Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა იანვარში გაიმართება


ჟენევაში დასრულდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ორდღიანი მოლაპარაკება, რომელსაც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა „დეტალური“ და „მნიშვნელოვანი“ უწოდა. იქვე ეშტონმა დაადასტურა უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება იანვარში განახლდება. „ჩვენ და ირანი შევთანხმდით ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე იანვრის ბოლოს, სტამბოლში, სადაც ვაპირებთ, ვიმსჯელოთ ბირთვული პროგრამის შესახებ ჩვენი შეშფოთების გამომწვევი საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის პრაქტიკულ წინადადებებსა და გზებზე,“ განაცხადა ეშტონმა. ჟენევაში ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის, ისევე როგორც გერმანიის წარმომადგენლები. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ოთხი რაუნდი აქვს დამტკიცებული ირანის წინააღმდეგ მისი უარის გამო, ბოლო მოუღოს ურანის გამდიდრებას. გამდიდრებული ურანი ბირთვული რეაქტორების, ან ბირთვული იარაღისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი ირწმუნება, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის დამზადებას. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს განაცხადა, რომ ექვს ქვეყანასთან მოლაპარაკება „ნაყოფიერი“ იქნება, თუ გაუქმდება ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო შემოღებული სანქციები.
XS
SM
MD
LG