Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში კონსერვატორები ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნას ცდილობენ


კონსერვატული პარტიის ლიდერის დევიდ კამერონის სურათებს მრავლად ნახავთ ბრიტანეთის გაზეთების პირველ გვერდებზე
კონსერვატული პარტიის ლიდერის დევიდ კამერონის სურათებს მრავლად ნახავთ ბრიტანეთის გაზეთების პირველ გვერდებზე
დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური კონსერვატული პარტიის ლიდერმა, დევიდ კამერონმა, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას სამთავრობო კოალიციის შექმნის წინადადებით მიმართა - მას შემდეგ, რაც 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებს ყველაზე მეტი ხმა ერგოთ, მაგრამ არასაკმარისი პარლამენტის ქვედა, 650-ადგილიან პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ათწლეულების განმავლობაში პირველად ხდება, რომ ბრიტანეთს ახალი პარლამენტი გამოკვეთილი უმრავლესობის გარეშე ჰყავს.

არჩევნების საბოლოო შედეგებით, მემარჯვენე-ცენტრისტულ კონსერვატულ პარტიას 306 მანდატი ერგო - დაახლოებით 50-ით მეტი, ვიდრე პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მმართველ, მემარცხენე-ცენტრისტულ ლეიბორისტულ პარტიას. მაგრამ უმრავლესობის შექმნისთვის, სულ ცოტა, 326 მანდატია საჭირო.

კონსერვატორების ლიდერის დევიდ კამერონის განცხადებით, ის მზად არის, განიხილოს უმცირესობის მთავრობის შექმნის შესაძლებლობა - თუმცა, აპირებს, ლიბერალ-დემოკრატებს შესთავაზოს კოალიციური მთავრობის შექმნა. ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ 57 მანდატი მოიპოვა არჩევნებში: „მინდა, ლიბერალ-დემოკრატებს შევთავაზო ფართომასშტაბიანი, ღია და მრავალმხრივი წინადადება", - თქვა კამერონმა. - "მინდა, ვითანამშრომლოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი დიდი და მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად: ეს არის დავალიანების კრიზისი, სერიოზული სოციალური პრობლემები, ჩვენი დაშლილი პოლიტიკური სისტემა.“

კამერონის თქმით, ორი პარტიის შეხედულებებს შორის არსებობს გადაკვეთის წერტილები - თუმცა, ზოგიერთ საკითხზე პარტიები ვერ თანხმდებიან. ასეთია, მაგალითად, იმიგრაცია - რომლის მიმართაც კონსერვატორები ბევრად მკაცრ პოზიციებზე დგანან.

და მაინც, კამერონმა დასძინა, სტაბილური მთავრობის სწრაფად ფორმირება მნიშვნელოვანიაო - და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მალე მოხერხდება.

არჩევნების შედეგმა მესამე ადგილზე გასულ ლიბერალ-დემოკრატებს დიდი მნიშვნელობა შესძინა. სწორედ მათი გადაწყვეტილებით გაირკვევა, შეძლებენ თუ არა კონსერვატორები მთავრობის ფორმირებას; თუ ლეიბორისტებს მიეცემათ ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა.

კოალიციის თაობაზე კამერონის წინადადებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, ნიკ კლეგმა განაცხადა, ყველაზე მეტი მანდატის მირებით მთავრობის ფორმირების უფლება კონსერვატორებმა მოიპოვესო: „ჩემი აზრით, ახლა კონსერვატული პარტიის ამოცანაა, დაამტკიცოს, რომ ხელეწიფება ქვეყნის მართვა მისი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.“

თუმცა, მიღებული წესის თანახმად, მთავრობის ფორმირების საშუალება პირველად ეძლევა გორდონ ბრაუნს, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს - ახლაც კი, როცა ლეიბორისტებმა კონსერვატორებზე ნაკლები მანდატი მოიპოვეს.

პარასკევს ბრაუნს არანაირად არ მიუნიშნებია, რომ გადადგომას აპირებს - თუმცა თქვა, ოპონენტებს მოლაპარაკების გამართვისთვის საჭირო დროს მივცემო: „ბატონ კამერონსა და ბატონ კლეგს, ცხადია, იმდენი დრო უნდა მივცეთ, რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერი პარტიის ლიდერებს. აშკარაა ისიც, რომ თუ ბატონი კამერონისა და ბატონი კლეგის მოლაპარაკება შედეგს ვერ გამოიღებს, მე მზად ვიქნები, ბატონ კლეგთან ერთად ვიმსჯელო იმ სფეროებზე, სადაც ჩვენმა პარტიებმა შეიძლება გარკვეულ თანხმობას მიაღწიონ.“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ და რა პირობებით მიიღწევა შეთანხმება. როგორც ვარაუდობენ, ლიბერალ-დემოკრატები საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარებას მოითხოვენ - ანუ არსებული სისტემის შეცვლას, რადგანაც ის ლიბერალ-დემოკრატების ხარჯზე დიდ პარტიებს ანიჭებს უპირატესობას.

ბრაუნმა ასეთი პირობა უკვე დადო - განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირება პოლიტიკის სფეროს მიმართ ნდობის გაზრდისთვის არის აუცილებელი. თუმცა კონსერვატორებთან ამ საკითხზე შეთანხმება ალბათ ბევრად უფრო რთული იქნება.
XS
SM
MD
LG