Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი დაკავებულებისა და დაკარგულების კვალზე


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც დღეს შეხვედრებს თბილისში მართავს. აეროპორტში კომისარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა გათავისუფლება რჩება. ასევე განიხილება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხი. ხვალ თომას ჰამარბერგი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაემგზავრება. ადამიანის უფლებათა საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა დღეს სააგენტო რესს განუცხადა, რომ კომისართან ერთად ცხინვალში ორი უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩადის.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ევროპელი უფლებების დამცველის ვიზიტის მთავარი თემა ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებია. ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი სამხრეთ ოსეთის გაუჩინარებული მოქალაქეების საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას გეგმავს.

"თუ ქართული მხარე არ გამოიჩენს კეთილ ნებას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მოქალაქეებს, ან არ მიაწვდის ინფორმაციას მათ შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე "უგზო-უკვლოდ დაკარგულებს" უწოდებს, მაშინ ჰამარბერგი გვპირდება, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საერთაშორისო დამოუკიდებელ იურისტებს დაპატიჟებს, რომლებიც ამ საკითხების გარკვევით დაკავდებიან", - აცხადებს ჩოჩიევი.
XS
SM
MD
LG