Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზოლატორებიდან „სახალხო კრების“ 11 აქტივისტი გაათავისუფლეს


თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წუხელ 11 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელიც 26 მაისს მოვლენების დროს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მათ შორის არიან "რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი მურმან დუმბაძე. "თბილისის მთავარ სამმართველოში ადამიანების ცემა არ ხდება, იქ ადამიანებს აწამებენ. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. შესვლის დროს ძალიან ბევრი სისხლი, ბამბა და ბინტი დავინახე. გათენებამდე იქ ვიყავი და სხვა ოთახებიდან მესმოდა ხმები, რაც წამებაზე მიუთითებდა. ეს პოლიტიკური რეპრესიაა, მაგრამ მე იგივე ჭკუაზე ვრჩები", - აღნიშნა დუმბაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას. მისივე თქმით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, დაკავებულები რამდენიმე დღე მშივრები იყვნენ, ჰიგიენური ნორმების დაცვა კი საერთოდ არ ხდებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში, კერძოდ, თელავის, სიღნაღისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში 26 მაისს დაკავებული სულ 18 პატიმარი რჩება. აქედან, თელავის იზოლატორში 7 პატიმარია მოთავსებული. მათ 35, 40 და 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 26 მაისის მოვლენების დროს 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
XS
SM
MD
LG