Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ უილშირი: ქვეყანა „სამხრეთი ოსეთი“ არ არსებობს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, დევიდ უილშირი აცხადებს, რომ ბორის ჩოჩიევს სამხრეთ ოსეთის საელჩოში ვერ შეხვდებოდა, იმიტომ რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს. „სამხრეთელ ოსს უბრალოდ რაღაც ოფისში შევხვდი. ეს არ იყო საელჩო - იმიტომ რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს“ - უთხრა უილშირმა რადიო „თავისუფლებას“ სტრასბურგში და დასძინა - „ნემისმიერი განცხადება, რომ სამხრეთელ ოსთან ჩემი საუბარი რაიმე ისეთის აღიარებას ნიშნავს, რასაც ევროსაბჭო არ აღიარებს, ნონსენსია.“ მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია პროტესტს გამოხატავდა იმის გამო, რომ 20 აპრილს უილშირი მოსკოვში, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საელჩოში შეხვდა ედუარდ კოკოითის პირად წარმომადგენელ ბორის ჩოჩიევს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, უილშირმა - რომელიც ცხინვალში თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან არ შეუშვეს - ამით საქართველოს სუვერენიტეტის გარდა, ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპებიც დაარღვია. ცისკარიშვილის თქმით, საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ გაითვალისწინა ქართული მხარის ეს უარყოფითი პოზიცია და საგაზაფხულო სესია, რომელზეც ოთხშაბათს საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე იმსჯელებენ, რეზოლუციის დამტკიცების გარეშე დასრულდება. თავის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აგვისტოს ომის შედეგების შესახებ არსებობს ორი დიამეტრალურად განსხვავებული მოხსენება, ამიტომ, ასამბლეის ბიურომ გადაწყვიტა, არცერთი მათგანი არ განიხილოს. დევიდ უილშირთან ერთად მოხსენებაზე მათიაშ ეორში მუშაობდა.
XS
SM
MD
LG