Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან კუპჩინსკი - დემოკრატიისთვის დაუღალავი მებრძოლი


რომან კუპჩინსკი
რომან კუპჩინსკი
19 იანვარს ვაშინგტონში 65 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ყოფილი დირექტორი, დემოკრატიისთვის დაუღალავი მებრძოლი, რომან კუპჩინსკი.

კუპჩინსკი ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთა ვერშემჩნევა შეუძლებელი იყო. ის გახლდათ დიდი, შთამბეჭდავი გარეგნობის კაცი, რომელსაც ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო თავის გარშემო არაოფიციალური ატმოსფეროს შექმნა. არ უჭირდა, მსუბუქი იუმორით ესაუბრა როგორც მთავრობის მაღალი რანგის პირებთან, ისე თავის ახალგაზრდა ხელქვეითებთან.

მაგრამ ამ ფალსტაფისმაგვარი გარეგნობის მიღმა მახვილი გონების პატრონი იმალებოდა.

რომანის განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო კორუფცია უკრაინასა და, საერთოდ, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშაობდა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოპოლიტიკის საკითხებზე. არაერთხელ შეხებია საქართველოს პრობლემებსაც.

რომან კუპჩინსკიმ დიდი წვლილი შეიტანა თავის სამშობლოში კორუფციისა და პოლიტიკური სიხარბის, ყოველგვარი განუკითხავი მმართველობის გამოაშკარავების საქმეში.

ჩვენი რადიოს უკრაინული რედაქციის ამჟამინდელი დირექტორის, ირენა ხალუპას თქმით, რომან კუპჩინსკის ჟურნალისტურ გამოძიებას ხშირად მოუხდენია გავლენა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ერთ-ერთ მაგალითად ხალუპას მოჰყავს კუპჩინსკის ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი ფიგურირებდა. ამ მასალის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ კომპანაიის შეფი გადადგა და ისიც თქვა, რომ „თავისუფლების“ სიოს ემსხვერპლა.

როგორც რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფ გედმინი შენიშნავს, რომან კუპჩინსკიმ კიბოსთან ბრძოლაც ისევე მამაცურად, შარმით და იუმორით გაასრულა, როგორც ეს მას საერთოდ სჩვეოდა ცხოვრებაში.

რომან კუპჩინსკი ვენაში დაიბადა 1944 წლის 1 ნოემბერს და 1949 წელს მშობლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში. მან ნიუ იორკის ლონგ აილენდის უნივერსიტეტი დაამთავრა პოლიტიკურ მეცნიერებათა განხრით. შემდეგ კი ვიეტნამში იბრძოდა, რისთვისაც ჯილდო აქვს მიღებული.

70-იან წლებში კუპჩინსკი საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1990-დან 202 წლამდე კუპჩინსკი რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის დირექტორი იყო. ამის შემდეგ კი წამყვანი ანალიტიკოსის თანამდებობა დაიკავა, სანამ 2008 წელს პენსიაში გავიდოდა.
XS
SM
MD
LG