Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს ირგვლივ ბევრი არ დაწერილა, თუმცა რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ახლა ორ წერილს მიმოვიხილავთ - ორივე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხება, თუმცა საკითხი განსხვავებული კუთხით არის გაშუქებული.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი - როგორც მოცულობის, ისე შინაარსის თვალსაზრისით - 9 მარტს გამოქვეყნდა გავლენიან გამოცემა „სტრატფორ კომენტარიში.“ სტატია ოთხი წერილისგან შემდგარი ციკლის პირველ ნაწილს წარმოადგენს და მას “რუსეთის მზარდი გავლენა, ნაწილი პირველი - აუცილებელი პირობები” ეწოდება.

“რუსეთი გავლენის გაფართოებას თავისი საზღვრების მიღმა ცდილობს. იმისათვის, რომ კვლავ გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე, მან გადაწყვიტა, რომ 4 ქვეყანაა ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი და საქართველო. პირველ სამს უკვე რუსეთი აკონტროლებს. მეოთხე - საქართველო - რუსეთის ყურადღების ცენტრში იქნება მანამ, სანამ ისიც მისი გავლენის სფეროში არ დაბრუნდება”, - ვკითხულობთ სტატიაში.

”სტრატფორ კომენტარის” ავტორების აზრით, “რუსეთისთვის კონტროლის ეს კონსოლიდაცია ექსპანსიონიზმს ან იმპერიალისტურ მიზნებს არ ეფუძნება. საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და გეოგრაფიულად მოწყვლადი რუსეთის ცენტრის გადარჩენას,რომელსაც არანაირი ბუნებრივი ფაქტორი არ იცავს.“

ამასთან, წერილში ვკითხულობთ: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ბუფერის დიდი ნაწილი (რომელსაც, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შეადგენდნენ) პროდასავლური გავლენის ქვეშ მოექცა და მოსკოვს დაშორდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გლობალურ დინამიკაში ცვლილება მოხდა: დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში მიმდინარე პროცესებით არის დაკავებული და ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის დრო და ენერგია არ რჩება. რუსეთი ამ ვითარებას საკუთარი გავლენის აღსადგენად იყენებს, თუმცა მან იცის, რომ ეს შესაძლებლობა მუდმივად არ იარსებებს და ამიტომ მან ქვეყნები პრიორიტეტის პრინციპით დააჯგუფა. შეიქმნა ოთხი ჯგუფი: პირველი შედგება ქვეყნებისგან, სადაც რუსეთმა გავლენის კონსოლიდაცია აუცილებლად უნდა მოახდინოს; მეორეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებზეც მას გავლენის კონსოლიდაცია სურს; მესამე ჯგუფია ის ქვეყნები, სადაც მოსკოვს გავლენა ადვილად აქვს, თუმცა პრიორიტეტულნი არ არიან. მეოთხეს კი ის რეგიონალური ცენტრები შეადგენენ, რომლებთანაც რუსეთმა ევრაზიაში არსებულ ახალ რეალობაზე ურთიერთგაგებას უნდა მიაღწიოს.

საქართველო, როგორც აღინიშნა, პირველ ჯგუფს ეკუთვნის, ანუ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებს. ამ ჯგუფში კიდევ უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. „ეს ქვეყნები რუსეთს შავ და კასპიის ზღვებზე გასვლის საშუალებას აძლევენ და რუსეთსა და აზიას, ევროპასა და ისლამურ სამყაროს შორის ბუფერის ფუნქციას ასრულებენ”, - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგ წერილში დეტალურად არის განხილული ოთხივე ქვეყანაში რუსეთთან მიმართებით არსებული ვითარება. საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ, გავლენის აღდგენის თვალსაზრისით, რუსეთისთვის ეს ქვეყანა, დანარჩენ სამთან შედარებით,ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. შემდეგ სტატიაში ჩამოთვლილია ფაქტორები, რომლებიც რუსეთს გავლენის კონსოლიდაციაში ეხმარება:

გეოგრაფია: რუსეთს ოფიციალურად აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი მთავარი სეპარატისტული რეგიონი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
მოსახლეობა: საქართველოში ეთნიკური რუსები დიდ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი მართლმადიდებელია. ოფიციალურად, უკრაინის ან ბელორუსიისგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოსას არ განკარგავს, თუმცა ეკლესიებსა და მორწმუნეებს შორის კავშირები დიდი ხანია რუსეთს საქართველოში საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.

პოლიტიკა: საქართველოს მთავრობას სათავეში რადიკალურად ანტირუსული ორიენტაციის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას, თუმცა ვარდების რევოლუციის პრეცედენტის დესტაბილიზაციის მცდელობა 10-ზე მეტ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა და გასულ წელს რუსეთი შეეცადა ამით ესარგებლა. მეტიც - ახლა რუსეთი საქართველოში ოფიციალურად პრო-რუსული ოპოზიციის ორგანიზებას იწყებს.

სამხედრო სფერო: ეს ზეწოლის მთავარი მექანიზმია, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ფლობს, რაც, ძირითადად, საქართველოში რუსეთის ჯარის დიდი რაოდენობის ყოფნის შედეგია. 2008 წლის ომით რუსეთმა აჩვენა, რომ, თუ საჭირო გახდა, მას საქართველოში შეჭრა ძალიან სწრაფად შეუძლია.

საქართველოს შესახებ ქვეთავის ბოლოს ვკითხულობთ: გავლენის მოხდენის მრავალი მექანიზმის მიუხედავად, “რუსეთს საქართველოზე კონტროლის დაწესებისთვის კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. თბილისი მოსკოვს კვლავ ღიად არ ემორჩილება და დასავლეთს მიმართავს ნებისმიერი, განსაკუთრებით კი სამხედრო სახის დახმარებისთვის. რახან დანარჩენი 3 უმნიშვნელოვანესი ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, მოსკოვის ყურადღება ახლა საქართველოზე იქნება კონცენტრირებული, ვინაიდან იმისათვის, რომ ევრაზიის მასშტაბით კვლავ ძლიერ მოთამაშედ ქცევას მიაღწიოს, რუსეთისთვის ამ ოთხივე ქვეყნის გაკონტროლება აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, -ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც, შეგახსენებთ, “სტრატფორ კომენტარიმ” 9 მარტს გამოაქვეყნა.

ასევე ქართულ-რუსულ კავშირებს ეხებოდა სტატია, რომელიც 10 მარტს გამოქვეყნდა გაზეთ “ინდეპენდენტში”, თუმცა ამ წერილში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ სხვა კონტექსტში იყო განხილული. სტატიაში, რომლის სათაურია “მტერთან ჭამა: რატომ უყვარს რუსეთს ქართული სამზარეულო”, მოთხრობილია, როგორ ინარჩუნებს რუსეთში პოპულარობას ქართული კერძები ორ ქვეყანას შორის ომის, მწვავე პოლიტიკური უთანხმოებისა და ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად. “ქართული ეგზოტიკური კერძებიდან არც ერთს არა აქვს რუსული სამზარეულოს მსგავსი ერთფეროვანი გემო, სლავურ ენას მიჩვეულ ხალხს არც ქართული კერძების თანხმოვნებით სავსე დასახელებების წარმოთქმა ეადვილება, მაგრამ ყველამ ყოველთვის ზუსტად იცის, რის დაკვეთას იძლევა. ქართული სამზარეულო, რომელიც, შესაძლოა, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანია, რუსეთში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს - დედაქალაქში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ახალ-ახალი რესტორნები და ქართული კერძების პოპულარობა სულ უფრო იზრდება“, - ვკითხულობთ გაზეთ “ინდეპენდენტში” 10 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ბოლოსაც, დანართის სახით, ჩახოხბილის რეცეპტია მოყვანილი.
XS
SM
MD
LG