Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო თუ არა კართაგენში ბავშვების რეგულარული მსხვერპლშეწირვა?


კართაგენელთა სასაფლაო ტოფეტი.
კართაგენელთა სასაფლაო ტოფეტი.
ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნიდან მოყოლებული გავრცელებულია მოსაზრება, რომ კართაგენელები რეგულარულად აწარმოებდნენ ბავშვების სასტიკი მეთოდებით მსხვერპლშეწირვას. ამ მოსაზრებას უკანასკნელ ხანებამდე იზიარებენ მეცნიერებიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თეორია საფუძველს მოკლებულია - აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც 500-ზე მეტი კართაგენელი ჩვილის ნეშტი შეისწავლეს.

„ჩვენს გამოკვლევაში ხაზგასმულია, რომ ისტორიკოსებმა ყველა არსებული საბუთი უნდა შეისწავლონ, თუკი ანტიკურ საზოგადოებებში ადამიანის ქცევის გაშიფვრა სურთ“, წერს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჯეფრი შვორცი პიტსბურგის უნივერსიტეტიდან. აქამდე ბავშვების რეგულარული მსხვერპლშეწირვის შესახებ მოსაზრება ნეშტის ანალიზს კი არ ემყარებოდა, არამედ ადამიანის მსხვერპლშეწირვის მაგალითებს, რომლებიც ადრეული პერიოდის მემატიანეებს აქვთ აღწერილი. თავის მხრივ ეს მემატიანეები ეყრდნობოდნენ ორაზროვან კართაგენულ წარწერებს ან ძველი აღთქმის ზოგიერთ ადგილს. შვორცის თქმით, მისი ჯგუფის გამოკვლევამ გამოავლინა ბავშვების მსხვერლშეწირვის გარკვეული შემთხვევები, მაგრამ არ დასტურდება მოსაზრება, რომ კართაგენელები თითქოს რეგულარულად წირავდნენ მსხვერპლად საკუთარ შვილებს.

კართაგენში ორი სასაფლაო არსებობდა. ერთი ჩვეულებრივი სასაფლაო იყო, სადაც ყველა იკრძალებოდა სიყმაწვილიდან მოწიფულ ასაკამდე. მეორე ქალაქის გარეთ მდებარეობდა და პატარა ბავშვებისა და ახალგაზრდა ცხოველებისთვის იყო განკუთვნილი. მას „ტოფეტი“ ეწოდებოდა. ტოფეტის არსებობა, განსაკუთრებით მასზე ჩვილი ბავშვებისა და ცხოველების დასაფლავების ტრადიცია, ადრევე აღძრავდა ეჭვს, რომ იქ მსხვერპლად შეწირული ბავშვები იყვნენ დაკრძალული. შვორცმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ტოფეტში დაცული 348 ურნა, რომლებშიც 540 ადამიანის ძვლების ნარჩენები იყო შემონახული.

აღმოჩნდა, რომ დაკრძალულთა ერთი მეხუთედი მკვდრადშობილი ბავშვები იყვნენ და მათი მსხვერპლად შეწირვის შესაძლებლობა თავიდანვე გამოირიცხა. რაც შეეხება ცოცხლად შობილებს, მათ ხუთი-ექვსი თვის ასაკამდე უცოცხლიათ. მეცნიერების აზრით, მათი სიკვდილის მიზეზი საბავშვო დაავადებები იყო, რომელთა მკურნალობა იმხანად არ შეეძლოთ. ისინი შეეცადნენ ჩვილთა სქესის გარკვევასაც. საქმე ისაა, რომ, ლეგენდების თანახმად, კართაგენელები პირველშობილ ვაჟს წირავდნენ ხოლმე მსხვერპლად. გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაკრძალულ ჩვილთა უმრავლესობა მდედრობითი სქესის იყო.

ამ გამოკვლევის საფუძველზე მეცნიერები დაასკვნიან, რომ ტოფეტი ჩვილი ბავშვების სასაფლაო იყო განურჩევლად იმისა, თუ როგორი სიკვდილით მოკვდნენ ისინი.
XS
SM
MD
LG