Accessibility links

ახალი ამბები

ავღანეთის განცხადებით, ნატოს სარაკეტო იერიშმა გასულ თვეში 39 სამოქალაქო პირი შეიწირა

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 სამოქალაქო პირი დაიღუპა სარაკეტო იერიშის დროს, რომელიც გასულ თვეში განახორციელა ნატომ - ანუ, დაიღუპა ნაკლები, ვიდრე ავღანეთში თავდაპირველად იუწყებოდნენ, მაგრამ გაცილებით მეტი, ვიდრე ნატო აღიარებს. ნატოს განცხადებით, ის ამოწმებს ცნობებს სამოქალაქო პირების დაღუპვის თაობაზე მას შემდეგ, რაც ქაბულმა თითქმის ორი კვირის წინ პირველად განაცხადა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა იერიშმა ჰელმანდის პროვინციაში. ნატოს პრეს-მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს ცნობაზე 39 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ. ნატომ ინციდენტის შესწავლის პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ ჰელმანდის პროვინციაში სარაკეტო იარიშის დროს 6 ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად მეამბოხეები.

ყველა ახალი ამბავი

პუტინის განკარგულებით, "აფხაზეთის არმიის" მოდერნიზაციას დააფინანსებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დაეთანხმა მთავრობის წინადადებას,„აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ გაფორმდეს მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შეთანხმება.

პუტინის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება 23 სექტემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დაევალა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია 23 აგვისტოს მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ „შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ“.

პარლამენტს მოუწოდეს, "კლანს ნუ ჩააბეტონებს"

დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტთან გამართა აქცია: „არ ჩააბეტონო კლანი“.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

„ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, მიხეილ ჩინჩალაძის კადრია, ან მისი თანხმობით სიაში შეყვანილი კადრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ამ სიის დამტკიცების შედეგად, მოიპოვებს კონტროლს საკასაციო სასამართლოზე. კლანს ნებისმიერ საქმეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება”, - განაცხადა იურისტმა კახა წიქარიშვილმა.

მისი შეფასებით, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 20 კანდიდატის სია კლანური ერთგულების პრინციპითაა შედგენილი.

„ქართულ ოცნებას ვეკითხებით, რატომ იყო სააკაშვილის დროს სასამართლო ცუდი? ის ააშენეს ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ ჩინჩალაძემ და დღეს ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აშენებს, იგივე პრინციპებითა და მეთოდებით. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის დროს როგორ ასრულებდა ასეთი სასამართლო დაკვეთებს”, - თქვა კახა წიქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. 23 სექტემბერს, პირველ სხდომაზე თამარ ალანიას უსმენენ.

საპარლამენტო კომიტეტმა მოსამართლეობის მხოლოდ ერთი კანდიდატის მოსმენა გადაწყვიტა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა.

წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით, 23 სექტემბერს კომიტეტს უნდა მოესმინა ორი კანდიდატისთვის - თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილისთვის, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ დეტალური განხილვის და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების უზრუნველსაყოფად ყოველ სხდომაზე ერთ კანდიდატს მოუსმინონ.

შესაბამისად, დღეს მხოლოდ თამარ ალანიას მოუსმენენ.

სასაფლაოზე პუტინის და მედვედევის ფოტოების გამოფენის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სანკტ-პეტერბურგის პოლიცია იძიებს ლუთერანულ სასაფლაოზე პრეზიდენტ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მედვედევის და სხვა პოლიტიკოსების ფოტოების გამოფენის საქმეს.

22 სექტემბერს პოლიციამ დააკავა პუტინის პროპაგანდასთან მებრძოლი ინტერნეტარხის „აგიტროსიის“ სამი აქტივისტი. მოგვიანებით ორი მათგანი მოწმის სტატუსით გაათავისუფლეს, ერთი ეჭვმიტანილი კი, იზოლატორში რჩება. აქტივისტები აცხადებენ, რომ სასაფლაოს ტერიტორიას არც კი მიახლოებიან და ალიბი აქვთ.

ლუთერანული სასაფლაოს ჯვრებზე პუტინის და სხვათა შავლენტიანი ფოტოები 19 სექტემბერს გამოჩნდა. ფოტოები მალევე აიღეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა წინასწარი განზრახვით სასაფლაოს ჯგუფურად წაბილწვის მუხლით, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი იწყებს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში. პრეზიდენტის გამოსვლა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტებშიც.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის თქმით, უნივერსალური ჯანდაცვის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საკითხებს.

„საგულისხმოა, რომ მსოფლიოსთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებები საქართველომ და ტაილანდმა წაიყვანეს. ასეთ დროს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როგორც პატარა სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვან თემებზე გამოდის მთავარ მომლაპარაკებლად“, - განაცხადა კახა იმნაძემ.

ნიუ-იორკში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც გაეროს ფორმატში, ასევე ფორმატს მიღმა, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

საპარლამენტო კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პირველ ორ კანდიდატს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა.

დღეს, 23 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ ორ კანდიდატს - თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს.

ალანია და გაბინაშვილი იყვნენ იმ ათ კანდიდატს შორისაც, რომლებიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა.

ამ სიას უკმაყოფილება მოჰყვა არა მხოლოდ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მხრიდან, არამედ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს შორისაც. საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არ განიხილავს და მათი შერჩევის პროცესი გაგრძელდება ახალი პროცედურით და კრიტერიუმებით.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის შეფასებით, ამ პროცესმა ვერ უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამართლიანი და ობიექტური პროცესი და ყველაფერი კვლავ სასამართლოში არსებულმა „კლანმა“ გადაწყვიტა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, სამეცნიერი სფეროს ორ და არასამთავრობო სექტორის ერთ წარმომადგენელს.

თეირანი ფიფას დაჰპირდა, რომ შემდეგ საფეხბურთო მატჩზე სტადიონზე ქალებს შეუშვებენ

თეირანი ფიფას დაპირდა, რომშემდეგ საფეხბურთო მატჩზე ქალებს სტადიონზე შეუშვებენ

ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, თეირანმა პირობა მისცა, რომ ირანის ხელისუფლება ქალებს სტადიონზე შეუშვებს შემდეგ თამაშზე, როცა ირანი საერთაშორისო მატჩს გამართავს.

ინფანტინოს 22 სექტემბრის განცხადება მოჰყვა ფიფას დელეგაციის ვიზიტს ირანში ისლამური ხელისუფლების მიერ კაცების სპორტულ შეჯიბრებაზე ქალების დასწრების აკრძალვის თაობაზე მოსალაპარაკებლად. აკრძალვას უკავშირდება ახლახან ახალგაზრდა ქალის სიკვდილი, რომელიც სტადიონზე მალულად, კაცად გადაცმული შესვლას ცდილობდა, რისთვისაც ის დასაჯეს.

10 ოქტომბერს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირანი კამბოჯის გუნდს ხვდება თეირანში, აზადის სტადიონზე.

„პროდუქტიული დისკუსიის დროს ფიფამ გაიმეორა თავისი მტკიცე და ცხადი პოზიცია, რომ ქალები უნდა დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს და რომ მათი რიცხვი უნდა გადაწყდეს მოთხოვნისა და ბილეთების გაყიდვის შედეგად", წერია ფიფას განცხადებაში, რომელიც 21 სექტემბერს გავრცელდა თეირანში ვიზიტის შემდეგ.

ფიფა აცხადებს, რომ ის იმუშავებს ირანის საფეხბურთო ფედერაციასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქალების დაშვება ირანის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩებზეც მომავალში. 10 ოქტომბრის თამაშის შედეგიდან გამომდინარე, ფიფა ითანამშრომლებს ირანის ფედერაციასთან ამ სფეროში.

სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება მოჰყვა 29 წლის ირანელი საჰარ ხოდაიარის თვითმკვლელობას. მარტში ირანში ​გამართულ ფეხბურთის მატჩზე დასწრების სურვილის გამო საჰარ ხოდაიარის ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ თვის დასაწყისში კი მან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ადრე ფიფა გააკრიტიკეს, რომ არ აღუდგა წინ ირანსა და სხვა ქვეყნებში გენდერულ დისკრიმინაციას ფეხბურთის მატჩებზე დასწრების დროს.

ირანის ხელისუფლება ხანგამოშვებით, ქალების მცირე ჯგუფს სტადიონზე შესვლის უფლებას აძლევს ხოლმე.

ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ თაჰიზადემ 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ქალებს კამბოჯასთან მატჩზე დაუშვებენ. თუმცა შემდგომ თეირანი ამ თემაზე დუმდა, რასაც მოჰყვა ფიფას დელეგაციის ვიზიტი.

დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე: იმპიჩმენტი, შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივლისში სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არ სურს, "ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს“.

ტრამპმა ასე უპასუხა 22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ შეკითხვებს. გავრცელდა ცნობა, თითქოს ის უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ გამოძიება დაეწყოთ ჯოზეფ ბაიდენის, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ.

"არ მინდა ზიანი მივაყენო ბაიდენს, მაგრამ მან ძალიან უპატიოსნო რამ გააკეთა“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონიდან ჰიუსტონში გამგზავრებამდე.

22 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა, რომ თუ გამოძიება დაადგენს ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს, ტრამპის იმპიჩმენტი ერთადერთი გზა იქნება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი სიმართლეა დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა, ეს იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი.

ჰონგ-კონგში პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა მოძალადე დემონსტრანტების წინააღმდეგ

პოლიცია ცრემლმდენი აირის ჭურვს ესვრის დემონსტრანტებს, ჰონგ-კონგი, 2019 წლის 15 სექტემბერი.

ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლა კვლავ გადაიზარდა ძალადობაში, როცა უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს მეტროს სადგურთან და მიმდებარე სავაჭრო ცენტრში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს 22 სექტემბერს.

პროდემოკრატიულმა დემონსტრანტებმა მანამდე დაიკავეს სავაჭრო ცენტრი და თვითნაკეთი, „ორიგამის“ სტილში დამზადებული წეროები ჩამოაგდეს შენობაში, სანამ პირებმა, რომლებსაც არ სურდათ, რომ ამოეცნოთ, იერიში მიიტანეს მეტროს სადგურზე, რასაც მოჰყვა პოლიციის მისვლა, იტყობინება „ასოშიეიტედ პრესი“. რამდენიმე დემონსტრანტმა ფეხით გათელა ჩინეთის სახელმწიფო დროშა და დააზიანა სამეთვალყურეო კამერები, ასევე სხვა ობიექტები.

რუსეთი ევროკავშირს აკრიტიკებს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ რეზოლუციის გამო

თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა მოსკოვში, 1939 წლის 23 აგვისტო

რუსეთმა გააკრიტიკა რეზოლუცია, რომელიც ევროპის კავშირმა მიიღო, და რომელიც იტყობინება, რომ 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტმა საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის „გზა გაუკაფა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 სექტემბერს შეაფასა ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, როგორც „პოლიტიზებული რევიზიონიზმი“.

სამინისტრო ჩივის, რომ რეზოლუციიის ტექსტში არ არის ნახსენები დასავლეთის ქვეყნების მიერ 1938 წელს ნაცისტურ გერმანიასთან დადებული „მიუნხენის შეთანხმება“, რომელსაც მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში ექსპანსია. სამინისტრო რეზოლუციას უწოდებს „ევროპის პარლამენტის აღმაშფოთებელ მცდელობას, გაუთანაბროს აგრესორი ქვეყანა საბჭოთა კავშირს, რომლის ხალხმა უდიდესი მსხვერპლის ფასად იხსნა ევროპა ფაშიზმისაგან“.

მსოფლიომ წელს აღნიშნა ამ შეთანხმების მე-80 წლისთავი, რომელიც ასევე ცნობილია „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სახელით, და რომლის თანახმად, მოსკოვი და ბერლინი შეთანხმდნენ, გაეყოთ ერთმანეთში შუა და აღმოსავლეთი ევროპა. რეზოლუციაში წერია, რომ პაქტის თანახმად, ევროპა ორ ტოტალიტარულ რეჟიმს შორის გაიყო. ნაცისტებმა დაარღვიეს შეთანხმება და თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს 1941 წლის ივნისში.

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა.

გენო პეტრიაშვილის ოქროსა და ირაკლი მწითურის ბრინჯაოს, დღეს ოქროს მედალი მიამატა ბექა ლომთაძემ.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის სპორტსმენმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 19-22 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზიაც მოიპოვა.

ოლიმპიური ნორმატივი შეასრულეს გენო პეტრიაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ, რომელმაც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ტრამპი და ზელენსკი მომავალ კვირაში შეხვდებიან ერთმანეთს ადრინდელი სატელეფონო საუბრის შინაარსის გამოძიების ფონზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას პირველად შეხვდება მომავალ კვირაში. ამავე დროს აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება ორი პრეზიდენტის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის გარშემო, რომლის თაობაზე საჩივარი შევიდა აშშ-ის სპეცსამსახურების ინსპექტორთან.

ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარკებას გამართავს 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ზელენსკის ოფისმა დაადასტურა, რომ შეხვედრა გაიმართება გაეროს კულუარებში.

დონალდ ტრამპი შეხვედრებს გამართავს მსოფლიოს ათზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან, მათ შორის, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, თუმცა მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან დიდი ყურადღების ცენტრში იქნება. ორი პრეზიდენტი ისაუბრებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ვაჭრობასა და აშშ-ის შეშფოთებაზე ჩინეთის მცდელობის გამო, „დაეპატრონოს უკრაინის ინტელექტუალურ ქონებას“, განაცხადა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აგვისტოში, აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა გამოხატა ვაშინგტონის შეშფოთება ჩინური ფირმების მიერ უკრაინის „მოტორ სიჩის“, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვითი კომპანიის შეძენის თაობაზე. ტრამპი და ზელენსკი მოილაპარაკებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გარშემოც.

საუდის არაბეთი: სანავთობო ობიექტებზე თავდასხმა „საომარ მოქმედებად“ შეფასდება, თუ ის ირანის ტერიტორიიდან მოხდა

საუდის არაბეთის, ხურაისის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის შემდეგ

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ის მშვიდობიანი გზით ცდილობს მოგვარდეს მის სანავთობო ობიექტებზე ამასწინანდელი თავდასხმები, მაგრამ სამეფო მათ "საომარ მოქმედებად“ შეაფასებს, თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს „დრონით და რაკეტებით“ იერიში ირანის ტერიტორიიდან განხორციელდა.

22 სექტემბერს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა განასხვავა ერთმანეთისგან ორი მომენტი: როცა თავდასხმა ხორციელდება ირანის მიერ წარმოებული იარაღით და როცა ის ირანის ტერიტორიიდან ხდება. „თქვენი ტერიტორიიდან თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს ასეა, სხვა კატეგორიასთან გვაქვს საქმე. ეს უნდა მივიჩნიოთ „საომარ მოქმედებად“, - თქვა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის მხარდაჭერით მოქმედმა ჰუთიტებმა იემენში, რომლის მთავრობას საუდის არაბეთი, აშშ-ის მოკავშირე, უმაგრებს ზურგს, განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა და ამ ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა 14 სექტემბრის თავდასხმაში დაადანაშაულეს ირანი, რომელთანაც ვაშინგტონის ურთიერთობა დაიძაბა ირანთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ირანისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. აშშ-მა გამოაცხადა „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა თეირანის მიმართ.

ტრამპიცა და საუდის არაბეთიც აცხადებენ, რომ კონსულტაციებს მართავენ და ელოდებიან თავდასხმის გამოძიების შედეგებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „იმ ცნობების თანახმად, რომლებიც მე მაქვს, დაუჯერებელია და არ იმსახურებს ნდობას იმის ვარაუდი, რომ თავდასხმა განახორციელეს ჰუთიტებმა“. „ბი-ბი-სი-სთან“ საუბარში მან ხაზი გაუსვა დამაჯერებელი მტკიცებულებების საჭიროებას იმის თაობაზე, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.

მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე გუშინ ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

„მას გუშინვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისთვის ის კონტაქტური არ არის“, - განუცხადეს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 300-მდე შეტყობინება შევიდა - თბილისიდან 270, რუსთავიდან კი 25. აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

ირანის პრეზიდენტი გაეროში რეგიონული უსაფრთხოების გეგმას წარადგენს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა გაეროში აპირებს წარადგინოს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების გეგმა „რეგიონის სხვა ქვეყნების დახმარებით“ და შეეხო რეგიონის და სანავთობო მრეწველობისთვის უცხო ძალებისგან მომავალ საფრთხეს.

როჰანი ირანის ტელევიზიით გამოვიდა 22 სექტემბერს, როცა ისლამური რესპუბლიკა აღნიშნავს ერაყთან 1980-88 წლების ომის წლისთავს. ქვეყანაში იმართება სამხედრო აღლუმი და სხვა ოფიციალური შეხვედრები ირანის სამხედრო ძლიერების საჩვენებლად. იმ კვირაში როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოვა.

ირანის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში თანამოქალაქეებისადმი პირობა დადო, რომ არავის მისცემს ირანის საზღვრების დარღვევის უფლებას და რეგიონში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონმა და რიადმა ირანი დაადანაშაულეს. ამის ფონზე გრძელდება ომები სირიასა და იემენში, აშშ-ის მეთაურობით მიმდინარეობს მზადება სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეში სანავთობო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ირანის მიერ ამას წინათ სავაჭრო გემების დაკავების შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 სექტემბერს დაამტკიცა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ჯარების ზომიერი გაზრდის დოკუმენტი.

22 სექტემბრის გამოსვლაში ჰასან როჰანიმ მიმართა უცხოეთის ძალებს, სპარსეთის ყურისგან თავი „შორს დაიჭირონ“ და გამოაცხადა, რომ, მისი სიტყვებით, მათი იქ ყოფნა რეგიონს „გამალებული შეიარაღების არეალად“ აქცევს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო: „ესაა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

საქმე ეხება ბათუმში, 16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს.

როინ კოჩალიძე ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის მონაწილე პირებს პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულების განმარტებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრათ, ერთ-ერთს სხეულის დაზიანებაც მიაყენა.

პოლიციამ საქმის გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობა) დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმის დეტალების გასარკვევად „ბათუმელების“ დირექტორი ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა, კვალიფიკაცია დაამძიმეს 353-ე პრიმა პირველი მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. აღნიშნული მუხლი სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.


ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით სამართალდამცავები გაუფრთხილებლად შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს მზია ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული არაა რეგისტრირებული და არც არასდროს უცხოვრია, მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებულისთვის მისივე საცხოვრებელ სახლში არ მიუკითხავთ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი”, - წერია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის კამერუნის 2 მოქალაქე დააკავა

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბათუმტს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ზაფხულის სამი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის 15, აზერბაიჯანის 4, ინდოეთის - 8, სომხეთის - 4, მაროკოს - 5, ირანი - 5, ერაყი - 1, ავღანეთის - 1, ეგვიპტის - 1 მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე 8 პირი.

არჩილ თალაკვაძემ მონაწილეობა მიიღო ველომსვლელობაში

22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მონაწილეობა მიიღო ველომსვლელობაში, რომელმაც სტატრტი აიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან და დასრულდა შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან.

22 სექტებმერი - “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

"მხარს ვუჭერთ ალტერნატიულ ტრანსპორტს, მხარს ვუჭერთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, კარგ ინფრასტრუქტურას ფეხით მოსიარულეთათვის და მეტ ფიზიკურ აქტივობას. დღეს ველოსიპედებით გავაკეთებთ სიმბოლურ მარათონს, სადაც გავუწევთ პოპულარიზებას ალტერნატიულ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. პარლამენტის წინაშე მდგარ 10 გამოწვევაში, რომელიც წარვადგინეთ, ერთ-ერთი პუნქტია გარემო და ეკოლოგია და სწორედ „დღე ავტომობილების“ გარეშე არის ის დღე, როდესაც ვაჯამებთ, რისი გაკეთება შევძელით და ვფიქრობთ, რისი გაკეთება გვინდა მომავალში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გარრბენის დაწყების წინ.

“საერთაშორისო დღის ავტომობილის გარეშე” შემოღება მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

თბილისში გამართული ველომსვლელობის ორგანიზატორია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, რომელსაც პარტნიორობა გაუწიეს ველოსპორტის ეროვნულმა ფედერაციამ და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ.

.

ძლიერი ქარის გამო, 112-ის სამსახურში 300-მდე შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან 270 შეტყობინება, რუსთავიდან კი - 25 შეტყობინება შევიდა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

რუსთავში ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, დაშავებული არავინაა.

ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა. ამ დროისთვის შეინიშნება ქარის სიმძლავრის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ქარი დღის განმავლობაში შედარებით შესუსტდება.

ჰუთიტი მეამბოხეები აცხადდებენ, რომ აჩერებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტი მეამბოხეები აცხადებენ, რომ აჩერებენ საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმებს საუდის არაბეთზე, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობა იკისრეს იერიშზე საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ნავთობის ობიექტზე.

ჰუთიტების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მეჰდი ალ-მაშატმა 20 სექტემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ "შეჩერებულია ყველა თავდასხმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე". მისი თქმით, ჯგუფი ახლა "დადებით გამოხმაურებას" ელის რიადისგან.

შიიტმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა პასუხისმგებლობა იკისრეს 14 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობის საწარმოზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა რეგიონში. ჰუთიტების ამ განცხადების მიუხედავად, აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმა თეირანს დააბრალეს და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ განიხილება პასუხის ყველა გზა, სამხედროს ჩათვლით. ირანი უარყოფს კავშირს ინციდენტთან და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი თავდასხმა "სრულმასშტაბიან ომს" მოიტანს.

მიმდინარე წელს ჰუთიტმა მეამბოხეებმა მანამდეც განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა საუდის არაბეთის ობიექტებზე. იემენის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერენ სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი საუდის არაბეთი და მისი არაბული მოკავშირეები, ჰუთიტ მეამბოხეებს 2015 წლიდან ებრძვის.

სომხეთის ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა გირაოზე

ერევნის ერთ-ერთმა სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც ბრალად ედება საკონსტიტუციო წესრიგის დამხობა.

სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას სამი დღით უსწრებდა წინ მოსამართლის მხრიდან ქოჩარიანის ადვოკატების შუამდგომლობის უარყოფა, მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ადვოკატების შუამდგომლობა ეფუძნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 4 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია მუხლი, რომლითაც სამართალდამცველებმა ისარგებლეს 65 წლის ექსპრეზიდენტის დასაკავებლად და გასასამართლებლად. ქოჩარიანის დაცვის გუნდს უკვე გასაჩივრებული აქვს 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, და კიდევ 10 დღე აქვს საიმისოდ, რომ სასამართლოს ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

ისევე, როგორც წინა გადაწყვეტილებების დროს, 20 სექტემბერსაც სასამართლოს შენობის წინ აქციებს მართავდნენ ქოჩარიანის მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეები, პოლიციის ძალების თანდასწრებით.

ქოჩარიანისთვის და კიდევ სამი ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება 2008 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას ჯარი გამოეყვანათ ქუჩებში, მას შემდეგ, რაც შეხლა-შემოხლას ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი, სამართალდამცველების ჩათვლით.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბათუმში მიმდინარე გამოძიება მედიაზე ზეწოლას უკავშირდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა 21 სექტემბერს გირაო, 25-25 ათასი ლარი შეუფარდა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ხუთ პირს, რომლებსაც პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება.

დაკავებულები შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან. ეს კომპანია ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. როგორც ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" იუწყება, “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. თურაძის თქმით, შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

პროკურატურა დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩირებას კი სააპელაციო წესით აპირებს.

საქმე ეხება 16 სექტემბერს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ვერსიით, ხუთი ბრალდებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს თავს დაესხა მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებულების მონათხრობით კი ისინი ახლობლის ბინიდან ღამის პირველის ნახევრისთვის გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ელოდნენ ტაქსის. ამ დროს სადარბაზოსთან შეამჩნიეს “შკოდას” მარკის მანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია ყველა „ცუდი პოლიციელი“.

ბრალდებულები ყვებიან, რომ ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელმაც კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთვის. ბრალდებულების თქმით, მათ ამ მამაკაცს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც, გამოცემა "ნეტგაზეთის" თანახმად, თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

ინციდენტისას ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და შემთხვევაში მონაწილე სამი პირი გადაიყვანა ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში. პოლიციაში მივიდა პოლიციელი როინ კოჩალიძეც. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები, ისინი სამხარაულის ბიუროში ალკოტექსტზე გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს. საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიების პროცესში მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ალბანეთის გემმა 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა ეგეოსის ზღვაში

ოლტა ჯაჩკა, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი

ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა გემმა ეგეოსის ზღვაში გადაარჩინა 111 მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთში ცდილობდნენ გადასვლას და ისინი თურქეთის ხელისუფლებას ჩააბარა.

თავდაცვის მინისტრმა ოლტა ჯაჩკამ 21 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის წყლებში, სამი სხვადასხვა ოპერაციის ფარგლებში გადაარჩინეს სირიელი, ერაყელი და პალესტინელი მიგრანტები. მისი თქმით, მიგრანტები 20 სექტემბერს, გვიან საღამოს აღმოაჩინა ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის კუთვნილმა გემმა.

ალბანეთი 2009 წლიდან ნატოს წევრია და მონაწილეობს ალიანსის საზღვაო მისიაში ეგეოსის ზღვაში.


მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ჩემი ბრძოლა უშედეგო არ არის“

მალხაზ მაჩალიკაშვილი

ჩემი ბრძოლა უშედეგო არ არის. აი, შედეგი, ხომ ხედავთ ამ ხალხს. ამ ქვეყნის, ქართული საზოგადოების 70% ჩემს გვერდით რომ დადგა. აი, შედეგი ეს არის, ეს შედეგია, - განაცხადა პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 21 სექტემბერს, პარლამენტთან „გავრილოვის პატიმრების“ კარვის გაშლის შემდეგ. იგი ერთ თვეში აპირებს მხარდამჭერებს პარლამენტის წინ შეკრებისაკენ მოუწოდოს.

„იყო ერთი კარავი - თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, გვერდით გაიშალა კარავი - გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ეხლა ეს მესამეა - გავრილოვის პირადი პატიმრების, ივანიშვილის პატიმრების კარავი... ამათ კიდევ ბევრი კარავი დაემატება.

აი, ოქტომბრის ბოლოს მე მოვამთავრებ ჩემი ხელმოწერების მოგროვებას. შემდგომში მე გავაკეთებ განცხადებას, რომ ხალხი გამოვიდეს. დავაანონსებ აქციას. იმ ხალხს, რომელსაც მე დავუძახებ და რომელიც გამოვა გარეთ, ისინი უკვე სახლში არ წავლენ, სანამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა თემირლანის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისის, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული პირების კარავი 22 სექტემბერს გაიშალა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, კარავი არის დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან.

ამ დროისათვის პატიმრობაში მყოფ 14 პირს შორისაა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი.

20-21 ივნისის საქმეზე 19 პირი დააკავეს. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ლუკაშენკო ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაიოლებაზე

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეებს გაუიოლებს სავიზო რეჟიმს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამოგზაუროდ.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანატოლ ჰლაცმა 20 სექტემბერს მინსკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ლუკაშენკოს "ესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ჩვენი მოსახლეობის მობილობისთვის, მას შემდეგ, რაც ყურადღებით გააანალიზა ყველა შესაძლო რისკი და შედეგი". ჰლაცმა დასძინა, "ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ადამიანურ და ბიზნესკონტაქტებსო". მისი თქმით, ხელშეკრულების რატიფიკაცია ბელორუსიის პარლამენტმა უნდა მოახდინოს და შემდეგ ის ევროპის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ჰლაცის განცხადებამდე სამი დღით ადრე, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დევიდ ჰეილმა მინსკში თქვა, რომ ორი ქვეყანა აღადგენს ელჩების გაცვლას, 11-წლიანი პაუზის შემდეგ - იმ ფონზე, როცა არსებობს ერთობლივი შეშფოთება რუსეთის საგარეო-პოლიტიკური თავგადასავლების გარშემო. ჰეილი ამ განცხადებებით გამოვიდა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ქვეყანას საუკუნის მეოთხედია მართავს.

ბოლო წლებში გახშირდა შეხვედრები ვაშინგტონის და მინსკის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. გასულ თვეში ბელორუსიას ეწვია იმ დროს უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG