Accessibility links

ახალი ამბები

გამსახურდია დაამტკიცეს მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლად

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პარტია "თავისუფლების" ლიდერი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა - იუწყება სააგენტო GHN-ი. საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ორი კვირის წინ მიმართა. კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენ კომისას ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი იყო.

ყველა ახალი ამბავი

პაატა იმნაძე: წითელას ეპიდემიის ზღვარზე ვართ

ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი გადაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ.

„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრეზიდენტ ტრამპს კონგრესში ანგარიშით გამოსვლაზე უარი უთხრეს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ოთხშაბათს წერილობით შეატყობინა თეთრ სახლს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო კვირაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით ვერ წარდგება. პელოსის ეს წერილი იყო რეაქცია ტრამპის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ იგი კონგრესში ყოველწლიური მიმართვით გამოსვლას მაინც აპირებდა იმის მიუხედავად, რომ გამოსვლის გადადება სთხოვეს, სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილის საქმიანობის შეჩერების გამო.

ტრადიციულად წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის მეთაურს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით კონგრესის წინაშე წარსადგომად სპეციალური რეზოლუციით იწვევს. პელოსიმ თავიდან ტრამპს კონგრესში მიმართვის გაკეთება შესთავაზა, თუმცა მოგვიანებით თავისი პოზიცია შეცვალა კონგრესში პრეზიდენტის უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობის გამო.ბოლო წერილში სპიკერი თავის უარს „შათდაუნის“ გახანგრძლივებით ხსნის.

„ვწერ, რათა გაცნობოთ, რომ წარმომადგენელთა პალატა ვერ განიხილავს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით მიწვევის რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზში მანამ,სანამ ფედერალური სამთავრობო დაწესებულებების მუშაობა სრულად არ განახლდება“- აღნიშნულია ნენსი პელოსის წერილში.

დონალდ ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ იგი „ალტერნატიულ გამოსავალს“ მოძებნის. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ანგარიშით წარდგება სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის განახლების შემდეგ. სპიკერის გადაწყვეტილებას მან „სამარცხვინო“ უწოდა. ტრამპის თანახმად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სიმართლის მოსმენა არ სურს.

საქართველომ დროებით პრეზიდენტად აღიარა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.

საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – წერს ზალკალიანი.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი და ფიცი დადო.

კარაკასში გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს ხელისუფლების უზურპაცია, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ჩაატაროს პატიოსანი საპრეზიდენტო არჩევნები.ვენესუელაში გრძელდება აქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

მედიის თანახმად, ხუან გაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისათვის აღიარეს: აშშ-მა,კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პერუმ, პარაგვაიმ, გვატემალამ, კოსტა რიკამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დღეს ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

24 იანვარს გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ბოლო დროის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის უვადო მოსამართლეობის კანდიდატების გამწესების საკითხსაც განიხილავს.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობითაა მიწვეული. სხდომას დაესწრება ეკა ბესელიაც, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 27 დეკემბერს დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი დაასახელა. მის გადაწყვეტილებას პარტიის ძველ და ახალ წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11 საათისთვის დაინიშნა.

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის წაუყენეს

22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალად შემაკავებელი ორდერის დარღვევა ედება. ოფიციალურად ბრალი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მას 23 იანვარს წარუდგინეს.

ლელა ქსოვრესლის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ლელა ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს, 24 იანვარს იმსჯელებს.

ლელა ქსოვრელი 22 იანვარს დააკავეს, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მას ბავშვთან კონტაქტი აკრძალული ჰქონდა. საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერი ლელა ქსოვრელს 6 იანვარს გამოუწერა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში დაესწრო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები.

როგორც სხდომის შემდეგ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, "ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს არაჩვეულებრივი მოკავშირეა... ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები - ევროკავშირი და ნატო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება. აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატოსთან ერთად, რომ შავმა ზღვამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი დანიშნულება, რომ იყოს ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი, თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მოსკოვში გაიმართა ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის შეხვედრა

რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვში, 2019 წ. 23 იანვარი.

მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის. შეხვედრის მთავარი თემა იყო სირიის კონფლიქტის დარეგულირება.

კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა, რაც რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა ვაშინგტონმა. პუტინმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა ისარგებლონ ვაკუუმით, რომელიც აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ გაჩნდება რეგიონში.

ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად ლიდერები შეთანხმდნენ გააგრძელონ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და სირიის აღდგენაზე იზრუნონ კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი

ხუან გუაიდო

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი და ფიცი დადო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად ცნო გუაიდო სახელმწიფოს მეთაურად. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.

კარაკასში გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს ხელისუფლების უზურპაცია, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ჩაატაროს პატიოსანი საპრეზიდენტო არჩევნები.

ვენესუელაში მესამე დღეა გრძელდება აქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამშაბათს ღამით დემონსტრაციის დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის 16 წლის მოზარდი.

იენს სტოლტენბერგი: არასოდეს შევეგუებით, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს, რის უფლება აქვთ მეზობლებს

სალომე ზურაბიშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში. 2019 წ. 23 იანვარი.

23 იანვარს ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში მისი პირველი საგარეო ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კავშირები ნატოსთან.

"ჩვენ დავიცავით საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ეს მისწრაფება გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები, და ეს რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად და იქნება ჩემი ექვსწლიანი მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს წვლილზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზების პროცესზე, ასევე შეეხნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს. საგანგებო ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებთან ნატოს თანამშრომლობას.

პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგიმა თქვა, რომ საქართველო ნატოს ძალიან ღირებული პარტნიორია და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ალიანსის საერთო უსაფრთხოების საქმეში.

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ მუშაობა, იმისთვის რომ მოვამზადოთ საქართველო ნატოს წევრობისთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე აძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ჩვენი ერთობლივი წვრთნების ცენტრის მონაწილეობით. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აღწევთ რეფორმების კუთხით, რომელიც მოიცავს უფრო ეფექტიან უსაფრთხოებასა და თავდაცვის ინსტიტუტებს, ასევე თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არავის აქვს უფლება შეეცადოს ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას.

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით, რომ რუსეთმა იქონიოს გავლენის სფეროები, სადაც ის გადაწყვეტს, რის გაკეთება შეუძლიათ მეზობლებს და რის - არა,“ დასძინა სტოლტენბერგმა.

სალომე ზურაბიშვილი: ბრიუსელში პირველ ვიზიტს ალტერნატივა არ ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი. ბრიუსელი, 2019 წ. 23 იანვარი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. 23 იანვარს იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ფედერიკა მოგერინისთან (მარცხნივ).
სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ფედერიკა მოგერინისთან (მარცხნივ).

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოგერინის თქმით, საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა.

სალომე ზურაბიშვილი ანტონიო ტაიანისთან შეხვედრის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

დღესვე გაიმართა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ევროპის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, ალტერნატივა არ ჰქონდა იმას, რომ მას პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში ექნებოდა, რადგან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პროევროპული ქვეყანაა.

ანტონიო ტაიანი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს საპარლამენტო დონეზე. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ქართველები ევროპელები არიან და ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა თავის მხრივ ანტონიო ტაიანიმ.

ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში პოლიციას ჩაბარდა

ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეპარდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.

არაგანზრახი მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი თბილისში პოლიციას ჩაბარდა. შეპარდს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეპარდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.

ჯეკ შეპარდი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში უარყოფს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვით 2015 წლის დეკემბერში ჯეკ შეპარდმა, რომელიც მაშინ 28 წლის იყო, ნასვამ მდგომარეობაში მდინარე ტემზაზე დიდი სისწრაფით მოძრავი საკუთარი კატერი ვერ დაიმორჩილა. ის უარყოფს, რომ ნასვამი იყო. კატერის ამოტრიალების შედეგად დაიღუპა შეპარდთან ერთად მყოფი 24 წლის შარლოტა ბრაუნი.

"ბიბისის" ცნობით მან ლონდონი 2018 წლის მარტში დატოვა, სასჯელი კი დაუსწრებლად ივლისში მიუსაჯეს. შეპარდმა აგვისტოში მიმართა სასამართლოს და განაჩენის გასაჩივრების უფლება ითხოვა. დეკემბერში მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს. 22 იანვარს ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა და ბრიტანეთისა და საქართველოს სამართალდამცველები ერთობლივად ცდილობდნენ მისი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენას.

23 იანვარს არაგანზრახი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციას ჩაბარდა. ქართული მხარე შეპარდს ბრიტანეთს გადასცემს, სადაც მას საშუალება ექნება გაასაჩივროს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი.

ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ფონზე, ბულგარეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა რუს მილიონერს

ბულგარეთში რუს მილიონერს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ფონზე "ოქროს პასპორტის" სახელით ცნობილი სქემის ირგვლივ. სერგეი ადონიევს მოქალაქეობა მაისში ჩამოერთვა, თაღლითობის გამო აშშ-ში 20 წლის წინ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე - განაცხადა ბულგარეთის იუსტიციის სამინისტრომ 23 იანვარს. ამ განცხადების ფონია სოფიას მიერ 22 იანვარს გავრცელებული ცნობა, რომ ბულგარეთი აპირებს დაასრულოს პრაქტიკა, რომელიც მდიდარ უცხოელებს მოქალაქეობის ყიდვის საშუალებას აძლევს, ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ. ბულგარეთი 2007 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და მის მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ ევროკავშირში გადაადგილება. თუმცა, ბულგარეთს ასევე სურს შეუერთდეს ევროპის უპასპორტო შენგენის ზონას.

ხაჭაპურს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 22 იანვრის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს „გუნდა“ და კერძო პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი.

„ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში“,- ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ერდოანი მოსკოვშია სირიის საკითხზე სალაპარაკოდ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მართავს შეხვედრას სირიაში ანკარის მიერ შეთავაზებული "უსაფრთხოების ზონის" შესახებ. კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინი და ერდოანი "ისაუბრებენ სირიაში ვითარების გადაწყვეტის პროცესზე, ისევე, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში". ერდოანთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი. სირიაში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით რუსეთი და თურქეთი საპირისპირო პოზიციებზე არიან. რუსეთი მნიშვნელოვან დახმარებას აწვდის სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, თურქეთი კი მთავრობის ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციურ ძალებს უჭერს მხარს. მაგრამ რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ სირიაში სახმელეთო ოპერაციების კოორდინირებაზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეკემბერში მოულოდნელად გამოაცხადა, რომ სირიიდან გაიყვანს 2000-მდე ამერიკელ სამხედროს.

რუსეთი იცავს თავის პოზიციას ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებასთან მიმართებით

რუსეთმა მასშტაბური პრეზენტაცია გამართა თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, რომ ახალი რაკეტა, რომელიც აშშ-სთან და ნატოსთან უთანხმოების საგანია, არ არღვევს ცივი ომის პერიოდის ხელშეკრულებას საშუალო რადიუსის ატომური შეიარაღების შესახებ (INF). 23 იანვარს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე უცხოეთის სამხედრო წარმომადგენლები იყვნენ დაპატიჟებული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აშშ ამ ხელშეკრულებიდან გავა და ამის მიზეზად დაასახელა რუსეთის მხრიდან დარღვევები, ისევე, როგორც შეშფოთება, რომ აშშ-ს ეს ხელშეკრულება ზღუდავს, მაშინ, როცა ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, შეზღუდულები არ არიან. დეკემბერში ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ დაიწყებს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს, თუ რუსეთი 60 დღის ვადაში არ დაემორჩილება მის პირობებს. აშშ ამბობს, რომ რუსეთის 9M729 რაკეტა "ნოვატორი" არღვევს ხელშეკრულებას, რომელიც ორ ქვეყანას უკრძალავს ფლობდნენ, ქმნიდნენ ან იყენებდნენ 500-დან 5000 კილომეტრის რადიუსში მოქმედ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. რუსეთი უარყოფს ხელშეკრულების დარღვევას. მოსკოვში გამართულ პრეზენტაციაზე გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილ მატვეევსკიმ - რუსეთის არმიის სარაკეტო და საარტილერიო ძალების ხელმძღვანელმა - თქვა, რომ 9M729 რაკეტის მაქსიმალური რადიუსი 480 კილომეტრია.

მოჭიდავეების შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! - სპორტსმენების აქცია ბათუმში

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია გამართეს სპორტსმენებმა ბათუმში. აქციაში მონაწილეობდნენბერძნულ-რომეული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები და ვეტერანი სპორტსმენები. ისინი გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ რომ სალიცენზიო წელია, სპორტსმენებს ბევრი შეჯიბრი აქვთ და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავება ჭიდაობას და ქვეყანას დააზარალებს:

„შემთხვევითი ინციდენტი მოხდა, რასაც ცხადია ვგმობთ. მაგრამ მოჭიდავეებს შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! არ გვინდა გუნდი ორად გაიხლიჩოს. ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში. გეგეშიძე ჩხუბს აშველებდა და ამ დროს ორჯერ გალახეს. კადრებში კი მხოლოდ ის ჩანს, რომ იგი ურტყამს სპორტსმენს. საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, რაც დაუშვებელია,-" განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ გეგა გეგეშიძის დაპატიმრებას. ცოტა პოლიტიკურად გაზვიადებული ​თემაა. აქ იყო შეხლა- შემოხლა, არც დარტყმა გვიხილავს'',- ამბობს აქციაზე მისული მწვრთნელი,თემურ ცანავა.

აჭარის ჭიდაობის ფედერაცისის პრეზიდენტის ანზორ ლაზიშვილის თქმით კი თავად მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილიც ძალიან ცუდ დღეშია, რადგან მისი ფედარაციის პრეზიდენტია დაჭერილი.

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომ თავი ვერ შეიკავა, მაგრამ ხდება ხომ ადამიანები ვართ. ის რომ ორჯერ გალახეს და პრეზიდენტს დაარტყეს ხელი, 2000 კაცის წინაშე, ეს ხომ ყველამ დავინახეთ. თვითონ დათუნაშვილიც ძალიან ცუდ დღეშია, მისი პრეზიდენტი დაჭერილია. ვიღაცამ გამოიყენა, შეცდომაში შეიყვანა ეს ახალგაზრდა კაცი“ ,- განაცადა აჭარის ჭიდაობის ფედერაცისის პრეზიდენტმა ანზორ ლაზიშვილმა.

აქციაში 20- ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ისინი ჟურნალისტების წასვლის შემდეგ დაიშალნენ.

ტყვარჩელში დონეცკელ ინვესტორებს ელიან

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში ელიან ინვესტორებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, რომლებმაც, შესაძლოა, იქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყონ. ამის შესახებ განაცხადა ტყვარჩელის დე ფაქტო ადმინისტაციის ხელმძღვანელმა აიდა ჩაჩხალიამ. მისი თქმით, აქამდე ტყვარჩელში თურქული კომპანია მუშაობდა, რომელმაც შემდეგ სახელი შეიცვალა და, საბოლოოდ, ოპერირება შეწყვიტა. აიდა ჩაჩხალიას ცნობით, უკვე შედგენილია საპროექტო დოკუმენტაცია და შერჩეულია მაღარო, სადაც დონეცკელებმა ქვანახშირი უნდა მოიპოვონ.

ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა აღდგება - პირობას საპატრიარქო დებს

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ჯვრის მონასტრის სიახლოვეს მომუშავე გარემოვაჭრეებმა, მიიღეს პირობა, რომ გარევაჭრობის განახლების წინააღმდეგი არ იქნებიან. გარევაჭრობისთვის კი ალტერნატიული ფართი გამოიყოფა.

„დაითქვა ორი დღის ვადა. ამ პერიოდში მერია ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო დახლებს ამოიტანს და ჩვენ შევძლებთ ცივილური ფორმით გავაგრძელოთ ვაჭრობა. რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა“, -უთხრა ინტერპრესნიუსს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვრის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვრის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.

PACE ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გააადვილონ დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებების ხშირ დარღვევებთან და კორუფციასთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ - აშშ-ში და ზოგ სხვა ქვეყანაში მოქმედი „მაგნიტსკის კანონის“ ანალოგიურად.

საპარლამენტო ასამბლეის აზრით, შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი და უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებების დამრღვევებსა და ელიტებს.

მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს რუსეთის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, გამოიძიოს წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. ამასთან, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს ჯერ არ გაუკეთებია, პირიქით, ის განაგრძობს უილიამ ბრაუდერის დევნას, რომელიც აშშ-ში მაგნიტსკის კანონის მიღების ინიციატორი იყო.

გალის რაიონის მოსახლეობა აპროტესტებს დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას

23 იანვარს აფახაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გამართა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც აპროტესტებს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას. როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, H1N1 ვირუსის გავრცელების გამო თვითგამოცხადებული რეპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მდინარე ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვა შემოიღო.

მოძრაობის შეზღუდვამ მრავალი პრობლემა გაუჩინა გალის რაიონის მოსახლეობას, რომელიც სხვადასხვა მიზნით ხშირად კვეთს ე.წ. საზღვარს. გალელები თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დადიან სამუშაოდ, სასწავლად, სამკურნალოდ, სოციალური გადარიცხვების მისაღებად, სავაჭროდ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.

გაზეთის თანახმად, ადმინისტრაციის შენობასთან 80-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ნადარაია შეხვდა აქციის წარმომადგენლებს და შეეცადა აეხსნა გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა. „აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს ზომები დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ აფხაზეთში ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აფახაზეთში H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა,“ განაცხადა ნადარაიამ.

შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული რამდენიმე კერძო შემთხვევა.

მაიკ პომპეო: დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხის შესამცირებლად

მაიკ პომბეო დავოსის ფორმუზე ვიდეოჩართვისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი „არ არიან განწირული ცივი ომის ქიშპობისთვის“, მაგრამ დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხის შესამცირებლად.

პომპეომ თქვა, რომ კრემლმა უნდა შეცვალოს „თვალთახედვა და ქცევა“, და რომ საჭიროა მოსკოვთან მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. ეს განცხადება პომპეომ 22 იანვარს გააკეთა მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე პირდაპირი ვიდეოხიდით. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტის, „შატდაუნის“ გამო პომპეო არ წაუსულა დავოსში.

პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „დაუბრუნდება მოქმედებების სწორ კურსს... რომელიც მას კანონის უზენაესობის, წესრიგისა და თავისუფლების გზაზე გაუძღვება.“

პომპეომ ასევე ოპტიმიზმი გამოთქვა ჩინეთთან ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 30-31 იანვარს შედგება, და ბირთვული იარაღის საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ იონ უნს შორის.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი სავარაუდოდ დალია

ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში წყლის ნაცვლად სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის სახელობის კლინიკის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში მკურნალობს. კლინიკის თანახმად, გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იგი კლინიკაში რჩება. როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი კარგადაა, საკვებსაც ღებულობს და ამ დღეებში გაწერენ კიდეც კლინიკიდან.

შემთხვევას, რომელიც 21 იანვარს მოხდა, მამუკა შამილიშვილი შემდეგნაირად აღწერს:“ ვირუსებთან დაკავშირებით ჯგუფების დეზინფექციას ამ ხსნარით დღეში ორჯერ ვატარებთ. დილით ძიძამ დეზინფექცია რომ ჩაატარა, გაზავებული სითხე დარჩა და შესანახ კონტეინერში მის ჩაბრუნებას აპირებდა.ამ დროს შემოსულან ბავშვები. ერთი ბავშვი ძიძას სამზარეულოში შეჰყოლია და წყალი მოუთხოვია. წყლის დასხმის დროს ძიძას ინსტიქტურად დაუდია სითხიანი სინჯარა მაგიდაზე. სანამ ეს ჭიქა აივსებოდა, მოვბრუნდი და ტუჩებთან ჰქონდა უკვე მიტანილიო-ასე გვითხრა ძიძამ. ბავშვის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მას სითხე სავარაუდოდ დალეული არ აქვს, მაგრამ პირის ღრუში მოხვედრილია. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.“- გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს. მამუკა შამილიშვილის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზომები იქნება გატარებული ძიძის მიმართ. არ გამოირიცხება მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც.შსს-ს თანახმად, მოკვლევა დაიწყეს სამართალდამცავებმაც.

ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა. ის სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ თანამშრომლებთან ერთად ცოხნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. სოციალური საწარმო „ლიდერში“, იძულებით გადაადგილებული და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები არიან დასაქმებული. სამკერვალო საკუთარი მოგების ნაწილს გამყოფ ხაზთან მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ხარჯავს. დღეს საწარმო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცოხნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. მათ პროდუქტი, წიგნები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ.

„დღეს ამ ოჯახს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელითაც დავეხმარეთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთ ოჯახს, არამედ ამ სოფლებში მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ ყველა ოჯახს ხუთი წელია ვეხმარებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში - გაზიფიცირებით, წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებით, ამბულატორიებით, სწავლის საფასურის გადახდით და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ სოფლების მხარდაჭერას და განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ისეთ აქტივობებს, საწარმოებს, რომლებიც არა მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, არამედ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აშშ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გამოაქვეყნა ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი მიმართვა. აქციები 23 იანვარს იმართება.

პენსი აქტივისტებს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით უცხადებს ვაშინგტონის მხარდაჭერას. ის აღნიშნავს, რომ ვენესუელელი ხალხი იცავს თავისუფლებას და ხმას იმაღლებს მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს კარაკასის მიმართ თეთრი სახლის პოზიციაზე: ვაშინგტონი ვენესუელის ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

მადურო 2013 წელს გახდა ვენესუელის პრეზიდენტი. ის განმეორებით აირჩიეს 2018 წლის მაისში, მაგრამ არჩევნები მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-მა, დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. მადუროს აკრიტიკებენ დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ასახულია „მრავალგვარი“ საფრთხე რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, დენ კოუტსი

აშშ-ში გამოქვეყნდა ანგარიში „ეროვნული დაზვერვის სტრატეგია“, რომელშიც „სულ უფრო მრავალგვარ“ საფრთხეს შორის დასახელებულია რუსეთის ძალისხმევა, გაზარდოს თავისი გავლენა და ჩინეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია.

„ეროვნული დაზვერვის სტრატეგიით“, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება, ხელმძღვანელობს აშშ-ის დაზვერვის 17 სააგენტო. საფრთხეებს შორის სახელდება აგრეთვე ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების მცვდელობა, აშშ-ის მოწინააღმდეგეების კიბერუნარების გაზრდა და გლობალური პოლიტიკური დესტაბილიზაცია.

ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, მსოფლიო „სულ უფრო კომპლექსური და არამყარია“, „საფრთხეები სულ უფრო მრავალგვარი და ურთიერთდაკავშირებული ხდება“.

ანგარიშის პირველი ნაწილი ეთმობა საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს „ტრადიციული მოწინააღმდეგეებისაგან“ - ავტორების განმარტებით, ეს მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ისარგებლონ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის დასუსტებითა და დასავლეთში იზოლაციონისტური ტენდენციების გაძლიერებით.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG