Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა „მკვლელობა“ უწოდა ათენში არეულობის დროს ადამიანების დაღუპვას


სამი ადამიანი დაიღუპა არეულობის დროს, რომელიც ათენში საპროტესტო აქციას მოჰყვა. დღეს საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის გეგმის გამო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რათა დაეშალა დემონსტრანტები, რომლებიც აალებად ყუმბარებს ისროდნენ. სამი ადამიანი დაიღუპა, როცა აალებადი ყუმბარის აფეთქებით გაჩენილი ხანძარი ერთ-ერთ ბანკს მოედო. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს „მკვლელობა“ უწოდა პარლამენტში გამოსვლისას. საპროტესტო აქცია დღეს დაპირისპირებაში გადაიზარდა საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიშიც. დემონსტრაციების ფონია 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა, მიმართული საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის გეგმის წინააღმდეგ. გეგმით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის გადასახადების გაზრდა, პენსიების შემცირება და ხელფასების გაყინვა. საბერძნეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ მკვეთრად შეამცირებს ხარჯებს კრედიტების სანაცვლოდ, რომელსაც ის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღებს. საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი პაკეტი 110 მილიარდ ევროს მოიცავს.
XS
SM
MD
LG