Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს


მოსკოვის მერის პოსტიდან დათხოვნილი იური ლუჟკოვი პოზიციას სავარაუდოდ, ვერც მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” ხელმძღვანელ სტრუქტურაში შეინარჩუნებს - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები კრემლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყებიან. წყაროს განმარტებით, მმართველი პარტია ვერ ენდობა მას, ვისაც პრეზიდენტი არ ენდობა. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის პოსტიდან 18 წლიანი საქმიანობის შემდეგ, დღეს გაათავისუფლა პრეზიდენტმა მედვედევმა. მის განკარგულებაში მიზეზად დასახელებულია ნდობის დაკარგვა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ნატალია ტიმაკოვას განმარტებით, არსებობს რეგიონის მეთაურისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ორი ვარიანტი - საკუთარი სურვილით, ან ისეთი მკაცრი ფორმულირებით, როგორიცაა ნდობის დაკარგვა. ტიმაკოვას განცხადებით, იური ლუჟკოვი პრეზიდენტთან შეთანხმებით იმყოფებოდა ერთკვირიან შვებულებაში, რათა მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე ეფიქრა. ”ლუჟკოვი შვებულებიდან გუშინ დაბრუნდა, დღეს კი, პრეზიდენტმა ხელი მისი დათხოვნის განკარგულებას მოაწერა, ამიტომ დასკვნა თავად გამოიტანეთ” - განუცხადა ჟურნალისტებს მედვედევის პრეს-მდივანმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ყოფილ მერთან შეხვედრას ჯერჯერობით არ აპირებს. მოსკოვის მერის მოვალეობის დროებით შესრულება დმიტრი მედვედევმა პირველ ვიცე-მერს ვალდიმირ რესინს დაავალა იური ლუჟკოვი რუსეთიდან გამგზავრებას არ აპირებს და მოსკოველებზე ზრუნვას განაგრძობს - ამის შესახებ ყოფილ მერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა მოსკოვის დუმის დეპუტატმა მიხაილ ანტონცევმა. მისიევ ცნობით, იური ლუჟკოვი გამართავს პრეს-კონფერენციას, რომლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG