Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის ინიციატივით გამოდის


"ეროვნული ფორუმი," რომელიც 30 მაისის არჩევნებში არ მონაწილეობდა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად "წამყვან ოპოზიციურ ძალებთან" კონსულტაციებს იწყებს. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ კონსულტაციები პირველ ყოვლისა, გაიმართება იმ პარტიებთან, რომლებმაც ხელი საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ”ეროვნული ფორუმის” მიერ მომზადებულ წინადადებებს მოაწერეს. მათ შორისაა საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. პრაქტიკულად ერთადერთი, ვისთანაც ”ეროვნული ფორუმი” კონსულტაციას კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელია. ” გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს, რათა საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ პრინციპით "ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა" - განაცხადა კახა შარტავამ. მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება სწორედ ამ გზით უნდა შეიცვალოს, საარჩევნო გარემოს შეცვლას კი, რეალური ოპოზიციის და საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება. ”ეროვნული ფორუმი” მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებით პაექრობის დრო დასრულდა და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა საერთო ძალით უნდა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG