Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუთანხმებელი განხეთქილება ნატოში


2011 წლის 2 თებერვალს ორმა ნორვეგიულმა გაზეთმა - „აფტენპოსტენმა“ და „ბერგენს ტიდენდემ“ - დაიწყო სტატიების სერიის გამოქვეყნება, რომელიც ეხება ნატოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოვლენებს.

სტატია სათურით ”შეუთანხმებელი განხეთქილება ნატოში”, რომლის ავტორები არიან პერ ანდერს იოჰანსენი და ტრონდ სტრანდი, ერთ-ერთი პირველია ამ სერიაში. სტატიის ქვესათაურში ვკითხულობთ: ”ამერიკელების აზრით, 'ხუთეულისგან შემდგარი ჯგუფი', რომლის წევრებს შორისაც არიან გერმანია და ნორვეგია, ხელს უწყობენ ნატოში წარმოქმნილი განხეთქილების გაღრმავებას, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთს ეხება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს და რუსეთს შორის გაცხარებული ომის დღეებში, ალიანსის წევრები ერთმანეთში ცხარედ კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ ვისი ხელშეწყობით მოხდა ომის პროვოცირება.”


განხეთქილება

სტატიის საფუძველს წარმოადგენს ავტორებისთვის ”ვიკილიკსის” მეშვეობით ხელმისაწვდომი ის საიდუმლო მასალები, რომლებიც აღწერს 2006 - 2010 წლებში ნატოს უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრებს. სტატიის ავტორების თანახმად, დოკუმენტები ნათლად აჩვენებს თუ რამდენად უფრო ღრმაა განხეთქილება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსში, ვიდრე ამის აღიარება თავად ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ.


ხუთეული

სტატიის ავტორების თანახმად, საიდუმლო დოკუმენტებმა ახალი შუქი მოჰფინეს ნატოში არსებულ განხეთქილებას, რომელიც განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების საკითხს ეხება. მათი აზრით, მიუხედავად ნატოს მცდელობისა, გარეგნულად შთაბეჭდილება შექმანს ალიანსში არსებული ერთობისა, ნატოში გამართული შეხვედრების ანგარიშები სრულიან სხვა სურათს ხატავს. ანგარიშების მიხედვით, ”დისკუსია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმაზე გადასვლის პერსპექტივების ირგვლივ, ძალზე დამუხტულ და პოლარიზებულ ატმოსფერიში მიმდინარეობს”.

სტატიის ავტორები მიუთითებენ ამერიკელების მიერ 2008 წლის 27 ივნისს, ერთ-ერთ ანგარიშში გაკეთებულ შენიშვნაზე, რომლის თანახმადაც, აშშ უკმაყოფილებას გამოთქვამს გერმანიის თაოსნობით შექმნილი ე.წ. ”ხუთეულის” და ამ ჯგუფის მიერ ”პრორუსული არგუმენეტებით” გამოსვლის მიმართ. ამერიკელების აზრით, გერმანია სათავეში უდგას კრიტიკულად განწყობილ ”ხუთეულს”, რომელშიც ასევე შედიან ნიდერლანდი, ესპანეთი, ნორვეგია და ზოგჯერ პორტუგალია. რაც შეეხებათ დიდ ბრიტანეთს, დანიასა და იტალიას, ამერიკელები მათ ახასიათებენ, როგორც ”მერყევ დასავლეთს”, რომელებიც, როგორც წესი, შეხვედრებზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან. საკუთარ თავს ამერიკელები, აღნიშნავენ სტატიის ავტორები, კანადელებთან, პოლონელებთან, ჩეხებთან, რუმინელებთან და ბულგარელებთან ერთად, ე.წ. ”პროჯგუფს” მიაკუთვნებენ.


გადარეული

”ნატოში გამართული გასაიდუმლოებული შეხვედრებისას”, - ვკითხულობთ სტატიაში, - ”გერმანია ალიანსს 'ახალი კვიპროსის იმპორტირების' წინააღმდეგ აფრთხილებდა. თავის მხრივ აშშ გერმანიის პოზიციაში, ალიანსის გაფართოების ჩაშლის მცდელობას ხედავდა.”

სტატიის ავტორების ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ალიანსის ცალკეული წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ საქართველოს და მისი პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული მკვეთრი კომენტარები. ”ნიდერლანდელები”, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - ”საქართველოს 'მოუმწიფებელ დემოკრატიად', ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი ემოციურ, კორუმპირებულ და არასანდო ლიდერად ახასიათებდნენ. გერმანელმა პარლამენტარებმა მას გადარეული და საშიში უწოდეს.”

”გერმანელი სახელმწიფო მოხელეების აზრით”, - განაგრძობენ პერ ანდერს იოჰანსენი და ტრონდ სტრანდი, - ”საქართველო რუსეთთან ომის შემდეგ კიდევ უფრო შორს დგას ნატოს წევრობისგან ვიდრე ოდესმე მდგარა”. ავტორები, თავის მხრივ, მკითხველს განუმარტავენ, რომ უკრაინა და საქართველო ამჟამად ლოდინის პოზიციაში იმყოფებიან, რაც, მათი სიტვებით, ნატოს ფორმალურ წევრობასთან ახლოსაც კი ვერ მივა.

საიდუმლო ანგარიშებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე სტატიის ავტორები რუსეთთან დამოკიდებულებაში ნატოში არსებული განხეთქილების მთავარ მიზეზად ”რუსულ დათვთან ურთიერთობის გაცივების შიშს” ასახელებენ.


საშინელების მოლოდინი

როგორც ავტორები აღნიშნავენ, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომი აღქმულ იქნა, როგორც ნატოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა. ავტორების აზრით, ანგარიშებმა მთელი სიცხადით გამოავლინა ნატოში არსებული შიდა პრობლემები. ამავე ანგარიშებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ომის აფეთქებას წინ უძღოდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ინიციატივით ნატოში საქართველოს სამომავლო გაწევრიანების საკითხის გადადება. ამას გერმანია ნატოში ერთიანობის შენარჩუნების აუცილებელ პირობად ასახელებდა. ანგარიშები იმასაც იუწყება, რომ აშშ მკაცრი გაფრთხილებით გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ ეს იყო უკიდურესად საშიში სტრატეგია, რომელიც ომის პროვოცირებას უწყობდა ხელს.

სტატიაში მოყვანილია ნატოს ხელმძღვანელობისადმი აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, დენ ფრიდის, მიმართვა, რომელიც თარიღდება 2008 წლის 25 ივლისით. დენ ფრიდის სიტყვებით, ”ამგვარმა მიდგომამ რუსეთს შესაძლოა, პერვერსული იმპულსი მისცეს იმისთვის, რომ მან რაღაც საზარლის სტიმულირება შეძლოს.”

”პერვერსული იმპულსი”, - ვკითხულობთ სტატიაში, - ”ნიშნავს, მიაღწიო სწორედ იმის საპირისპიროს, რისი მცდელობაც გაქვს. ორი კვირის თავზე, ომი ფაქტი იყო”.


ქაოსური შეხვედრა კრიზისის ფონზე

12 აგვისტოს, გაცხარებული ომის დღეებში, ნატოს უმაღლესმა ორგანომ – საბჭომ – გამართა კრიზისული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, განეხილათ, თუ როგორი რეაგირება უნდა მოეხდინა თავდაცვის ალიანსს ნატოს წევრობის მაძიებელ ქვეყანაში გაჩაღებულ ომზე. იოჰანსენი და ტრონდი ხაზს უსვამენ ამ შეხვედრის უშედეგოდ დასრულებას, რომლის დროსაც ”საბჭო პრესრელიზზეც კი ვერ შეთანხმდა”. საიდუმლო ანგარიშების თანახად, ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი რუსეთის მკაცრი ფორმით გაკრიტიკების მომხრე იყო. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა გერმანია, რომელიც სიტყვა ”დაგმობის” შემცველ ტექსტს უარყოფდა.

სენსაციურს უწოდებენ სტატიის ავტორები ნატოში აშშ-ის ელჩის კუთვნილ დოკუმენტებს. ამ დოკუმენტების თანახმად, ზემოთ აღნიშნული შეხვედრის დიდი ნაწილი იმაზე კამათს დაეთმო, თუ ნატოს წევრ რომელ ქვეყნებს მიუძღოდათ ბრალი საომარი მოქმედებების გაჩაღებაში. მთავარ თემად 2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება (ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების კანდიდატობის დადასტურების შესახებ) იქცა. ალიანსის წევრთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი რუსული აგრესიის პროვოცირებას. ამერიკელი დიპლომატების დოკუმენტებიდან ამოღებული ინფორმაციის თანახმად, ნატოში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის კანადა, ამერიკის პოზიციას ემხრობა. ამ პოზიციის თანახმად, რუსეთმა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმაზე გადასვლაზე უარის მიღება ჩათვალა, როგორც მწვანე შუქი საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებისთვის, აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ხაზი ესმება ასევე იმ გარემოებას, რომ ოფიციალური განცხადების გაკეთება ნატომ ომის გაჩაღებიდან მხოლოდ თერთმეტი დღის, ხოლო კრიზისული შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, შეძლო.

სტატიის ბოლოს მოყვანილია იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთაც სტატიის ავტორები ნატოში არსებული განხეთქილებების მთავარ მიზეზებად ასახელებენ. ერთ-ერთი მათგანი ეხება რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განლაგებას, რის შესახებაც 2009 წლის იანვარში გახდა ცნობილი. სტატიის ავტორების თანახმად, ნატოში შემავალი ქვეყნების ერთი ნაწილის მოთხოვნა, ნატოს მკვეთრი რეაქცია მოეხდინა რუსეთის ამ განზრახვაზე, ასევე უშედეგოდ დამთავრდა. ამის მიზეზად კვლავ ალიანსში არსებულ ზედმეტად დიდ უთანხმოებას ასახელებენ პერ ანდერს იოჰანსენი და ტრონდ სტრანდი სტატიაში „შეუთანხმებელი განხეთქილება ნატოში.“

(მოამზადა ეკატერინე დვალმა)
XS
SM
MD
LG