Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორენოვნება დედის მუცელშივე იწყება


როგორც დასტურდება, ქალს უკვე ორსულობისას შეუძლია თავისი ბავშვის ორენოვნად აღზრდაზე იზრუნოს. ამისთვის მან ორსულობის პერიოდშივე რაც შეიძლება მეტი უნდა ილაპარაკოს ორივე ენაზე. ამის შედეგი ისაა, რომ დაბადების შემდეგ ბავშვი განასხვავებს ამ ორ ენას და მათ მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერი ჯანეტ უერკერი და მისი კოლეგები ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში. მათ ერთმანეთს შეადარეს ინგლისურენოვანი დედებისა და ორენოვანი დედების ახალშობილთა ქცევა. ორენოვანი დედები ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ტაგალოგზე, ავსტრონეზიურ ენაზე, რომელიც ფილიპინებზეა გავრცელებული. ერთენოვანი დედების შვილებს მშობიარობამდე მხოლოდ დედის მიერ ნალაპარაკევი ინგლისური ესმოდათ, ორენოვანი დედები კი ორსულობის პერიოდში როგორც ტაგალოგზე, ისე ინგლისურად ეურთიერთებოდნენ მათ გარშემო ადამიანებს.

ახალშობილთა შორის ენების მიმართ ინტერესის შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიყენეს ეგრეთწოდებული „მაღალი ამპლიტუდით წოვის“ პროცედურა. ძუძუთა ბავშვს პირში უდებენ საწოვარას, რომელიც კომპიუტერთან არის მიერთებული და ზომავენ წოვის ინტენსივობას. წოვის ინტენსივობა მიიჩნევა იმის მაჩვენებლად, თუ რამდენად აღიქვამს ბავშვი ამა თუ იმ გამაღიზიანებელს.

აღმოჩნდა, რომ ერთენოვანი დედების შვილებში მხოლოდ მაშინ აღინიშნებოდა წოვის უფრო მაღალი ინტენსივობა, როცა მას ინგლისურად ესაუბრებოდნენ. ორენოვანი დედების შვილები კი ერთნაირად მაღალი ინტენსივობით წოვდნენ მათთან როგორც ტაგალოგზე, ისე ინგლისურად ურთიერთობის შემთხვევაში.

მკვლევრებმა შეისწავლეს აგრეთვე, მართლაც განასხვავებდნენ თუ არა ახალშობილები ამ ორ ენას. საამისოდ ორენოვანი დედების ბავშვებს იმდენ ხანს ელაპარაკებოდნენ მხოლოდ ერთ ენაზე, სანამ ბავშვები ინტერესს დაკარგავდნენ ამ ენობრივი სტიმულის მიმართ. ამის შემდეგ მათ ასმენინებდნენ წინადადებებს მეორე ენაზე, ანდა წინადადებებს იმავე ენაზე, ოღონდ მათ სხვა ადამიანი წარმოთქვამდა. ეს უკანასკნელი შემთხვევა ბავშვებს გულგრილს ტოვებდა. ანუ ერთი და იმავე ენის შემთხვევაში მასზე მოსაუბრის ცვლას არ მოსდევდა ბავშვების რეაქციის ცვლილება. სამაგიეროდ ბავშვების ყურადღება იზრდებოდა, როცა მათ სხვა ენაზე წარმოთქმული წინადადებები ესმოდათ.

ამგვარად, სრულიად აშკარაა, რომ ძუძუთა ბავშვებს შეუძლიათ განასხვაონ ორი ენა - ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთისგან იმდენად შორსმდგარი ენები, როგორებიცაა ტაგალოგი და ინგლისური. მთლიანობაში დადასტურდა, რომ ორენოვნება ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.
XS
SM
MD
LG