Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების ჩამორთმევის ახალი შემთხვევის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და მიწის ჩამორთმევის ახალი შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მარიონეტული რეჟიმის გამოყენებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ახალი საფეხურია და ეთნიკურად ქართველი მცხოვრებლებისათვის ყველა ძირითადი საარსებო საშუალების მოსპობას ისახავს მიზნად. "აღნიშნული ქმედება კიდევ უფრო გაამძაფრებს ახალგორის რაიონში ეთნიკური კუთხით არსებულ დაძაბულობას და უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმდინარე მცდელობებზე რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების დევნის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც გამოხატულია საკუთარი სახლებიდან მათი გამოძევებით, ქონებრივი უფლებების ჩამორთმევით და დაბრუნების უფლებაზე უარის თქმით. "ამგვარი ქმედებებით რუსეთი ერთმნიშვნელოვნად არღვევს თავის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც, სხვებთან ერთად, მასზე დაკისრებულია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციითა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით. მის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ვალდებულია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ყველასათვის უზრუნველყოს ხსენებული კონვენციით განმტკიცებული უფლებები (ქონებრივი უფლებების ჩათვლით)", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ეს ფაქტი. 7 დეკემბერს, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველი მცხოვრებლების საკუთრების უფლება.
XS
SM
MD
LG