Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ ჯაშუშობის მუხლით აღიძრა საქმეები


თბილისში გამთენიისას დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს საიდუმლო გრიფით იძიებენ. ერთ-ერთი დაკავებულის, გია აბდალაძის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის განმარტებით, შესაბამისად გასაიდუმლოებულია სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ერთადერთი, რაც ადვოკატმა აღნიშნა ის არის, რომ საქმე ჯაშუშობის მუხლითაა აღძრული. კიდევ ერთი ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოში ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს წარმომადგენელი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო სააგენტო Associated Press-ის ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც. მან შსს-ს ”მოდულის” შენობა 12 საათისთვის დატოვა და ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა და მას კორექტულად ექცეოდნენ.
XS
SM
MD
LG