Accessibility links

ახალი ამბები

რეიტერი მეკობრეთა მიერ ქართველი მეზღვაურების დატყვევების შესახებ იუწყება

სააგენტო რეიტერის ცნობით, სომალელმა მეკობრეებმა ადენის სრუტეში დააკავეს გემი, რომლის ეკიპაჟის 26 წევრს შორის ქართველებიც არიან. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დროშით მცურავ ტანკერს ”სენტ-ჯეიმს პარკს” ტაილანდიდან ესპანეთში ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა

ყველა ახალი ამბავი

ქართველი კინომსახიობის მეორე გამარჯვება

ლევან გელბახიანი

სარაევოში დასრულდა 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ჟიურიმ, რომელსაც კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატი, შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ხელმძღვანელობდა, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გადასცა ლევან გელბახიანს, მთავარი როლის შემსრულებელს ლევან აკინის ქართულ-შვედურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

ეს ლევან გელბახიანის მეორე ჯილდოა. ივლისში, ამავე როლისთვის, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ოდესის კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კორძაძის თქმით, პროკურატურამ საქმე დაამთავრა და არ აინტერესებს, რა მოხდება სასამართლოში

„პროკურატურამ ამ ბრალით საკუთარი საქმე დაამთავრა. სასამართლოში რა მოხდება, დიდი ალბათობით შეიძლება არც აინტერესებდეთ“, - ასე შეაფასა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად ქორიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალდების დაზუსტება.

კორძაძის შეფასებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აბსურდული ბრალდება წარუდგინეს და ამავე საქმეს მოარგეს ავთო წერეთელი.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის ქმედებების შედეგია ის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე აღარ არიან TBC ბანკის ხელმძღვანელობაში, მამუკა ხაზარაძე აღარ არის ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია. „ეს არის მიზანი“, - თქვა ბრალდებულების ინტერესების დამცველმა.

კორძაძის ინფორმაციით, დაზუსტებულ ბრალდებაში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ 2-3 ადგილზე ჩაამატეს ავთო წერეთელი.

იურისტი პროკურატურის სქემას ასე განმარტავს: „თითქოს ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ თავს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომ დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. ეს არის მთელი აბსურდის თეატრი. მერე გრძელდება იმით, რომ, რაც მე მოგიყევით, ეს ფულის გათეთრება არ არის. მათი ლოგიკით არის თაღლითობა, მაგრამ იმის გამო, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო და სურდათ, რაიმე ბრალი წაეყენებინათ, მიაწებეს ფულის გათეთრება.

გუშინწინ წამოსცდა პროკურატურას, რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ფორმით ყადაღის დადების შესაძლებლობას, როდესაც არაფრის მტკიცება არ გჭირდება. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს“.

ავთო წერეთლისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, 22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

სალომე ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღისწესრიგით

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტვუაში ვიზიტისას პრეზიდენტმა ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას, - აცნობეს რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ადმინისტრაციისვე ინფორამციით, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმახაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

„მე მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის დღისწესრიგზე.

„ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით მისი მოვალეობაა ისაუბროს საქართველოს პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მოიხსნას საოკუპაციო გამყოფი ხაზი.

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რომელზეც დღესაც იყო ლაპარაკი, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ტვ პირველი“ არის დემოკრატიის მონაპოვარი

თავისუფალი მედიის შესახებ ისაუბრა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძეს მიაჩნია, რომ უკვე დიდი ხანია, „ტვ პირველი“ ეკუთვნის არა წერეთლების ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს და ის დემოკრატიის მონაპოვარია.

„თავისუფალი სიტყვა, სადაც შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ ყველანაირი მეთოდებით. მთელი ეს სცენარი გაშიფრულია“, - თქვა ხაზარაძემ.

ბიზნესმენი „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთო წერეთლისთვის ბრალის წარდგენას, მედიის საქმიანობას უკავშირებს. ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ავთო წერეთელი აიძულონ, გავლენა მოახდინოს ოჯახის წევრებზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩენილი მცირე თავისუფალი მედიის ნაცვლად, საზოგადოებამ გაუგებარი რაღაც მიიღოს.

ხაზარაძის განმარტებით, წერეთელს არ აქვს არანაირი წილი, არც დირექტორია იმ კომპანიებში, რომლიდანაც მან და ბადრი ჯაფარიძემ ფული ისესხეს.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება TBC ბანკის ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ავთო წერეთელი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ის მზად არის პროკურატურაში მივიდეს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის შესახებ მისმა შვილმა ვატო წერეთელმა „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა.

ხაზარაძე: ანაკლიის პორტს სამთავრობო უწყებებში „რუსული გავლენა“ ეწინააღმდეგება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უპირისპირდება რუსეთის ზეგავლენა და „მეხუთე კოლონა“, რომელიც მოქმედებს საქართველოს სამთავრობო უწყებებში. ეს განცხადება ხაზარაძემ 22 აგვისტოს გააკეთა, გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, ინფორმაცია გასაჯაროვდება და საზოგადოება შეიტყობს ამ ყველაფრის შესახებ.

თუმცა მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ „რუსული პაგონების“ ქვეშ დამალულ პირებს არაფერი გამოუვა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკისა და ევროპის ინვესტიციებით აშენდება.

„მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომელსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.

ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეშლას ისახავს მიზნად.

„TBC ჯგუფის“ დამფუძნებლები, ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში ბრალდებული პირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 22 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით იყვნენ დაბარებული.

როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ბრალის შინაარსი არ შეცვლილა და ძველ ტექსტში 2-3 ადგილას ჩაამატეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.

ზვიად კორძაძე ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის წარდგენილ ბრალს სრულიად უსაფუძვლოდ და აბსურდულად მიიჩნევს. „ფულის გათეთრების“ ბრალდება კი იმისთვის შეარჩიეს, რომ იოლად მომხდარიყო ქონების დაყადაღება.

კორძაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში მიმდინარე პროცესი ბიზნესმენებისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით არის წამოწყებული და შედეგი ის არის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ამჟამად ჩამოშორებული არიან „TBC ჯგუფსა“ და ანაკლიის პორტს.

ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ ნებისმიერი დარტყმის მისაღებად

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ მისი და მამუკა ხაზარაძის დევნა გრძელდება.

ჯაფარიძის შეფასებით, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია და ის გადაიქცა „რეჟიმისთვის არსასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად“.

საკუთრივ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას კი ჯაფარიძე ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ადარებს.

ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მოტივაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ“, - თქვა ჯაფარიძემ.

შეკითხვას, ელოდება თუ არა პატიმრობას, ჯაფარიძე პასუხობს: „მზად ვართ ნებისმიერი დარტყმის მისაღებად“.

22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ავთო წერეთლის ადვოკატი: ბრალდება მძიმეა, მაგრამ მხოლოდ ბრალდებით ნუ ვიმსჯელებთ

ბიზნესმენ ავთო წერეთლის ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში ჩაიბარა გამოძიების ხელთ არსებული საქმის მასალები.

„მომაწოდეს გამოძიების ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, საუბარია სისხლის სამართლის საქმის ათეულობით ტომზე , შესაბამისად ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ეს ინფორმაცია გავაანალიზოთ. რაც შეეხება ბრალდებას საუბარია იმაზე, რომ თითქოს 11 წლის წინ, როდესაც ავთანდილ წერეთელმა ფული გაასესხა ამამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე მან თითქოს იცოდა, რომ ეს სჭირდებოდათ შემდგომი ლეგალიზებისთვის, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულად დაუსაბუთებელია. გავეცნობით საქმის მასალებს და დეტალებს მოგახენებთ,“- განაცახადა ბიზნესმენ ავთო წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა, მას შემდეგ რაც გენერალური პროკურატურის შენობა დატოვა.

მისი სიტყვებით ავთო წერეთელი გამორიცხავს რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მის მონაწილეობას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებში ბრალის დასაბუთება არ იქნება.

„ბრალდება მძიმეა, მაგრამ მხოლოდ ბრალდებით ნუ ვინმსჯელებთ, საქმეში არიან სხვა ბრალდებულებიც, უკვე გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღვეთის ღონისძიება, მე პირადად გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებაზე იყოს საუბარი“, განაცხადა კახა წერეთელმა.

პროკურატურამ მას ათეულობით ტომისგან შემდგარისაქმის მასალები გადაცა, რომელიც ძირითადად წერილობით მასალას შეიცავს, თუმცა არის ჩანაწერებიცდისკებზე.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ავთო წერეთელი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ის მზად არის პროკურატურაში მივიდეს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის შესახებ მისმა შვილმა ვატო წერეთელმა ფეიბუკის პირად გვერდზე დაწერა.

მოსკოვის მესვეურებმა არ დააკმაყოფილეს ოპოზიციის თხოვნა 31 აგვისტოს აქციის გამართვაზე

რუსეთში ოპოზიციის გავლენიანი ფიგურა, რომელსაც უარი ეთქვა მოსკოვში მოახლოებულ, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე, აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გასცა ნებართვა დედაქალაქში საპროტესტო აქციის ჩატარებაზე 31 აგვისტოს.

ლიუბოვ სობოლის თქმით, აქტივისტებმა ხელისუფლებას სამი ადგილი შესთავაზეს აქციისთვის, რომელზეც "პოლიტიკური რეპრესიები" უნდა გააპროტესტონ, თუმცა სამივე თხოვნა უარყოფილ იქნა.

სობოლმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა სამი, ერთნაირად ფორმულირებული უარყოფის წერილი. სამივეში ნათქვამია, რომ შეთავაზებული ადგილები "ხელს შეუშლის" ფეხით მოსიარულეებს, ტრანსპორტს, ან "საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას".

ქალაქის მთავრობას ოპოზიციისთვის ალტერნატიული ადგილები არ შეუთავაზებია, რაც, სობოლის თქმით, კანონს ეწინააღმდეგება. სობოლი ქალაქის მესვეურებს მოუწოდებს "შეწყვიტონ პროვოკაციები და მოსკოვის მცხოვრებთა უპატივცემულობის დემონსტრირება და უზრუნველჰყონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვა".

უკვე თვეზე მეტია მოსკოვში ყოველკვირეული აქციები იმართება, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ სობოლს და სხვა ოპოზიციონერ თუ დამოუკიდებელ კანდიდატებს არ მისცა უფლება კენჭი ეყარათ 45-ადგილიან ქალაქის საბჭოში, რომლის არჩევნებიც 8 სექტემბერსაა დანიშნული.

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრაციები, რომლებსაც ის უწოდებს "უკანონო მასობრივ თავყრილობებს", დააკავა 2000-ზე მეტი მოქალაქე, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აგრძელებს ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნებისთვის

„ჩვენ ვაგრძელებთ ბროლას მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების მიმართულებით, როგორც შევპირდი საზოგადოებას, ეს მოხდება სექტემბერში“, - აცხადებს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას ბრალის დაზუსტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ხაზარაძის თქმით, ახალ მოძრაობას უამრავი ახალგზრდა პროფესიონალი უერთდება. როგორც ბიზნესმენი ამბობს, იქ არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმიდან.

„ეს აბსოლუტურად ახალი ძალა იქნება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. ბოლო 9+9 წლების განხილვებით არის მთელი საზოგადოება დაკავებული და ერთდღიანი შოუებით. მე გეუბნებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - ამ სიტყვებით დაასრულა მამუკა ხაზარაძემ ვრცელი საუბარი.

ბიზნესმენმა განმარტა ის მიზეზებიც აქამდე, რატომ არ დააფუძნა მოძრაობა.

„ვიღაცები ამბობენ, რომ თითქოს იმიტომ დავიწყეთ მოძრაობა, რომ რაღაცას ამოვეფაროთ. ჩვენ ეს მოძრაობა შეგვეძლო დაგვეწყო იანვარში, როდესაც პირველი შეტევა იყო; დეკემბერში, როდესაც პირველად დაგვიბარეს; თებერვლში, თუნდაც მაისში. მაგრამ არ გაგვიკეთებია, სანამ ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ. ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადეთ მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების გეგმების შესახებ“, - თქვა ხაზარაძემ. ის მზად არის, წარმოადგინოს 29-წლიან საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. თუმცა ამბობს, რომ ასე უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ყველა ბანკმა და ყველა დამფუძნებელმა - ვინ, როგორ მუშაობდა.

„საზოგადოება გაიგებს ძალიან ბევრ სიახლეს. ასე არ დამთავრდება ეს. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთი“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმიანობა დეტალურად არის შესწავლილი.

„მე მინდა გითხრათ, რომ 24 ივნისს ლონდონში იყო აქციონერთა კრება. მანამდე ჩემი და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, ჩვენი სერვერები, ჩვენი კომპიუტერები, რომ ცივილიზებულ სამყაროში, იქ, სადაც სამართალი სამართალია, მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, დეტალურად შეემოწმებინათ ბოლო 15 წლის ყველაფერი - ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია“, - თქვა ხაზარაძემ.

დასკვნის მომზადების შემდეგ კი, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, აქციონერებმა ის და ბადრი ჯაფარიძე კვლავ აირჩიეს, 98%-ით.

„გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხის მართვა, რომელიც მათია TBC ბანკში. 20 მილიარდზეა საუბარი“, - შენიშნავს ხაზარაძე და განაგრძობს - „ფულს განდობს 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი. დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა. ვართ ცამდე მართლები“.

ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაზარაძის თქმით, პროკურატურამ პროცესი თავიდან დაიწყო, რადგან შოკში ჩავარდა.

22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

"არა სისხლიან მარშალს"! პრაღაში საღებავი გადაასხეს მარშალ კონევის ძეგლს

მარშალ კონევის ძეგლი, 2018 წლის ფოტო

ჩეხეთის დედაქალაქში უცნობებმა წითელი საღებავი გადაასხეს საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლს, ხოლო პოსტამენტს წააწერეს: „არა სისხლიან მარშალს“! „არ დავივიწყებთ!“ ასევე ციფრები 45, 56, 61 და 68.

იუწყებიან, რომ პოლიცია იძიებს ამ ფაქტს. წარწერის ავტორს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის საელჩომ ჩეხეთში მომხდარს უწოდა „ვანდალიზმის აქტი“ და საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი პრაღაში აღიმართა 1980 წელს.

პრაღის იმ რაიონის ადმინისტრაციამ, სადაც საბჭოთა მარშლის გიგანტური ძეგლი მდებარეობს, მონუმენტის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით, მასზე გააკეთა განმარტებითი ფირფიტა კონევის პიროვნებასთან დაკავშირებული ისტორიული კონტექსტის დასაზუსტებლად. მაგრამ მომხდარი, ხელისუფლების განმარტებით, მოწმობს იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ სურს ძეგლის ყოფნა ამ რაიონში.

ცნობაში ნათქვამია, რომ რუსეთის საელჩოს კვლავ შესთავაზებენ, რომ ძეგლი სხვა ადგილას გადაიტანოს.

მანამდე, 2017 წელს, ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პრაღის განთავისუფლებაში მონაწილე საბჭოთა არმიის მარშლის მემორიალური დაფა აღარ მიამაგრეს ქალაქის საბჭოს ძველ შენობაზე მისი აღდგენის შემდეგ.

კონევი ვარშავის ხელშეკრულების ჯარებს სარდლობდა 1956-1960 წლებში და 1956 წელს უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას ზედამხედველობდა. მოგვიანებით ის იყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარების სარდალი აღმოსავლეთ გერმანიაში.

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საველე შტაბი ეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან, სადაც ტყის ხანძარს ამ წუთებში აქრობენ, საველე შტაბი ეწყობა. ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ანატოლი კარპოვი ვერ იღებს აშშ-ის ვიზას

ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ანატოლი კარპოვი მარტის შემდეგ ცდილობს მოიპოვოს აშშ-ის არაემიგრანტის ვიზა, რათა ნიუ-იორკში დაგეგმილ საზაფხულო ბანაკში ლექციები წაიკითხოს. ის აშშ-ში მიიწვია ასევე მოჭადრაკემ და კარპოვის მეგობარმა, მაქსიმ დლუგიმ, რომელიც საჭადრაკო აკადემიის მფლობელია.

კარპოვი, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, მისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკეა. ის 1972 წლიდან რეგულარულად სტუმრობდა აშშ-ს.

"[კარპოვი] მოულოდნელად გამოიძახეს ინტერვიუსთვის მოსკოვში მდებარე საელჩოში და ჰკითხეს: 'აპირებ დაელაპარაკო ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს? ეს უნდა შევამოწმოთ'" - უთხრა დლუგიმ სააგენტო "როიტერსს".

კონგრესის წევრის, კეროლინ მალოუნის და სენატორ ჩაკ შუმერის წარმომადგენლები, რომლებიც კარპოვის ვიზის სტატუსის თაობაზე დაუკავშირდნენ მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს, ამბობენ, რომ კარპოვის სავიზო განაცხადი კვლავ განხილვის პროცესშია. მალოუნის ოფისისთვის 2 ივლისს მიწერილ წერილში საელჩოს სამდივნო წერს, რომ "ეს განხილვა ვერ გაუქმდება, ვერც დაჩქარდება, რადგან ის უმნიშვნელოვანესია ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისთვის". საელჩოს განცხადებით, კარპოვს შედეგს შეატყობინებენ "ამ პროცესის დასრულებისთანავე".

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.

„რუსთავი 2“ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები „რუსთავი 2“-ელების უზუსტესი დახასიათებაა“,- წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მადლობას უხდიან ყველას ვინც, დაუღალავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო მედიაბაზრის ლიდერი კომპანია.

„გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით - ნიკოლოზ ნაყოფია.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. ასევე განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად სალიამ "ინტერესთა კონფლიქტი" დაასახელა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 21 აგვისტოდან რუსთავი ორის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაზე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალის დაზუსტების მიზნით მივიდნენ. პროკურატურაში შესვლამდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიან და განაცხადეს, რომ კომენტარს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ზვიად კორძაძესთან ერთად მივიდნენ.

"დაზუსტება ალბათ ნიშნავს, რომ ჩვენს ბრალში ჩაიწერება, რომ ბატონი ავთოც [წერეთელი] მონაწილეობდა. არსებითად ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, ბატონი ავთოსთვის სტატუსს ცვლის. ჩვენ გირაოც გადავიხადეთ და დღეს გავასაჩივრეთ ასევე ყადაღის დადების განჩინება, რომელიც გუშინ იქნა გამოტანილი", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

ბრალდების დადგენილების წარსადგენად და წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს ბიზნესმენი ავთო წერეთელი და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ ბრალდების დადგენილება 22 აგვისტოს, 11 საათზე გამოიტანა.

წერეთელი ბრალდებულად ცნეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ საქმიანობას დაუკავშირა. ვატო წერეთელმა ისიც განაცხადა, რომ პროკურატურას სურს საქმე აღძრას მისი მამის, ავთო წერეთლის წინააღმდეგ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი მესამედ ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად მეოთხე კონკურსის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილებას მრჩეველთა საბჭო 25 აგვისტოს მიიღებს. მან დირექტორის არჩევა ვერც 22 აგვისტოს გამართულ კენჭისყრის მეორე ტურში შეძლო.

როგორც პირველ, ასევე მეორე კენჭისყრაზე 2 ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ და თინათინ ცისკარიძემ - 1. დირექტორის ასარჩევად კი 3 ხმა არის საჭირო. კონკურსში მონაწილეობდა სულ 8 კანდიდატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო მოქმედი შემადგენლობით კონკურსს უკანასკნელად ჩაატარებს. წევრების ნაწილს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.

ამჟამინდელი საბჭოსგან განსხვავებით მომავალში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული წევრები მყარ უმრავლესობაში იქნებიან, რასაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა განაპირობებს.

მრჩეველთა საბჭოში ადგილები დღეს ასე არის გადანაწილებული: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეულია ორი წევრი: ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე; „ქართული ოცნების“ კვოტით - გიგა ჩხარტიშვილი; „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით - ნატა იმედაიშვილი; „რესპუბლიკელების“ კვოტით - გიორგი ირემაძე.

სწორედ, გიორგი ერემაძემ პროტესტის ნიშნად უარი თქვა 22 აგვისტოს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

აჭარის ტელევიზიის არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კოხრეიძე და თინათინ ცისკარაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ კენჭისყრის პირველ ტურში დირექტორის არჩევა ვერ შეძლო.

2 ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ და თინათინ ცისკარიძემ - 1. კიდევ ერთი კენჭისყრა რამდენიმე წუთში ჩატარდება. კონკურსში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხოლოდ სამი მონაწილეობდა. დირექტორის ასარჩევად სწორედ, 3 ხმა არის საჭირო.

მართალია, საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე ესწრება სხდომას, თუმცა მან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კიდევ ერთი წევრი გიორგი ირემაძე კი სხდომაზე არ გამოცხადებულა.

რაც შეეხება კანდიდატებს, თინათინ ცისკარაძე არის „დოიჩე ველე აკადემიაში“ (DW Akademie) მედიატრენერი და კონსულტანტი.

გიორგი კოხრეიძე იყო 2014-2018 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში კი ტელეკომპანია „202-ის“ დირექტორი იყო. 1999 წლიდან 2004 წლამდე გიორგი კოხრეიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, შშმ პირთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

აქამდე მრჩეველთა საბჭომ დირექტორის არჩევა 2-ჯერ ვერ შეძლო, რადგან ვერ ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 3 ხმა.

დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

რუმინეთში გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს მძიმე პირობებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

რუმინელი ოპოზიციონერი პარლამენტარის მიერ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები მოწმობს, რომ რუმინეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მძიმე პირობებია, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. ვიდეოების გავრცელების ფონია რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი, როცა ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მამაკაცმა ოთხი პაციენტი მოკლა.

"ასეთი არაფერი მინახავს, არც საშინელებათა ფილმებში" - წერს პარლამენტარი ემანუელ უნგურეანუ თავის ფეისბუკის გვერდზე და ავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ასახავს ჩრდილოეთ რუმინეთში მდებარე ბორსას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებს. ვიდეოებში ჩანს ნახვრეტებიანი ჭერი და სავარაუდოდ წყლით გაჟღენთილი კედლები. მცირე ზომის ოთახები გადავსებულია საწოლებით, აბაზანებში ჭუჭყია.

საქართველოში წარმოებულ ელექტრომობილებს „ორვო“ ერქმევა

„საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია. "ორვო" ძველ კოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას. ავტორი გიგა ხატიაშვილი“,- წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დიზაინერი ზვიად ცილოკია.

ზვიად ციკოლია მუშაობს კომპანია „აი გრუპი"-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილების დიზაინზე. ივნისში საქართველოს მთავრობის ადმინსტაცია იუწყებოდა, რომკომპანია ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ 6 აპრილს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე.

პრემიერის თქმით, კომპანია „Changan"-მა, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელი მსხვილი კომპანიაა, გადაწყვეტა ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. "Changan"-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან კომპანიები: "ვოლვო", "ფოლკსვაგენი" და „ფორდი".

ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილის დამზადება იგეგმება. მამუკა ბახტაძის განცხადებით საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

„TV პირველის“ მფლობელის მამის სამართლებრივი დევნა ამძაფრებს კითხვებს სიტყვის თავისუფლების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ და წერენ, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა ამძაფრებს კითხვებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით:

„2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, რომლის ოჯახის მფლობელობაშია დამოუკიდებელი ტელეკომპანია “TV პირველი”.

11 წლის წინანდელ ფაქტზე საეჭვო გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი 2019 წლის 24 ივლისს, მას შემდეგ წაუყენა, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მიმდინარე გამოძიების ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული.

შექმნილ ვითარებაში, და განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლის, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას რეალურად მოჰყვა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის “TV პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სავარაუდოდ, ადრეც ჰქონდა ადგილი”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

„სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის“.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც მათი განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით:

„მოვუწოდებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.

ასევე, მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მედია განვითარების ფონდი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ქიბარ ხალვაში: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი დაიწყო

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, და კომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. ის იმეორებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილს, მაშინ როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული.

ხალვაში ამბობს, რომ დღეს ყველაფერს აკეთებს არხის რეაბილიტაციისთვის.

"ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ "რუსთავი 2"-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ "კურიერის" დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს"- წერს ხალვაში.

მისივე სიტყვებით, "ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, არხის დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი მალე დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა.“

ხალვაში ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ჟურნალისტებზე ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო"

ხალვაშის თქმით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც "რუსთავი 2"-ში მუშაობდნენ, მან სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა შეთავაზა, "რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას".

მისივე განმარტებით "მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღქმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა."

ქიბარ ხალვაშისთვის ცხადია, "რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც... ნიკა გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, "რუსთავი 2"-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია" - წერს ხალვაში და აგრძელებს:

"წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად.

სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!"- ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. ასევე განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად სალიამ "ინტერესთა კონფლიქტი" დაასახელა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 21 აგვისტოდან რუსთავი ორის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.

ალეკო ცქიტიშვილი: „ავთო წერეთლის პროკურატურაში დაბარება ეჭვებს აღძრავს“

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ ჯაფარიძე-ხაზარაძისა და წერეთლის საქმეები შეისწავლონ.

ალეკო ცქიტიშვილი: „ავთო წერეთლის პროკურატურაში დაბარება ეჭვებს აღძრავს იმ ფონზე, რომ ჯერ ძველი საქმის გახსენებით ხაზარაძე-ჯაფარიძეს დევნიან, მერე„რუსთავი 2“ ჩაიგდეს ხელში და ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიატვ „პირველი“ დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპირებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით განვიხილოთ, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალონ ეს პირები პოლიტიკურად დევნილებად. აქ იგულისხმებიან როგორ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ასევე 20- 21 ივნისის მოვლენების დროს დაპატიმრებული ადამიანებიც“.

იუწყებიან, რომ პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, რომ მის მეუღლეს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.

როგორც გულმირა ასლანოვამ რადიო თავისუფლებას 21 აგვისტოს უთხრა, ფოლად ასლანოვმა თავის ოჯახს ტელეფონით შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ციხეში მას არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ.

ასლანოვი, რომელიც ახალი ამბების ინტერნეტგამოცემების, xeberman.com-ის და press-az.com-ის მთავარი რედაქტორი იყო, ივნისში დააპატიმრეს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ასლანოვმა ფულის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ერთ-ერთ ქვეყანას, რომელსაც არ აკონკრეტებენ. ასლანოვი ბრალდებას უარყოფს.

"ფოლადმა მითხრა არ მივუტანო საკვები ციხეში, რადგან მისი სხეული საკვებს უარყოფს. მან ძალიან დაიკლო წონაში. ბოლოს რომ ვნახე, 27 ივლისს, ის 43 კილოგრამს იწონიდა" - ამბობს ჟურნალისტის მეუღლე.

მისი თქმით, როცა სატელეფონო ლაპარაკისას მისი ქმარი თავისი ჯანმრთელობის პრობლემას შეეხო, ზარი უცებ გაწყდა. ასლანოვამ ომბუდსმენთან იჩივლა და მის ქმარს კიდევ მიეცა საშუალება ოჯახს დაკავშირებოდა - "15 წუთი ვილაპარაკეთ ტელეფონით, რაც ყველაზე ხანგრძლივი საუბარი იყო მისი დაპატიმრების შემდეგ", ამბობს ასლანოვა, რომელმაც გენერალური პროკურორის ოფისსაც მიმართა მისი ქმრის მდგომარეობის გამოძიების თხოვნით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და მისი მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ხელისუფლება ახშობს კრიტიკულ ხმებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ოკუპაციაზე ლიეტუვის პრეზიდენტი საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში იმყოფება ვიზიტით. ის ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის ვიდეო კადრებს. ვიდეოში ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო აღმართვის პროცესს აფასებს.

„დარწმუნებული იყავით, რომ ლიეტუვა მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.ჩვენ ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის განგრძობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- აცხადებს გიტანას ნაუსედა.

არც გავრცელებულ ვიდეოში და არც მედიასთან თავად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია საოკუპციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 19 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან და სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

პრეზიდენტი სიტყვით ჯერ არ გამოსულა.

„ივანიშვილს სურს, ჩაერიოს „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში

მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ტვ „პირველის“ საქმიანობაში ჩარევა სურს.

ზვიად ქორიძე: „ავთანდილ წერეთელს, როგორც ერთ-ერთ აქტორს ფულის გათეთრების ოპერაციაში, დიდი ხანია პროკურატურა ასახელებს. მაგრამ ის, რომ ბრალი დღეს წაუყენეს - და ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გაიმართება და იმსჯელებს აღმკვეთ ღონისძიებაზე - მის კონკრეტულ საქმიანობას აღარ ეხება. ეს ყველაფერი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პარალელურად ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილს სურს იმ მოძრაობის შესუსტება, რომელიც ხაზარაძემ დააფუძნა და მეორეს მხრივ,რადგან ავთო წერეთელის შვილი ვატო წერეთელი არის ტვ „პირველის“ დამფუძნებელი, ივანიშვილს სურს, ჩაერიოს „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში“.

22 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

შსს-მ მოკვლევა დაიწყო ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე

შსს-მ მოკვლევა დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს ძაღლს მისი პატრონი. ვიდეო ფეისბუკში 22 აგვისტოს ატვირთა ცხოველთა უფლებადამცველმა და შსს-ს რეაგირებისაკენ მოუწოდა.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შსს-ში, მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ მომხდართან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG