნამდვილია.
XS
SM
MD
LG