Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ჟენევაში დაძაბულ მოლაპარაკებებს მოელის


საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 27 ივლისს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდი უნდა გაიმართოს. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადილემ გიგა ბოკერიამ უთხრა ჟურნალისტებს ჟენევაში გამგზავრების წინ, წინსვლა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც რუსეთის ფედერაცია და ”მისი კლიენტები - სოხუმი და ცხინვალი” აშკარა არაკონსტრუქციულობას იჩენს. ქართული დელეგაცია ჟენევაში დაძაბულ მოლაპარაკებებს მოელის, რადგანაც კრემლი და მისი მფარველობის ქვეშ მოქმედი სეპარატისტული რეჟიმები უპირველეს საკითხად კვლავაც ძალის გამოუყენებლობის ახალი დოკუმენტის საკითხის დაყენებას აპირებენ. ქართული მხარე კი კვლავაც მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება თავისთავად გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და ახალი დოკუმენტის გაფორმება საჭირო აღარ არის. თუმცა, თუკი ასეთი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში, ის უფრო დახვეწილი უნდა იყოს და მას აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი რუსეთმა. ამ პოზიციას იზიარებს ვაშინგტონი და ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს, თბილისში სტუმრობისას.
XS
SM
MD
LG