Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზაფხულზე - ნავრუზ ბაირამი, იანვარში - შობა-ახალი წელი


ქვემო ქართლი საქართველოში ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. უკვე ათწლეულებია აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავშიც, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან მეტალურგიული ქარხნის ასაშენებლად ჩადიოდნენ. ქარხანასთან ერთად იქმნებოდა ოჯახები. მას შემდეგ ბევრმა აზერბაიჯანელმა საკუთარი ცხოვრება საქართველოს დაუკავშირა. ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ახალი წლის დღეებში რადიო თავისუფლება ესტუმრა.

რუსთავის ცხრასართულიანი კორპუსებიდან ხშირად ისმის აზერბაიჯანული მუსიკა. აზერბაიჯანელები თითქმის ყველა მიკრორაიონში ცხოვრობენ, არ კარგავენ საკუთარ სარწმუნოებასა და ფასეულობებს და არც ქართული ცხოვრების რიტმს ჩამორჩებიან. ასეთია ბაბანლიების ოჯახიც. მათი ფანჯრები საახალწლოდ ქაღალდის ფიფქებით არის მორთული, ნიშანი იმისა, რომ ამ სახლში ბავშვები არიან. თუმცა, თუკი სხვა ფანჯრებზე თეთრი, მათთან ჭრელ-ჭრელი და ბრჭყვიალა ფიფქებია. ზარის ხმაზე ბავშვები გამორბიან. განვეწყვე რუსულად სალაპარაკოდ, მაგრამ შევცდი.

- ჩვენ გვაინტერესებს როგორ ცხოვრობთ?

- ქართულად შეგიძლიათ ილაპარაკოთ - რუსულად არ იციან. ქართულად იციან. მე სამივე ენა ვიცი. სხვა დრო იყო. აზერბაიჯანულ სექტორში სწავლობენ, - მპასუხობს ბავშვების მამა რამიზი.

ოჯახში სამი ბავშვია. 12 წლის არზუ და 10 წლის ფიდანი უცებვე მიიმალნენ. 8 წლის ფარიში რჩება, თუმცა მორცხვობს. მამა ეხმარება:

- როდის მოდის შენთან თოვლის ბაბუა, 12-ზე? საჩუქარს სად გიტოვებს - ნაძვის ხესთან?

ასე, კითხვა-პასუხით, გავარკვიეთ, რომ თოვლის პაპას წინასწარ მისწერა წერილი და მანქანა სთხოვა, ჯერჯერობით - სათამაშო, - ხუმრობს მამა. ბოლოს ფარიში ლექსის თქმაზეც დაგვთანხმდა - ქართულად.

ბავშვების მამა ამბობს, რომ ახალ წელს ყოველთვის აღნიშნავენ: "ბავშვებს უხარიათ. ჩვენი ეროვნული ნავრუზ ბაირამი მარტშია. თან აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და, როგორც აქ აღნიშავენ, ისე ვაკეთებთ ჩვენც." რამდენი წელია, რუსთავში ცხოვრობენ, რამიზის დედა, გიულნარა, აზუსტებს. წარმოშობით ისინი აზერბაიჯანიდან არიან, ყაზახიდან. მეუღლემ 28 წელიწადი იმუშავა მეტალურგიულ ქარხანაში და ეს ოთხოთახიანი ბინაც შრომით მიიღო.

- 41 წელიწადია აქ ვცხოვრობთ. ახალგაზრდები ვიყავით, დავქორწინდით და აქ ჩამოვედით. მშვენივრად ვცხოვრობთ. ცვლებში ვმუშაობდი. სამი შვილი გავზარდე. კმაყოფილი ვარ. ახლა, უბრალოდ, კრიზისია და ყველას უჭირს, რას იზამ. 17 წლის წინ შვილი დამეღუპა, უფროსი ბიჭი, ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ახლა შვილიშვილები შეგვეძინა და ნელ-ნელა ძალას ვიკრებ.

ოჯახის უფროსი ინტერვიუზე უარს ამბობს: სუფრაზე კარგად ვლაპარაკობ, ასე ვერაო...

საუბარს რამიზი და დედამისი აგრძელებენ. მცირე ვაჭრობით არიან დაკავებულები.

- ვახერხებთ, მაგრამ სტაბილური სამსახური რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, - ამბობს რამიზი.

დედა-შვილი ამბობს, რომ, სირთულეების მიუხედავად, წასვლას არსად არ აპირებენ. მაშინაც კი არ დატოვეს საქართველო, როცა ომი იყო.

- ჩვენ არ გავქცეულვართ. შეიძლება ითქვას, პატრიოტები ვართ, - დასძენს რამიზი.

საქართვლოზე საუბარს რამიზის დედა, გიულნარა, განაგრძობს:

- ხანდახან, სიტყვა რომ მოიტანს, ჩემს ქმარს ვეუბნები, ჩვენს მიწას უნდა დავუბრუნდეთ-მეთქი. ის კი ამბობს, სანამ ვინმე ხელს არ მომკიდებს და არ მეტყვის, აქედან წადითო, არსად წამსვლელი არ ვარ. ეს ჩვენი სამშობლოა. ჩვენ რომ წავიდეთ, ბიჭი არ წამოგვყვება, შვილიშვილებით აქ დარჩება. გოგო ბაქოში მყავს გათხოვილი. ბაქოდან ჩამოვიყვანე რძალი. ისიც უკვე აქაურია.

- ერთი გავუშვით, მეორე წამოვიყვანეთ, - ხუმრობს რამიზი.

ბაბანლიების რძალს ამ ხნის განმავლობაში ღიმილით და უხმოდ სუფრაზე გემრიელი ჩაი და ტკბილეული მოაქვს. მთელ სახლში იდეალური სისუფთავეა. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, მათ შორის - ოჯახის წევრებსაც, როგორც ეს მუსლიმანებს სჩვევიათ. რამიზი ამბობს, რომ წინაპრებისგან, ადათ-ჩვევების გარდა, იშვიათი გვარიც ერგოთ:

- ჩვენ საერთოდ არ გვყავს მოგვარეები. საუკუნეებია ჩვენი გვარი არ შეცვლილა. ვინც ამ გვარს ატარებს, ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და ნათესაური ფესვებით ვართ დაკავშირებული.

ეს ფესვები 40 წელზე მეტია ბაბანლის ოჯახმა საქართველოში გაუშვა. ოჯახის უფროსი დიასახლისი გიულნარა საკუთარ თავსა და ყველა დედას მცირედს, მაგრამ აუცილებელს უსურვებს:

- რაც მთავარია, პური - მარილი საკმარისი ყოფილიყოს, ყველას სამსახური ჰქონოდეს, სიძულვილი არ იყოს და ჩვენი, ყველას, შვილები მშვიდობაში იზრდებოდნენ.
XS
SM
MD
LG