Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა


საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობას იმედი აქვს, რომ სტრატეგიას, რომლის საფუძველიც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით განახორციელებს. დოკუმენტი, სახელწოდებით “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” მინისტრთა კაბინეტის წევრებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გააცნო. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იაკობაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები იზოლირებულნი იყვნენ და მათი ბედი ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული. ”ჩვენ ვაპირებთ აქტიური პოლიტიკა გავატაროთ, რათა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს ნორმალური განათლება და ჯანდაცვა და ჩაერთოს ეკონომიკურ და კულტურულ პროექტებში, რომელიც დანარჩენ საქართველოში ხორციელდება” - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. მისივე ცნობით, სტრატეგიის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა მზად ივნისის ბოლოს იქნება, რასაც კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მუშაობა მოჰყვება. სტრატეგია წარედგინება საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაგან პირველი ევროპის საბჭო იქნება. სტრასბურგში დოკუმენტის პრეზენტაცია 3 თებერვალსაა დაგეგმილი. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზური და ოსური მხარეებისთვის სტრატეგიის გადაცემის სხვადასხვა მექანიზმი აქვს. დოკუმენტის განსახორციელებლად ნეიტრალური სტატუსის ჯგუფები იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG