Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერალურმა კრებამ პირველ ტურში ვერ აირჩია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი


გერმანიის ფედერალურმა კრებამ პირველ ტურში ვერ შეძლო ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც კანდიდატმა, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი ემხრობა, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიისა და მისი კოალიციური პარტნიორის ოფიციალური კანდიდატია კრისტიან ვულფი. მას 600 ხმა ერგო 1244-ადგილიან ასამბლეაში, რომელიც პარლამენტის წევრებს და გერმანიის 16 მხარის წარმომადგენლებს აერთიანებს. ოპოზიციური სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა და მწვანეთა პარტიის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, იოახიმ გაუკს, 499 ხმა ერგო. 126 ხმა მიიღო ულტრამემარცხენე პარტია „დი ლინკეს“ წარმომადგენელმა ლუკრეცია იოხიმსენმა. კენჭისყრის მეორე რაუნდი დღესვე, მოგვიანებით იმართება. პრეზიდენტად ასარჩევად, მეორე რაუნდშიც აუცილებელია აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, ბოლო, მესამე რაუნდში კი უბრალო უმრავლესობაც კმარა. ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოსტიდან გადადგა პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი.
XS
SM
MD
LG