Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სისხლიანი შეტაკებები მოხდა


თეირანის ცენტრში მთავრობის ათასობით მოწინააღმდეგესა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, დაიღუპა 4 ადამიანი. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილებს შორის არის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰუსეინ მუსავის ძმისშვილი, საიედ ალი მუსავი. ერთ-ერთი რეფორმატორული ვებსაიტის ინფორმაციით, დემონსტრანტებს უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დედაქალაქის ცენტრალურ, ენღელაბის მოედანზე - სადაც, გავრცელებული ცნობებით, ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა. ინფორმაციის დამოუკიდებლად შემოწმება არ ხერხდება. თვითმხილველების განცხადებით, შეტაკებები გრძელდება. თეირანში მცხოვრებმა უფლებადამცველმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მეოთხე ადამიანი უსაფრთხოების ძალების მიერ თავში ხელკეტის ჩარტყმით დაიღუპა. პოლიცია მსხვერპლის არსებობას უარყოფს. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურში დარეკა, თქვა, რომ უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენ გაზსაც იყენებენ. „აქ ბევრი ხალხია შეგროვილი. [უსაფრთხოების ძალები] მოტოციკლეტებით მოვიდნენ და ხალხს შეუტიეს. დაახლოებით 100-150 მათგანს ვხედავ. ხალხმა ნაგვის ყუთებს ცეცხლი წაუკიდა. ისინი ისლამური რესპუბლიკის ლიდერის და დიქტატურის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირებას ცდილობენ“ - უთხრა თვითმხილველმა ჩვენს რადიოს. თეირანში შეტაკებები მოხდა შაბათსაც - შიიტების დღესასწაულის, აშურას კულმინაციურ დღეს. დღეს ერთი კვირა შესრულდა 87 წლის დისიდენტი სასულიერო პირის, მთავრობის მოწინააღმდეგე აიათოლა ჰუსეინ ალი მონთაზერის გარდაცვალებიდან.
XS
SM
MD
LG