Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუკავა - პოლიტიკოსი


19 დეკემბერი, კვირა
კვირა დილას, როგორც წესი, ცოტა მეტი მძინავს, ვიდრე სხვა დღეებში, ამიტომაც შეძლებისდაგვარად ვისვენებ დატვირთული კვირის შემდეგ. 12-ისთვის ჩემი მეგობარი - ოთარ ჭითანავა - გამომივლის და დაკრძალვაზე მივდივართ. საბურთალოს სასაფლაოზე ლამის მთელი თბილისი და სამეგრელოა თავშეყრილი. ოთო, როგორც ნამდვილი მეგრელი, დაკრძალვაში ბოლომდე რჩება ქელეხის ჩათვლით.

3 საათზე ვაკე-საბურთალოს აქტივთან მაქვს შეხვედრა. ბოლო სამი წლის წარუმატებლობების შედეგად მთელ თბილისში დეპრესია და ინდიფერენტულობაა გამეფებული. დამსწრეებს მოთმინებით ვუხსნი ჩვენი მოძრაობის ამოცანებს და ტაქტიკას. პირველი 20 წუთი სრული სიჩუმეა. ვერ ვხვდები, რამდენად საინტერესოა ეს ყველაფერი მათთვის. აქ თავმოყრილია ოპოზიციური მოძრაობის ყველაზე აქტიური ჯგუფი. როგორ უნდა მოვერიოთ უიმედობას და უსამართლობას? ჩვენი ტაქტიკა პრაგმატულია, ნაკლებად პოეტური, ვიდრე მყვირალა დაპირებები, მაგრამ შედეგიანი. გვჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელსაც საქართველოს ყველა სოფელში და უბანში ეყოლება შემოწმებული კადრი.

პირველი კომენტარი (ამოვისუნთქე): „კი მაგრამ, ხომ იცით რომ ამ ხალხს გააწამებენ? მე შვილი დამიჭირეს და ძლივს გამოვათრიე ციხიდან!..“ როგორც კი საუბარი გაიხსნა, ყველაფერზე ვთანხმდებით. როცა არ ატყუებ ადამიანს, ყოველთვის შესაძლებლია ნდობის მიღწევა.

საღამოს - ისევ დევნილებთან შეხვედრები. ხელისუფლება უახლოეს დღეებში მათ გამოსახლებას აპირებს. ობიექტიდან ობიექტზე დავდივართ, რომ სამშაბათის აქციის შესახებ დევნილებს უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია. ვარკეთილში ყველაზე მეტი ადამიანია შეკრებილი, ძალიან ნერვიულობენ და ყოველ წამს მეკითხებიან: „გაგვასახლებენ?“ ვცდილობ ავუხსნა, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლება, თუკი ხელისუფლებას დაანახებენ თავის ძალას. ძალიან დიდი უბედურება აქვს გადატანილი ამ ხალხს და, ილიკო ჩიგოგიძის არ იყოს, ცხოვრებას საღი თვალით უყურებენ, ასჯერ გაზომავენ და ერთხელ გაჭრიან. ბოლოს დაპირებებით გამომაცილეს, თუმცა ვიცი, რომ სამშაბათამდე არ დაამახსოვრდებათ.

საღამოს სამების ეკლესიაში მივდივარ, ახალგაზრდულმა ცენტრმა მიგვიწვია გამოფენაზე. ყველა სურათი ონკოლოგიური სნეულებით დაავადებული ბავშვების შესრულებულია. ასეთი მძიმე სურათი, მგონი, ცხოვრებაში არ მინახავს! ფერად სურათებზე ბავშვებია, სახელები და ასაკია მიწერილი: 6, 7, 9 ,11 წლის... ორგანიზატორები მესალმებიან და მოკლე განმარტებებს გვაძლევენ. ეს ყველაფერი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის კეთდება. ვეკითხები, როგორია მკურნალობის სტატისტიკა. ამბობს, რომ ნაწილი ამ სურათების ავტორებისა, უკვე ცოცხალი აღარაა. ორი სურათი ვიყიდეთ.
თავისუფლების დღიურები - კახა კუკავა
please wait

No media source currently available

0:00 0:10:20 0:00
გადმოწერა

20 დეკემბერი, ორშაბათი
დილა საუზმეზე მოლაპარაკებებით იწყება. ვინაიდან მარხვაა, ერთადერთი, რაც შემიძლია მივიღო, „დაჩას“ კარაქია. დიდი თხოვნით მიმზადებენ და უსწრაფესად საკრებულოში მივდივარ, რომ არ დავაგვიანო. ყოველ ორშაბათს საკრებულოში მიღება მაქვს. დევნილი ქალბატონი სამაჩაბლოდან თავის გასაჭირს მიყვება. მარტო ზრდის ბავშვებს, სამსახური არა აქვს და საერთო საცხოვრებლიდან ასახლებენ. სანამ ვფიქრობ, რით შემიძლია დავეხმარო ან ვისთან ვუშუამდგომლო, ერთ-ერთი დეპუტატის გვარს მისახელებს და მეუბნება, რომ მისი ბიძაშვილია. არაფერში მარგია... დღეს თითქმის ყველა იმავე პრობლემით მოდის, დევნილების მასობრივი გამოსახლება იგეგმება.

2 საათზე გერმანიის ელჩთან გვაქვს შეხვედრა. მე და ვიქტორ დოლიძე - თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი - დიპლომატებთან ერთად დავდივართ. თემა: დევნილების დაგეგმილი გამოსახლება. ელჩი ყურადღებით გვისმენს, ჩვენი წერილი უკვე მიღებული აქვს. ვეკითხები, არდადეგებზე იქნება თუ არა თბილისში ვინმე. მთავრობის მთავარი იმედი არდადეგებია: თუ თბილისში არც ერთი დიპლომატი არ იქნა, გამოსახლებაც უჩუმრად ჩაივლის. გერმანელები, როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც სკრუპულოზურად უდგებიან. მომეჩვენა, რომ მართლაც ჩაერთვება, თავადაც ბევრ ამბავს მოგვიყვა, როგორ ხდებოდა 50-იანი წლების გერმანიაში ლტოლვილების უზრუნველყოფა.

შეხვედრიდან ლევან გაჩეჩილაძის ოფისში მივდივარ. „ასავალ-დასავლის“ სტატიამ დიდი აურზაური გამოიწვია. ვატყობ, რომ ლევანი დათრგუნულია. არა იმდენად ბიწაძის ინტერვიუს გამო, რამდენადაც იმის გამო, რომ ყოფილი მეგობრები და თანამებრძოლები მხარდაჭერას არ უცხადებენ. მე მგონია, რომ ეს მართლაც უსამართლობაა. ჩვენ ბევრი მძიმე პერიოდი გადავიტანეთ ერთად და მგონია, რომ ამის დავიწყება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა გზით მივდივართ, მე მას თანავუგრძნობ და არ მინდა, რომ ეს სიტუაცია ვიღაცამ პოლიტიკურად გამოიყენოს.

საღამოს ოპოზიციური პარტიების „რვიანის“ ჯგუფის სხდომაა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს განვიხილავთ. დიდი კონტრასტია ლევანის შემდეგ. აქ უკიდურესად საქმიანი გარემოა, მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ხელისუფლებასთან ურთიერთობებში ძალიან ნატიფი დიპლომატიაა საჭირო, ვფიქრობ, 2011 წელი გადამწყვეტი იქნება, საჭიროა გათვლილი ნაბიჯების გადადგმა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მივიღოთ. მგონია, რომ ამას ყველა ვაცნობიერებთ. ამ კვირას დასკვნითი რაუნდია და გეგმების დეტალურად განხილვა მიმდინარეობს.

გვიან ვბრუნდები ოფისში. მოკლე თათბირის შემდეგ რუსი ჟურნალისტი მელოდება, „კომსომოლკიდან“. თავიდან სტანდარტული კითხვა-პასუხია, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ ვითარება იძაბება. საქართველო სულ ორი საუკუნის მანძილზე იყო დამოუკიდებელი (ამას კითხვაში ვითომ სხვათა შორის ამბობს). „არა“, - ვუსწორებ, - „ბევრად მეტი.“

„არა, მე კარგად ვიცი: მე-11-მე-13 საუკუნეები.“

„არა“, - ისევ ვუსწორებ, მაგრამ არ მნებდება. ბოლოს სხვა თემაზე გადააქვს შეკითხვა.

„მაინც, რატომ არის ასეთი ანტირუსული განწყობა საქართველოში და არა რომელიმე სხვა დამპყრობლის მიმართ?“ - მეკითხება. – „მაგალითად, თურქების ან ირანელების...“

„იმიტომ, რომ რუსეთი სულ ბოლო დამპყრობელია.“

„და რა დაგიშავეთ?“

ჩამოვუთვლი 1991 წლის მერე მომხდარ ამბებს: აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენებს, სამხედრო გადატრიალებას და...

„როგორ, თქვენ ფიქრობთ, რომ გამსახურდია არ უნდა დაგვემხო?“ - გულწრფელად უკვირს.

„არა!“ - ვეუბნები. – „ეს თქვენ საერთოდ არ გეხებათ.“

„მას ხომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდოდა?!“

ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ მოსკოვში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ჩვენი მხრიდან ბოიკოტმა საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ შეცვალა. ეს შესაცვლელია ისევ, წინააღმდეგ შემთხვევაში შორეული მეგობრები ვერ გვიშველიან.

დღის ბოლოს „კავკასიაზე“ ვარ. დავით აქუბარდია ქართული მედიის უნიკალური მოვლენაა! მასთან ვერასდროს ვგრძნობ, ეთერში ვარ თუ ოჯახურ წვეულებაზე. მშვიდად მესაუბრება, როცა უნდა, მაწყვეტინებს, მეკითხება, მერე ისევ თვითონ საუბრობს. თემა ისევ დევნილების გამოსახლებაა. თვითონ დათოც აფხაზეთიდანაა და ამ საკითხს ვრცლად უთმობს დროს. ძალიან მტკივა გული, რომ თბილისელები გულგრილად რეაგირებენ. თუ ჩვენ არ გვანაღვლებს დევნილების ბედი, მაშასადამე არც აფხაზეთი გვადარდებს და, შესაბამისად, ვერც დავიბრუნებთ ვერასოდეს. ვცდილობ, ეს ისე ავხსნა, რომ არავინ გავანაწყენო.

21 დეკემბერი, სამშაბათი
სამშაბათ დილას მე და ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის მისიაში მივდივართ შეხვედრაზე. ვატყობთ, რომ ხელისუფლებას ბევრი აქვს ნამუშევარი. დევნილების თემაზე მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ. როდესაც ვეკითხებით, როგორ შეიძლება ადამიანმა თუნდაც გარემონტებულ შენობაში იცხოვროს, თუ ეს შენობა უდაბნოშია და შემოსავლის წყარო არ გააჩნია, რეაქციას ვაკვირდები. ყოველდღე უნდა ამის შეხსენება, როგორც ამას სააკაშვილის მსტოვრები აკეთებენ. რაც მომწონს, ისაა, რომ მე და ვიქტორი ერთად კარგად ვმუშაობთ. ინტერპარტიული დელეგაცია თავისთავად ყურადღებას იქცევს და მეტი ინტერესით გვისმენენ.

სამაგიეროდ, საფრანგეთის ელჩი (მე და ვიქტორი მასთანაც ერთად მივდივართ) კარგადაა ინფორმირებული და კარგადაც ირჯება. ძალიან სამწუხაროა, რომ ერიკ ფურნიეს მალე გასდის უფლებამოსილების ვადა. ეს ადამიანი 2007 წლის 7 ნოემბრიდან საქართველოშია და ვფიქრობ, უცხოელ დიპლომატებს შორის ასეთი დიდი მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან არ ჰყოლია. ერიკი დახმარებას დაგვპირდა და გამოგვისტუმრა.

22 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს მთავარი მოვლენა დევნილების აქციაა რუსთაველზე. ძალიან მიკვირს, რატომ არ მოდის 500 ადამიანზე მეტი, როდესაც 5000-ს ერთ კვირაში გამოსახლება ემუქრება! ამაზე ბევრს ვფიქრობ. ეს ადამიანები იმდენს იტანჯნენ, რომ, მგონი, ყველაფრის იმედი დაკარგეს. ადა მარშანიამ ისეთ ხმაზე უკივლა პირდაპირ ტრიბუნიდან, რომ მგონია, ძალით ჩამოაგდებენ. მაგრამ პირიქით - აპლოდისმენტებია.

„თქვენ გინდათ აფხაზეთის დაბრუნება? არა, თქვენ აფხაზეთში დასაბრუნებელი ხალხი არა ხართ!“ ადა თვითონ აფხაზია და ამიტომაც სარგებლობს განსაკუთრებული ავტორიტეტით.
საღამოს მე და ვიქტორ დოლიძე „მაესტროში“ ერთად მივდივართ ისევ დევნილების თემაზე სასაუბროდ. ვატყობ, რომ ამ ერთკვირიან ჩანაწერებში ვიქტორ დოლიძეს დიდი ადგილი ეთმობა! ;)) გადაცემის წამყვანიც - თეა სიჭინავა - დევნილია და, რაც შეგვიძლია, ყველაფერს დეტალურად მიმოვიხილავთ.

23 დეკემბერი, ხუთშაბათი

ჩვენი ბლოკის ეგიდით თბილისის ათივე რაიონში ახალი ოფისები იხსნება და დასათვალიერებლად მივდივარ. აქტივს ძალიან უხარია, რომ სამუშაო პირობები ექნებათ, ხალისით აწესრიგებენ ყველაფერს. ზოგან ოფისი, პირიქით, დაკეტილი მხვდება და ძალიან ვბრაზობ! აუცილებელია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ნაციონალებს სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს.

ღამე სახლში ისეთი დაღლილი მივდივარ, რომ ძილის თავიც არა მაქვს. ბავშვებს სძინავთ. ნინიკოს და ნიკოლოზს ვკოცნი. ნინი, როცა ღვიძავს, ახლოს არ მიკარებს, ამიტომ მხოლოდ ღამე ვკოცნი ხოლმე. მერე კომპიუტერში იტალიურ და ამერიკულ ფილმებს ვუყურებ. ძალიან მიყვარს ალ პაჩინო და მარლონ ბრანდო! აი, ასე ვისვენებ და ვატარებ ჩემს თავისუფალ დროს ღამის 2 საათზე.

24 დეკემბერი, პარასკევი

პარასკევს, ევროსაბჭოში ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, დევნილებთან შეხვედრებზე გავდივართ. შვიდ სხვადასხვა უბანში მაქვს შეხვედრა, ყველგან დიდი შეშფოთება და შიშია გამოსახლებების გამო. სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სამაჩაბლოელები მეუბნებიან, გადაგვიხადონ კომპენსაცია და თვითონ წავალთ სადმე სოფელშიო. გურამიშვილის ქუჩაზე აფხაზეთიდან დევნილებს ვეკითხები, მართალია, რომ თუ მთავრობა 10 ათას დოლარს გადაგიხდით, თავად დაცლით შენობებს-მეთქი?

ნეტა არ მეთქვა! სუბელიანის მაგივრად მე მიტევენ: „10 ათასად რა ვიყიდოთ?!“ „წავიდეს და სუბელიანმა იცხოვროს ფოცხოში!“ და ა.შ., თავისი მეგრული წყევლებით...

უკვე ბნელდება და ის-ის არის, იმდი მაქვს, რომ გამოვალთ შეხვედრიდან, რომ მანანა ორივე ხელით მეჭიდება:

„კუპატი გვაქვს!“

„მარხვაზე ვარ“ - ვეუბნები.

„ვინეგრეტიც მაქვს.“

მანანას მაინც ვერ მოვერევი და მივყვები. ეს ის მანანაა, რომელიც ოფისში მოვიდა და გვითხრა, მომეცით ბენზინი და რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხესთან, თავს ავიფეთქებო. ახლა ამასთან წინააღმდეგობას რა აზრი აქვს?! ძალიან მიყვარს ჩემი მეგრელი „ზემლიაკები“. ამ უსუფთაო ეზოში, სადაც არც წყალია და არც დენი, ოთახებში საოცარი სიკოხტავეა და სუფრაც ისეთია, თითქოს სოხუმის საკუთარ ოჯახში მასპინძლობდნენ სტუმარს.

25 დეკემბერი, შაბათი

შაბათს, დილაადრიან, ბათუმში მივდივარ. ჩვენი ოფისების გახსნა უკვე რეგიონებში იწყება. გზადაგზა ვაჩერებ და ჩვენი ახალი მოძრაობის, „თავისუფალი საქართველოს“, წევრებს სხვადასხვა რაიონში მოკლედ ვესაუბრებით. მე, ოთო ჭითანავა და გია ყრუაშვილი მივდივართ. ოთოს მანქანის საჭესთან გია ზის. ძილით ვერ ვიძინებ: ჯერ ერთი, მეშინია, როცა საჭესთან სხვა ზის და მეორეც, ოთო მოთქვამს ყოველ „იამაში“ ჩარტყმის შემდეგ.

ბათუმიდან სოფელში მივდივარ, სამეგრელოში. ბებიას ძალიან უხარია! ჩემი ალალი ბიძაშვილი ანანო ჩემზე 32 წლით უმცროსია, ამიტომ მისი ნახვა განსაკუთრებით მიხარია.

დღიურის ბოლო დღე შაბათია. 12 საათზე ქუთაისში ოფისის პრტეზენტაცია გვაქვს დანიშნული. ვფიქრობ, რომ პირველის ნახევარზე გამოვალთ და ოთხის ნახევარზე თბილისში ვიქნებით. მარინა ვაშაყმაძესთან შეთანხმებული ვარ, რომ 6 საათზე უნდა ვიყო რადიო თავისუფლებაში ჩაწერაზე. ანუ, თავისუფლად ვასწრებ. შენც არ მომიკვდე! პრეზენტაცია ორის ნახევარზე იწყება, და ა.შ.

6 საათზე ქუთაისიდან გამოვდივარ. არ ვიცი, მარინას როგორ ავუხსნა, ძალიან მერიდება. 8 საათზე ესემესს ვწერ, რომ გორში ვარ და მალე თბილისში ვიქნები. სულგანაბული ველოდები პასუხს.

„ძალიან მაგარია!“ - მპასუხობს მარინა. აი, ადამიანი, ასეთ დროს რომ გაგიგებს!
XS
SM
MD
LG