Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 7 თებერვალს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა უნდა გაარკვიოს გამარჯვებულის ვინაობა. ის 7 თებერვალს გაიმართება ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩისა და პერმიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მონაწილეობით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას გამართული არჩევნების 77-მდე პროცენტის დათვლის საფუძველზე განაცხადა, რომ ხმების 35,8 პროცენტით ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც 24,6 პროცენტით მოჰყვება ტიმოშენკო. ცენტრალური ბანკის ყოფილ თავმჯდომარე სერგეი ტიგიპკოს 13 პროცენტი ერგო, მოქმედ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს - სულ 5 პროცენტი. იულია ტიმოშენკომ კვირას არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვების გზაზე დგას. მანვე პირობა დადო, რომ არჩევნებს გამოთიშულ კანდიდატებს მოელაპარაკება, მათი ამომრჩევლების მხარდაჭერის მისაღებად 7 თებერვლის კენჭისყრაში.
„არჩევნების შედეგები, რომლებიც ახლა ვიხილეთ - ჯერ-ჯერობით ეგზიტ პოლების შედეგები - ადასტურებს, რომ უკრაინა იყო და რჩება ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც ამომჩრეველთა 60 პროცენტზე მეტი ხმას აძლევს დემოკრატიულ უკრაინას, სამართლიან, ევროპულ ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ იანუკოვიჩის - კრიმინალური წრეების წარმომადგენლის - შანსი ნულის ტოლია“, განაცხადა ტიმოშენკომ. თავის მხრივ, იანუკოვიჩმა კვირას პირობა დადო, რომ არ გაიმეორებს ტიმოშენკოს და მისი მთავრობის შეცდომებს, თუ გამარჯვებას მოიპოვებს საპეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. „მინდა მივმართო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ჩემს საწინააღმდეგოდ გააკეთეს არჩევანი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მოქმედ მთავრობას. მე არასოდეს გავიმეორებ ჩემი წინამორბედის შეცდომებს. ძალიან კარგად მესმის, რომ ხალხი უკრაინაში ერთია, სადაც უნდა ცხოვრობდეს და ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველას აზრის გათვალისწინებას“, განაცხადა იანუკოვიჩმა. კვირის არჩევნების დროს დარღვევების შესახებ რამდენიმე ბრალდება გამოითქვა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. კენჭისყრაში ელექტორატის 67-მდე პროცენტი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG