Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების შესახებ 2010 წლის ანგარიში


"ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ. მასში შეფასებულია მედიის მდგომარეობა 196 ქვეყანაში, შკალით 100-დან 0-მდე. რაც უფრო უახლოვდება რეიტინგი 0-ს, მით უფრო თავისუფლად ითვლება მედია ქვეყანაში. ზოგადად აღნიშნულია, რომ შარშან მედიის თავისუფლება შეიზღუდა - რეპრესიული მთავრობები განაგრძობდნენ საწინააღმდეგო აზრის შეზღუდვას, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი იყო და გაძლიერდა სახელმწიფოს მიერ ინტერნეტზე კონტროლის დამყარების მცდელობა. ყველაზე უარესი მდგომარეობა აღინიშნა თურქმენეთში, უზბეკეთში, ბელორუსიასა და ირანში. ყველაზე თავისუფლად მედიის მდგომარეობა შეფასდა ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მდგომარეობა მცირედით გაუარესდა და უკვე ზედიზედ მეშვიდედ შეფასდა, როგორც "არათავისუფალი". რუსეთში მთავრობა ინარჩუნებს კონტროლს თითქმის მთელ მედიაზე. რუსეთთან ერთად ყოფილი საბჭოთა კავშირის კიდევ 9 ქვეყანამ დაიმსახურა შეფასება ”არათავისუფალი”. საქართველოსა და უკრაინაში მედიის თავისუფლების ხარისხი ”ნაწილობრივ თავისუფლად” შეფასდა (საქართველო 126-ე ადგილზეა 59 ქულით), ბალტიისპირეთის ქვეყნებში კი - "თავისუფლად". "ფრიდომ ჰაუსის" კვლევის ხელმძღვანელი ქრისტოფერ უოკერი ამბობს: ”გარდა იმისა, რომ ცალკეული ჟურნალისტები იმყოფებოდნენ საფრთხის წინაშე, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ახალი ამბების მედიის ინფრასტრუქტურა ექცევა მთავრობებისა და მმართველი ძალების კონტროლქვეშ [ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა], იმდენად, რომ იქ არ არის სათანადო პლურალიზმი ახალი ამბების სფეროში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულის გლობალიზაციამ გვერდზე ჩაუარა ყოფილ საბჭოთა კავშირს, თუკი ვიმსჯელებთ პოლიტიკური მნიშვნელობის ახალ ამბებსა და ინფორმაციაზე”.
XS
SM
MD
LG