Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი გაათავისუფლეს


პოლონეთის სასამართლომ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, ახმედ ზაკაევის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაკაევი მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება. ტელევიზიით გადაიცა, როგორ დატოვა მომღიმარმა ზაკაევმა სასამართლოს შენობა და როგორ ჩაჯდა მანქანაში. ზაკაევმა განაცხადა, რომ შაბათს მონაწილეობას მიიღებს ვარშავის სიახლოვეს მიმდინარე ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის დასკვნით ღონისძიებებში. ამ კონგრესში მონაწილეობის მიზნით იგი ხუთშაბათს ჩავიდა პოლონეთში. ზაკაევი პარასკევს, ვარშავაში დააკავეს, რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. მას რუსეთი 1990-იან წლებში, რუსეთის ჯარსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის ომების დროს დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. ზაკაევი ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს - მას შემდეგ, რაც 2003 წელს ამ ქვეყანამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ორიენტაციის ლიდერმა, რამზან კადიროვმა პოლონეთს ზაკაევის ექსტრადიციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ის რუსეთში უნდა გასამართლდეს. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში კადიროვმა თქვა, ზაკაევი „ნამდვილად უნდა გადასცენ რუსეთს, ანუ ჩვენო.“
XS
SM
MD
LG