Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურ კვაშილავა - პოლიტოლოგი


15 ნოემბერი, კვირა
კვირა დილა. სავარაუდოდ, გვიანობამდე გძინავს და ისვენებ. სავარაუდოდ, პარასკევი და შაბათი ისე გაატარე, როგორც თანამედროვე ქართულ საშუალო ფენაში შედარებით მომძლავრებული დასავლური კულტურა გვასწავლის – ბარი, სასმელი, მეგობრები, ნაცნობები, მეორე რიგის ნაცნობები, მათი ნაცნობები და მეორე დილით, ნაბახუსევზე, მცირედი ამნეზია.
სავარაუდოდ... ასეა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვერ ვახერხებ ამ პრინციპების მტკიცედ დაცვას. მიზეზი ბანალურია, თუმცა თავისი ფორმით ბევრ გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემას წააგავს; როგორც ჩანს, როცა 32 წლის ხარ, თანდათან უკვე ამჩნევ, რომ კომფორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებად გადაიქცა. ამიტომ, საღამოს უმანქანოდ გასვლა მეზარება. შესაბამისად, თუ მანქანით ხარ, ვერ დალევ (აქ კავშირი კანონმორჩილებასთან და სახელმწიფოს მშენებლობასთან პირდაპირია). თუ ვერ დალევ, ესე იგი, სათანადოდ გართობის შანსები მცირდება. არა იმიტომ, რომ დალევა აუცილებელია; მაინცდამაინც არც მიყვარს. უბრალოდ, კონტექსტია პრობლემური – მიდიხარ გასართობად, მაგრამ შეზღუდვებით.
თავისუფლების დღიურები - ბაკურ კვაშილავა
please wait

No media source currently available

0:00 0:11:27 0:00
შეზღუდული გართობა კი ჩემს ფილოსოფიაში არ ზის. კი, მაგრამ ხომ არსებობს ალტერნატივა? ალტერნატივა, რომელიც სხვადასხვა ფერით, ფორმით და ხასიათით ათასობით ამშვენებს ჩვენს ქალაქს?! მერე რა, რომ ბევრი მათგანი უსაფრთხოების ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს? მერე რა, რომ მათი უმრავლესობა მოძრაობის წესებს არ იცავს? მერე რა? არც არაფერი. ჩემს თაობას ბოლო 15 წლის მანძილზე იმდენად მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს გამოვლილი, მსგავსი ნიუანსები არ აბრკოლებს. ჩემი პრობლემა სულ სხვაა. მიუხედავად დასავლური კულტურის მომძლავრებისა, რომელიც ვერცთუ სათანადოდ, მაგრამ აღვნიშნე, ჩვენი ტრადიციებიც საკმაოდ ცოცხალია. ერთი მათგანი: მამაკაცი ტაქსში მძღოლის გვერდით, წინა ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით არაფერი, არა? არაფერიც და ყველაფერიც. ამ ფორმით, ტაქსის მძღოლსა და მგზავრს შორის უხილავი სოციალური კონტრაქტი ფორმდება, რომლის ცალმხრივი დარღვევა შინაგან ბრძოლას იწვევს. ეს კონტრაქტი მოიცავს სხვადასხვა მიმდინარე მომენტში შენთვის მეტად არააქტუალურ საკითხებზე მსჯელობას (ნაბახუსევი, შეგნებულად ამაო, მაგრამ მაინც საამოდ მეოცნებე განწყობა იმ გოგოს მიმართ, ბარში რომ იდგა, თუ ცეკვავდა, თუ კარაოკეზე მღეროდა; ფიქრი იმაზე, თუ შაბათს რას შვრებით და ა.შ.), თამბაქოსა და ცეცხლის ურთიერთგაცვლას (მშვიდობის ჩიბუხი შეიძლება გაგვახსენდეს), და სხვა. მართალია, კონტრაქტის ვადა დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე ვრცელდება და ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები შეიძლება არც ამოქმედდეს, მაგრამ ყოველთვის გახსოვს, რომ საშიშროება საკმაოდ დიდია, რომ მოგიწიოს საუბარი შემდეგ თემებზე: სააკაშვილი და ოპოზიცია, რუსეთი (ფორმატი: რას ვერჩით რუსეთს? ნეტა რას ვერჩით? თუ გვერჩის?), ამერიკა (ლაიტმოტივი: მაგათ ჩვენი არ ესმით), ბენზინი (პრობლემა: აძვირებენ და იპარავენ, თან ყველგან), და კიდევ კალენჩატი ვალი, შარავოი, რემენი და ა.შ. და ხშირად - ზოგადსაკაცობრიო სევდა ცხოვრების ამაოებაზე: „ეჰ, ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ ახლა უნდა ვტაქსაობდე?..“ აი, ეს მეზარება. შესაბამისად, ვიკენდიც ვარდება.

16 ნოემბერი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეა. კლიშეა, მაგრამ, როგორც დერილ ვან ჰორნი ამბობს, სიმართლეა. 12 საათზე რექტორატი, 7-ის ნახევარზე კი - ლექცია. რექტორატი პროცესია, რომელიც სადღაც 1-დან 2 საათამდე გრძელდება. ლექციაც, პრინციპში, პროცესია. ზოგი პროცესი სასიამოვნოა, ზოგი - პირიქით, ზოგიც, უბრალოდ, პროცესია.
ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც მიზნისკენ ვიაროთ, ამ მიზანს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს. ახლა ვფიქრობ ისევ აქამდე ნაფიქრალს და არცთუ უსაფუძვლოდ მეჩვენება, რომ პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი. მიზნის მიღწევა სასიამოვნოა, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზნები ხანგრძლივი დროის შემდეგ მიიღწევა ხოლმე. ამ დროის განმავლობაში კი ბევრი რამ იცვლება, შეიძლება ის მიზანი ისეთი მიმზიდველიც აღარ არის. მერე ფიქრობ, რამდენი წელი, თვე დაკარგე. უარეს შემთხვევაში კი აანალიზებ, რამდენი კომპრომისის გაკეთება მოგიწია ამ, აწ უკვე არააქტუალური მიზნის მისაღწევად, მათ შორის, შესაძლოა, საკუთარ სინდისთანაც... აქცენტი პროცესზე ამ პრობლემას გადაწყვეტს. აქ კიდევ ერთ ლიტერატურულ პერსონაჟს დავესესხები: ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმე.
დილემა - „ჯერ სახელმწიფოს მშენებლობა, მერე დემოკრატია და თავისუფლება“ - ამ კონტექსტში უკვე აღარ დგას. სამართლიან და სწორ გადაწყვეტილებებამდე, ძირითადად, სწორი და სამართლიანი გზით მივდივართ. და მაინც, ძირითადად და არა ყოველთვის...

17 ნოემბერი, სამშაბათი
გუშინდელი ლექცია ცოტა ადრე, საღამოს 9-ზე დამთავრდა; თემა – ცივილიზაციათა შეჯახება. ვერ მოვასწარი, ჰანტინგტონის გადარჩენა მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლისგან, ეტყობა, შუალედური გამოცდის დროს დაშვებული შეცდომების გარჩევამ შემიყოლა. შეცდომები ტიპურია: პასუხები კითხვაზე, რომელიც არ დასმულა, პასუხი, რომელიც ნაწილობრივ მოიცავს საკითხს, პასუხი, რომელიც ერთი წინადადებაა და არაფერს ნიშნავს, მაგრამ გულისხმობს (?!) აწ გარდასულ ფილოსოფოსთა წლების მანძილზე ნააზრევს... ტიპურია. ჩემთვის მოსალოდნელი, სტუდენტებისთვის - უფრო ნაკლებად. ვეუბნები, რომ ეს პროცესია, მთავარია, შემდეგ ჯერზე უკეთ ჩამოაყალიბონ აზრი. ასეც იქნება, იმედი მაქვს...

18 ნოემბერი, ოთხშაბათი
სამსახურში ვარ. ორშაბათს გადადებული რექტორატი დღეს ჩატარდა და დამთავრდა. თუმცა, ეს პროცესია და უდავოდ გაგრძელდება. გამოვნახე დრო Barnes & Noble-დან სასოებით გამოწერილი, აწ ჩამოსული ბიბლიოთეკის გადასათვალიერებლად. წიგნები მე და თორნიკე შარაშენიძემ შევარჩიეთ. იმან ჯაშუშებზე, მე - დემოკრატიასა და რეჟიმებზე. არაფერია აქ პარადოქსული. უბრალოდ, თორნიკე დაზვერვის შესახებ ასწავლის, მე კი შედარებითი პოლიტიკა მარგუნა განგებამ. ორმა წიგნმა განსაკუთრებით დამაინტერესა; ერთი, მანკურ ოლსონის „ძალაუფლება და კეთილდღეობაა“ და მეორე - რობერტ ჯარვისის „სუბიექტური აღქმის პრობლემა საერთაშორისო პოლიტიკაში“. ერთმაც და მეორემაც, გარკვეულწილად, უნდა გასცეს პასუხი იმ ძირითად კითხვებს, რაც გვაწუხებს. პროცესი თუ მიზანი (იგივეა რაც, დემოკრატია და/თუ კეთილდღეობა) და ადამიანური შეცდომის ფაქტორი საერთაშორისო პოლიტიკაში. შესაძლებელია თუ არა ამ გარდაუვალი მოსალოდნელობის შერბილება პროცედურით და გამართული ინსტიტუტებით?

19 ნოემბერი, ხუთშაბათი
ტელევიზორს პრაქტიკულად აღარ ვუყურებ. ორი-სამი კვირაა განსხვავებულ რეჟიმში ვარ. კარგია, რომ ჟურნალისტები იმდენად აღარ აქტიურობენ. ამ კვირის განმავლობაში სულ სამჯერ დამირეკეს, აქედან ერთხელ, და ისიც რადიო თავისუფლებას მივეცი კომენტარი – ევროკავშირის მონიტორთა მისიას აქვს წინადადება, სატელიტით დააკვირდეს კონფლიქტის ზონას. რა უნდა თქვა? დააკვირდეს.
განსაკუთრებული ფენომენია ექსპერტობა ქართულ რეალობაში. მახსოვს, როგორ ვცდილობდით მე და ლევან ცუცქირიძე, გაგვეფრთხილებინა ყველა ჟურნალისტი, ექსპერტი (რისი?!) არ მიეწერათ ჩვენი სახელის ქვემოთ. მერე, მე პირადად, ხელი ჩავიქნიე. მე და თორნიკე დღეს ვფიქრობდით ამ საკითხზე და გავიაზრეთ, რომ დასავლურ საინფორმაციო არხებზე ასეთი ფენომენი არ არსებობს. არის ანალიტიკოსი ჟურნალისტი მოცემულ სფეროში, რომლის ერთადერთი საქმე სწორედ ამ მიმართულების ნიუსების, კომენტარებისა და ანალიზის შეჯამებაა. მე მაინტერესებს რეჟიმების ტრანსფორმაცია, დემოკრატიის კონსოლიდაცია, ვერკონსოლიდაცია, ავტორიტარიზმის ერთი ფორმის მეორით შეცვლა და ა.შ. ამიტომ, მიჭირს, დავთანხმდე თემებს, სადაც საუბარია სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ინიციატივებზე, რეგიონული პოლიტიკის ყოველდღიურ პერიპეტიებზე და ა.შ. ხანდახან მაინც ვერ ვამბობ უარს, მერე კი საკუთარ თავზე ვბრაზდები.
დღეს ორი ძველი, თუმცა არდავიწყებული, მეგობარი მესტუმრა: გიორგი და ზვიადი. ცალ-ცალკე მოვიდნენ. ამ ბოლო დროს იშვიათად ვნახულობ მეგობრებს. ორივემ ამ დღეებში სამსახური გამოიცვალა. დინამიკურად ვითარდება ქართული ეკონომიკა. გიორგი კმაყოფილია, ამ ეტაპზე ნაკლები ხელფასი და მეტი თავისუფლება აირჩია. ზვიადს საინტერესო დავალება აქვს: ქართული ტრადიციული ბიზნესი თანამედროვე ყაიდაზე უნდა მოიყვანოს. ვატყობ, ნერვიულობს. ვამშვიდებ, ვეუბნები, იმდენად არაორგანიზებული ჩანს ეს კომპანია, შესაძლებელია, მხოლოდ პროცედურების დანერგვამ გამოიღოს სასურველი შედეგი, ისე, რომ პიროვნებები და კადრები გადარჩნენ.
საინტერესოა, ზოგჯერ, საკუთარი თავის უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩენა. იმის გააზრება, რომ ფსკერზე დაეშვი, შეფარული იღბალი და პერსპექტივაა. ამაზე უარესად ვერ იქნები. ამის იქით მხოლოდ უკეთესობაა.
...ევროკავშირის სატელიტები კონფლიქტის ზონის მიდამოებს ირაოთი შემოუვლიან... დაე, იფრინონ...

20 ნოემბერი, პარასკევი
დღეს ისევ ლექცია მაქვს. ამჯერად, ახალ (?!) მსოფლიო წესრიგზე უნდა ვიმსჯელოთ. უნიპოლარულია მსოფლიო თუ მულტიპოლარული? ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას ჩვენთვის. ფაქტია, რომ ძალიან დიდი.
რამდენიმე დღის წინ საინტერესო იდეა მომივიდა. ამ იდეამ წინასწარი განხილვა ოჯახურ წრეში საღამოჟამს გაიარა, დღეს კი თანამშრომლებს წარვუდგინე. წინა მცდელობებისგან განსხვავებით, სრული მხარდაჭერა მივიღე. ეს არის ეპიკური სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაშრომის ფაბულა. საქართველო, როგორიც არის 2009 წლის 20 ნოემბერს, 21 ნოემბერს იღვიძებს 2000 წლის წინ. საქართველო, თავისი ენგურჰესით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციით, მთავრობით, „კაუკასუს ონლაინით“ და „აიეტით“, ტაქსოპარკით, ოკუპირებული ტერიტორიებით, აქ განთავსებული საელჩოებით, სეპარატისტული მთავრობებით, პენსიონერებით და ახალგაზრდებით შეხვდება ჩვ. წ. აღ-ის მე-9 წლის 21 ნოემბრის გარიჟრაჟს. ჩვენ ირგვლივ ისტორიული წარსულია, პართია, სომხეთი, ალბანეთი, პონტო... ხოლო რომში ადრეული იმპერიის ოქროს ხანაა – ოქტავიუს კეისარი ცდილობს, ცოტა ხნით მაინც დახუროს ორსახოვანი იანუსის ტაძრის კარები...
როდის მივხვდებით, რომ რაღაც შეიცვალა? როცა „სპორტ 1“-ს ვეღარ დავიჭერთ? თუ როცა სარფის საბაჟოზე თურქული პოსტის ნაცვლად გაუვალი ტყე დაგვხვდება?.. რას ვიზამთ? დავიმონებთ სხვებს? საკუთარ ხალხს? ფაქტია, დემოკრატიას ვეღარავინ დაგვაძალებს. თუ გავანათლებთ მეზობელ ტომებს? თუ ჩვენც გადავშენდებით და მათ დავემსგავსებით რამდენიმე წელიწადში?
დისკუსიის დროს ერთ რამეზე შევთანხმდით: საქართველოს მაგივრად უკვე ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრიობის ქვეყანა რომ წარმოვიდგინოთ (მაგალითად, საფრანგეთი), დიდი ალბათობით ვიტყვით, ცივილიზაცია არ გადაშენდებაო. ჩვენს შემთხვევაში ვკამათობთ, გვახსენდება მხედრიონი, სამოქალაქო ომი, ჰობსისეული ბუნებრივი მდგომარეობა, გვახსენდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც და თანამედროვე ავტოსტრადაც (სწორედ ის, უკვე იგოეთს რომ გაცდა) და სინათლის ქალაქიც... ვმსჯელობთ, ვკამათობთ და ეჭვი გვიპყრობს. მე მაინც მგონია, რომ ცივილიზაციას გადავარჩენდით. ალბათ იმიტომ, რომ ასე მინდა...
ჯერ კიდევ რამდენი რამ არის გასაკეთებელი, სანამ მსგავსი ჰიპოთეზური პრობლემის განხილვისას ეჭვი არ შეგვიპყრობს...

21 ნოემბერი, შაბათი
ადრე გამეღვიძა. მოხუცები და ბავშვები თურმე ადრე იღვიძებენ. მეც. დილას, ჩვეულებისამებრ, არ ვსაუზმობ: შხაპი და ჩაი. ჩავდივარ და მანქანას ვქოქავ. ტიპურ 14 თუ 17-სართულიან (ზუსტად, ახლაც არ ვიცი), ფეხებზე შემდგარ კორპუსში ვცხოვრობ. მანქანა ამ ფეხებს შორის არის გაჩერებული თუ გაჩხერილი. ახალი გადასული ვარ დიღომში, ასე რომ არავის ვიცნობ. შუა ხანს გადაცილებული ქალბატონი მიახლოვდება და თავაზიანობით შეკავებული ბრაზით მაცნობებს, რომ აქ მანქანის დაყენება არ შეიძლება, ვინაიდან მანქანის სიმძიმე ფუნდამენტს ჩაიტანს და კორპუსს ჩაიყოლებს (?!). არ მეჩქარება – შაბათია. ამიტომ ვეკითხები, რის საფუძველზე ამტკიცებს ამ კატასტროფის მოსალოდნელობას. საბუთი: ამხელა ქალი, ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, რადგან ასე ამბობს, ესე იგი ასეა. ვაცნობიერებ: ჩემი იმედი, რომ მოწმენი ვართ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ნიშნებისა ლოკალურ დონეზე, გაცამტვერდა. აქ ცოტა სხვა რამესთან გვქონია საქმე: а у нас управдом друг человека!
საღამოს, რადიო თავისუფლებაში უნდა გავიდე. ჩამოვდივარ კიბეზე, აწ უკვე გაცნობილი ამხანაგობის თავმჯდომარე, მოხალისედ თვითდასაქმებული ქალბატონი (არიან ასეთებიც), ამჯერად შექეიფიანებულ ახალგაზრდებს მიმართავს: „შვილო, ხომ არ გინდათ, მანქანა სხვაგან დააყენოთ?“ პასუხი ამჯერად ჩემს დილის რეპლიკაზე უფრო “ადეკვატურია”: „ახლა რა გინდა ბოლო-ბოლო, ქალო? აღარ შემეშვები?“ ფონად კი: „კაი, გაანებე, არ გინდა რა, შეეშვი, ტო!“ შედეგი: ამხანაგობის თავმჯდომარე დიაგონალზე ჭრის გზას, კონფლიქტის ეპიცენტრს შორდება და ამ გზით აღწევს დეესკალაციას. თბილისი მაინც ისევ თბილისობს. დასავლური ცივილიზაციისგან შთანთქმის შიში ნაადრევია.
XS
SM
MD
LG